პანდემიის პერიოდში 78 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო საქართველოში
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური 78 ათასმა ადამიანმა დაკარგა.
22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 721 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 485 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს 20 ათასამდე დამსაქმებელმა მიაწოდა.
უწყება ვარაუდობს, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, გაცილებით მეტია და მათთვის ყველა დამსაქმებელს და უმუშევრად დარჩენილს ამ დრომდე არ მიუმართია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში სამუშაოს 350 000 ადამიანი დაკარგავს.
დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას – მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ანუ 2020 წლის 23 მარტიდან, უმუშევარი დარჩა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად, 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებს.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.