ცვლილებები კანონში: "ქართულ ოცნებას" შეეძლება, ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ
პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის
“თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, IPN-ის მიერ მოპოვებული კანონპროექტით, “ქართული ოცნება” აბრუნებს შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვამდე 5 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულებას. 2023 წლის 14 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი შეტყობინების ვალდებულება არაკონსტიტუციურია, რადგან სპონტანურ შეკრებას შეუძლებლად აქცევს.
ცვლილებები “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ხორციელდება, რომელიც პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს.
რას ითვალისწინებს ცვლილებები
➜ სპონტანური ან არასპონტანური შეკრებების ან მანიფესტაციების ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შსს გააფრთხილოს.
➜ გაფრთხილების მიღების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სხვა სვლაგეზის ცვლილება, იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი, ანდა სვლაგეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა, ანდა ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
➜ წესდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე – არაუგვიანეს 5 დღისა
➜ თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები, შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ანდა სვლაგეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დასთანხმდებიან და შეკრებას ანდა მანიფესტაციას, მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით.
➜ ამასთანავე, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
“ქართულმა ოცნებამ” პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ბოლო ამკრძალავი კანონები 16 ოქტომბერს დაამტკიცა, რომლის მიხედვით აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება – ოცნების ხელისუფლებამ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეიტანა.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ დაპატიმრებების ტალღა და რეპრესიული კანონები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ახალი რეპრესიული კანონებისა, უწყვეტი აქციები არ გაჩერებულა და პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავა.