პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოსმენების კანონი მიიღო
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოსმენების კანონი მაინც მიიღო.
კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
აღნიშნული კანონი ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას მისცემს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს და ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე აქამდე უსმენდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებით, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მოსმენა და თვალთვალი შესაძლებელი ხდება დამატებით 27 დანაშაულზე.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იზრდება ფარული მოსმენების ვადაც – 6 თვიდან 9 თვემდე, ხოლო 100 დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება უვადოდ გაგრძელდეს, თუკი სასამართლო პროკურატურას ამის ნებართვას მისცემს.
ასევე, ახალი კანონით, გამოძიება თავისუფლდება შეტყობინების ვალდებულებისგან მათ მიმართ, ვისზეც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, რიგი დანაშაულების შემთხვევაში.
● სალომე ზურაბიშვილი: ისეთ ქვეყანაში ვართ, საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი ხომ არ დავტოვოთ
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
● დაუსჯელობა, სასამართლო, მედია და სააკაშვილი. რა წერია სახდეპის ახალ ანგარიშში
7 ივნისს “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, ხოლო პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას.
ვენეციის კომისიის მიხედვით:
● საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა.
● კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ზომები უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ვიწრო ინტერპრეტაციით სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო მიღებული ცვლილებები, დაუსაბუთებლად და აჩქარებული წესით და ა.შ – ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ “ეს არის ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები”.