პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლოსთან და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით
პაველ ჰერჩინსკი კანდიდატის სტატუსზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა. მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ამასთან, კითხვაზე, განიხილეს თუ არა იმპიჩმენტის თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა: „ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო“.
როგორც ელჩი განმარტავს, ივნისის ბოლოს მოხდა ზეპირი განახლება და ევროკომისიამ შეაფასა, რომ 12 პრიორიტეტიდან 3 სრულად იყო შესრულებული – ივნისის ბოლოდან რამდენიმე თვეა გასული. ჰერჩინსკი ხაზს უსვამს, რომ აშკარა პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული.
“ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე.
ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა დარჩენილი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გამართავენ შეხვედრას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.” – აღნიშნა ელჩმა.
● ევროკავშირის კომისარი: საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია
● ორი აზრი: უნდა მისცენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში?
● ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
14 სექტემბერს ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული და ხაზი გაუსვა, რომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში ანგარიში მზად იქნება.
ევროკავშირის კომისარმა 22 ივნისსაც აღნიშნა, რომ საქართველოს 12 პუნქტიდან სრულად შესრულებული ჰქონდა სამი, შვიდი კი – ნაწილობრივ. ვარჰეიმ მაშინ განმარტა, რომ სრულად შესრულებულია შემდეგი რეკომენდაციები: გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ; სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესის გამჭვირვალობის შესახებ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ შეფასება 12-დან მხოლოდ 3 შესრულებული რეკომენდაციის შესახებ მანიპულაციაა. კობახიძის თქმით, თუ “მანიპულაციურ განმარტებას” გავყვებით, გამოდის, რომ უკრაინამ 7-დან მხოლოდ 2 პუნქტი შეასრულა და “საერთოდ გულგრილობა გამოუვლენია”.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიამ დასკვნა 2022 წლის 17 ივნისს მოამზადა. შედეგად, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და დაეკისრათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალა, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.