"ომში დამარცხებულები გამოკვეთილნი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით" - პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესია შეაჯამა
პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესია შეაჯამა
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე ჰყავს “ორი გამოკვეთილი დამარცხებული — უკრაინა და ევროკავშირი.” მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა “პოლიტიკური უმწიფრობისა“ და “სეგრეგაციისკენ მიდრეკილების“ მაგალითია. ეს შეფასებები პაპუაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შეჯამებისა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას გააკეთა, სადაც მან ასევე დაიცვა ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ახალი საარჩევნო კოდექსი.
პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, ვინ იქნება ომის საბოლოო გამარჯვებული, უკვე ნათელია, ვინ გადაიხდის მის ფასს.
“უკრაინა, რომელსაც უწევს ახალა გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე, რომელმაც საკუთარი ასობით ათასი მოქალაქე დაკარგა ამ წლების განმავლობაში, დაღვარა სისხლი, დაანგრია ეკონომიკა და უწევს ტეირტორიების დათმობის დე ფაქტო აღიარებაზე ფიქრი და მეორე ევროკავშირი, რომელსაც ახალ საკუთარ მხრებზე აკიდეს ტვრითი უკრაინის ფინანსური დამხარებისა, უკრაინის სამხედრო დახმარების ფინანსური უზრუნველყოფისა.” – თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული კრიტიკა დაუთმო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც მან “ესტონიზაცია“ უწოდა. პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ისმის საუბარი ვიზების შემოღებაზე ცალკეული ჯგუფებისთვის, რაც, მისი თქმით, სამართლებრივად “სეგრეგაციას“ წარმოადგენს.
“როცა ადამიანებს ჯგუფებად ყოფ, ერთს უშვებ და მეორეს არა — ამას ჰქვია სეგრეგაცია,“ — თქვა მან და დაამატა, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპას “100 წლის წინ” უკვე გამოვლილი აქვს.
ამავე კონტექსტში პაპუაშვილმა ბრიუსელი დაადანაშაულა სასამართლოს გარეშე იარლიყების “მიწებებაში“ და სანქციური პოლიტიკის გამოყენებაში, რასაც, მისი აზრით, ევროკავშირი “პოლიტიკური უფსკრულისკენ“ მიჰყავს. მან ბრიუსელში არსებულ პროცესებს “პოლიტიკური უმწიფრობა“ უწოდა და ევროკავშირი შეადარა “მეურვისგან მიტოვებულ არასრულწლოვანს“, რომელმაც, მისი თქმით, “მსოფლიო პოლიციელობის“ როლი მოირგო შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე.
პარლამენტის შიდა საქმიანობის შეფასებისას პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გასული წელი “ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის“ პერიოდი იყო. მისი თქმით, პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით და, განსაკუთრებით საშემოდგომო სესიის განმავლობაში, “გარედან თავსმოხვეული ინსტრუმენტები“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანა.
მან ასევე დაიცვა ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ისახავს მიზნად. პაპუაშვილის განცხადებით, მოცულობით დოკუმენტს “არსებითი კრიტიკა“ არ მოჰყოლია, გარდა უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხისა, რაც, მისი თქმით, აუცილებელია იმისთვის, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა, გარედან ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში.
სესიის შედეგებს შორის პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა ამნისტიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ დარღვევებს ეხება და განაცხადა, რომ პარლამენტმა მთელი წლის განმავლობაში “საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად“ იმუშავა.