სასამართლომ ერთ დღეში ოპოზიციის სამ ლიდერს პატიმრობა შეუფარდა
ოპოზიციის ლიდერების დაკავება
23 ივნისს, “ქართული ოცნების” სასამართლომ ოპოზიციის სამ ლიდერს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს (ლელო – ძლიერი საქართველო), ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (კოალიცია ცვლილებებისთვის) პატიმრობა შეუფარდა.
ყველა მათგანს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.
5 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით – “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
კომისიის შექმნა “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
რა სასჯელები განესაზღვრათ პოლიტიკოსებს
● სასამართლომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ჯაფარიძეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
სასამართლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჯაფარიძე დააპატიმრეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დღეს კი სასჯელის ზომა განუსაზღვრეს.

● “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.
ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლო პროცესს თავად არ ესწრებოდა. მანამდე მან გირაოს თანხა, 50 000 ლარი გადაიხადა. მას წულუკიანის კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

● “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში უკვე სხედან ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია (კოალიცია ცვლილებებისთვის) და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
კომენტარი
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი: “საქართველოში ავტორიტარიზმის მანქანა უკვე არა მექანიკურ, არამედ ავტომატურ რეჟიმში იწყებს მოძრაობას. არავითარი პროგნოზირება და გამოცნობა აღარ სჭირდება იმას, რომ დღეს-ხვალ ციხეში აღმოჩნდება პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური პოლიტიკური კლასი და სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებიც.
ავტომატური ავტორიტარიზმი ნიშნავს იმას, რომ ისეთი რეჟიმი მყარდება, როდესაც კომპრომისი, დიალოგი, მოლაპარაკება, უკანდახევა და მსგავსი შუალედური მექანიზნები აღარ წარმოადგენს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტებს.
ეს ვითარება ზღვრულია იმ აზრით, რომ მისი შედეგი ან კონსოლიდირებული ავტორიტარიზმია (ანუ, დიქტატურა), ან ავტორიტარიზმის დემონტაჟის დასაწყისი (შიდა და გარე ზეწოლის საფუძველზე).
ჩემი აზრით, ახლა სრულდება ორმაგი კოდირების (ავტორიტარიზმი/დემოკრატია) პოლიტიკა და დგება „ან-ან“ რეჟიმის ეტაპი.”
ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი: “პოლიტიკური პარტიის ლიდერები პოლიტპატიმრებად იქცნენ, ფაქტობრივად ყველა ციხეშია ან ციხე ელის.
ამ ამბებმა მკაფიო გახადა. მნიშვნელობა არ აქვს რა სტრატეგიას აირჩევ: გადაიხდი გირაოს თუ არა, დაბარებულზე გამოცხადდები თუ არა, არჩევნებს დააბოიკოტებ თუ არა, დანაშაულს აღიარებ თუ არა.
ერთადერთი გათვლა რაც გვჭირდება ასეთია: რა მიაყენებს გრძელვადიან პერსპექტივაში რეჟიმს ყველაზე დიდ ზიანს.
“მცირეზე წავყვები და ცოტა ხანი დროს მოვიგებ”, არასწორი გათვლაა: ამ მცირეს სისუსტეში ჩაგითვლიან და დროსაც ვერ მოიგებ.”