"ვგმობთ საგამოძიებო კომისიას, FARA-ს, ახალ კანონებს" - PACE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
PACE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 89 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ – 3 წავიდა. რეზოლუცია მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოში უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლას და მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმს, გაითვალისწინოს წინა რეზოლუციებში გაცემული რეკომენდაციები, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.
ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, თანამდებობის დატოვების შესახებ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება დიალოგზე უარის თქმას ნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ასამბლეას მიაჩნია, რომ საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა.
რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.
მიმდინარე წლის 30 იანვარს ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო მკაცრი რეზოლუცია მიიღო. ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თავად წყვეტენ მუშაობას PACE-ში.
სტრასბურგში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა იმსჯელეს” და გუნდის შიგნით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ქართული ოცნება საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
რა წერია რეზოლუციაში
● ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და ახალი, დემოკრატიული არჩევნების დანიშვნისკენ ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ამ მხრივ რეზოლუციაში განსაკუთრებული მწუხარება და შეშფოთებაა გამოხატული ადგილობრივი არჩევნების შესახებ საარჩევნო კოდექსში მიღებულ შესწორებებთან და საპარლამენტო საპროცედურო წესებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
რეზოლუციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის პოზიციების მეტად გამყარებასა და ამასთანავე საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრას გამოიწვევს.
“რეჟიმის მიერ მიღებული ეს ზომები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს და პარალელურად ძირს უთხრის საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს.” – წერია რეზოლუციაში.
● რეზოლუციის პროექტში ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის მხრიდან ლეგალური პროცესის ბოროტად გამოყენებით და მათი უწყვეტი დაკავებებით.
● ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს ფონდების წინააღმდეგ გამოძიებების წამოწყებასთან და მათი აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით.
“ამ კონტექსტში, შეშფოთებულია საქართველოს სოლიდარობის ფონდების წინააღმდეგ წამოწყებული კრიმინალური გამოძიებებისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ, რაც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლების დანაკარგის ხარჯებს დაკავებული ან დემონსტრაციებთან დაკავშირებით დათხოვილი პირებისთვის”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
● ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ცნობა დაკავების დროს დემონსტრანტების მიმართ ცუდად მოპყრობისა და პატიმრობაში მათი წამების შესახებ და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევები დღემდე გამოუძიებელი რჩება.
● ასამბლეა რეზოლუციაში გმობს ელენე ხოშტარიას მიმართ დროებით დაკავების ცენტრში შეურაცხმყოფელ მოპყრობას, როდესაც მას პოლიციელებმა გაშიშვლება აიძულეს.
● რეზოლუცია გმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ შესწორებებს, აკრიტიკებს მედიისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვაზე კანონპროექტს და შეშფოთებას გამოთქვამს საჯარო სამსახურებიდან, სამაგიეროს გადახდის მიზნით, თანამშრომლების დათხოვნის ცნობებთან დაკავშირებით.
● რეზოლუცია ოცნებას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი”, რომელიც “არ შეესაბამება ევროპულ ადამიანის უფლებათა კანონს”.
● ასამბლეა მტკიცედ ეწინააღმდეგება FARA-სა კანონპროექტს და ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
● ასამბლეა გმობს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის მიზანიც წინა ხელისუფლების “წარმომადგენლების საქმიანობის გამოძიებაა და განსაკუთრებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების გაცხადებულ განზრახვასთან დაკავშირებით, რაც “კოლექტიური ენმ-ს” აკრძალვას გულისხმობს.
● ასამბლეა აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების მხრივ პროგრესის არ არსებობა და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება, სამომავლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ახალი დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს.
“ასამბლეა ქართულ ოცნებას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი დაძლეული იყოს და გაგრძელდეს ევროსაბჭოსთან და მის ასამბლეასთან სრული თანამშრომლობა”. – წერია რეზოლუციაში.