ოპოზიციურმა პარტებმა “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას “ქართული ქარტია” წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას დღეს ორბელიანების სასახლეში ხელი მოაწერეს პარტიებმა: ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, ლელო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ქარტიას არ შეუერთდებიან გირჩი და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.
გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლის, ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტია “საქართველოსთვის”მხარს უჭერს და სრულად უერთდება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ქართული ქარტიით გათვალისწინებულ რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე, თუმცა ქარტიის დოკუმენტით გათვალისწინებულ რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ნაწილზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
საპარლამენტო პარტია “გირჩი” “ქართულ ქარტიას” ხელს არ მოაწერს, თუმცა, ინიციატივას მხარს უჭერს.
“ჩვენ ხელის მოწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მხარს ვუჭერთ […] ამ დოკუმენტის შინაარსს ახლა გავეცანით და იმისთვის ვემზადებით, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსიებში მონაწილეობა მივიღოთ. მაგრამ საქმე და პრინციპი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რომ ჩვენი კოლეგები გააერთიანოს, სწორია და მივესალმებით.” – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
რას გულისხმობს “ქართული ქარტია”
“ქართული ქარტია” – ასე ჰქვია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს პროევროპული ოპოზიციის ერთი სიმბოლური ქოლგის ქვეშ გაერთიანებას პრორუსული ხელისუფლების საპირწონედ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
“ქართული ქარტიის” შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ პრეზიდენტის იდეა, იგი ასე გამოიყურება:
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ქარტიაზე ხელისმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იმ ფორმით მიიღებს მონაწილეობას, რა ფორმითაც უნდა. ქარტია მათ არ ავალდებულებს.
იმართება განსხვავებული ფორმატით – ერთ მხარეს იქნება “ქართული ოცნება” და მეორე მხარეს გაერთიანებული პროევროპული ოპოზიცია. არჩევნებზე მისული ამომრჩეველი ფაქტობრივად აირჩევს საგარეო კურსს – თუ ის რუსეთში ხედავს საქართველოს – მაშინ “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას, თუ – ევროპაში, მაშინ ოპოზიციას.
26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს – პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ხმა თუ პრორუსულ “ქართულ ოცნებას”.
ზურაბიშვილის გეგმის თანახმად, ოპოზიცია ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს. ამ პერიოდში ეს მთავრობა გაატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად და უკვე ამის შემდგომ დაინიშნება ჩვეულებრივი საპარლამენტო არჩევნები.
პოლიტიკოსების შეფასებით, ერთობა არის ის, რასაც ახლა მათგან ელის საზოგადოება.
პოლიტიკური ლიდერები ისმენენ პრეზიდენტის გამოსვლას ორბელიანების სასახლესთან 26 მაისს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია