პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარტიების აკრძალვა საქართველოში
“ქართული ოცნების” პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
მომხრე იყო 80, მოწინააღმდეგე – არცერთი.
ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
“წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება”. – წერია ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტში.
დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან “ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.”
მანამდე, 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გეგმავს. ეს განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა.
მდინარაძემ ეს ინიციატივა ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიისთვის ერთთვიანი სამუშაო ვადის გახანგრძლივებით ახსნა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით, “შიდა და გარე ძალებს” სპეკულაციის საშუალებას არ მისცემენ, რომ ოცნებამ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე.
ასევე, მისი განმარტებით, ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაანახებს “ქართული ოცნება“ ყველას, რამდენად უშედეგოა საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა.
“რაც შეეხება, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა.“ – განაცხადა მდინარაძემ.