რა წერია ოპოზიციის ალიანსის შეთანხმებულ დოკუმენტში
ოპოზიციის ალიანსი
საქართველოს ოპოზიციური სპექტრის ცხრა პარტიამ – ახალი, გირჩი–მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები – 2 მარტს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ისინი „გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებს“ უწოდებენ.
შეთანხმება აყალიბებს როგორც პოლიტიკურ გზამკვლევს, ისე ქცევის კოდექსს, რომლის მიზანიც ხელისუფლების შეცვლისთვის ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბებაა.
ოპოზიციური ალიანსი საკუთარ მთავარ ამოცანად ასახელებს „ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას“. ტექსტში ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, “ქართული ოცნება”, მოხსენიებულია როგორც „ავტოკრატიული, კრიმინალური რეჟიმი“, რომლის დემონტაჟიც, ავტორების თქმით, შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
„რკინის ფარდის“ მეტაფორა და ისტორიული არჩევანი
დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ისტორიული არჩევანის წინაშეა. მათი შეფასებით, ეს არ არის ბრძოლა „უბრალოდ ცუდი ხელისუფლების გამოსაცვლელად“ – ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად გაივლის ახალი „რკინის ფარდა“ და რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო.
ტექსტი მკაფიოდ აყალიბებს ნარატივს: რეჟიმის შენარჩუნება, მათი თქმით, ნიშნავს სიღარიბის, კორუფციისა და საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავებას, ხოლო ცვლილება – ქვეყნის დაბრუნებას ევროატლანტიკურ გზაზე.
კრიტიკული უმრავლესობა და მშვიდობიანი პროტესტი
სტრატეგიული პრინციპი ეფუძნება ერთ მთავარ მოსაზრებას: ავტოკრატიული რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქეთა „უდიდესი უმრავლესობა“ დაინახავს საკუთარ სასიცოცხლო ინტერესს ცვლილებაში. ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მშვიდობიანი და კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში.
დოკუმენტი უარყოფს „ხელოვნურად დასახულ ბოლო თარიღებს“, კულუარულ გარიგებებსა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის პროცესებში მონაწილეობას. პირიქით, პარტიები აცხადებენ, რომ მათი მიზანია პროტესტის მობილიზება, ორგანიზება და გაფართოება, ასევე საერთაშორისო წნეხის გაძლიერება.
ერთობა ერთფეროვნების გარეშე
შეთანხმება არ გულისხმობს იდეოლოგიურ შერწყმას ან ერთიანი ლიდერის გარშემო კონსოლიდაციას. ავტორები ამას „ერთობას ერთფეროვნების გარეშე“ უწოდებენ. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებისა, ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საჯარო კომუნიკაციაში არ დააზიანებენ შეთანხმების ჩარჩოს და არ მოახდენენ ერთმანეთის დისკრედიტაციას.
ამავე დროს, დოკუმენტი არ გამორიცხავს მომავალში საარჩევნო ერთობის შესაძლებლობას.
არჩევნები, პოლიტპატიმრები და კოალიციური ხელისუფლება
პარტიები აცხადებენ, რომ გამარჯვებად მიიჩნევენ მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მათი ხედვით, ასეთი არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება კოალიციური ხელისუფლება, რომელიც განახორციელებს რეფორმებს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაცავად.
დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საქართველოს უსაფრთხოება და „ნამდვილი მშვიდობა“ შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გარეშე.
ქცევის კოდექსი: შიდა წესრიგი ოპოზიციაში
შეთანხმების მეორე ნაწილი ეთმობა ქცევის კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის მინიმალურ სტანდარტებს. მასში ხაზგასმულია:
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ერთადერთ წარმომადგენლად;
- იკრძალება ერთმანეთის საჯარო დელეგიტიმაცია ან ბრალდებები რეჟიმთან გარიგების შესახებ;
- იდეოლოგიური დებატები დასაშვებია, თუ ისინი არ აზიანებს საერთო მიზანს;
- მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მიუღებელია.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ პარტიებზე, რომელთა ლიდერები პატიმრობაში ან დევნილობაში არიან – მათ მოეთხოვებათ ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც საერთო ფორმატში პარტიის პოზიციას გამოხატავს.
პოლიტიკური სიგნალი
დოკუმენტის ერთ-ერთი ამოცანაა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის კონსოლიდაცია, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის სიგნალის გაგზავნა, რომ ოპოზიცია წარმოადგენს „დემოკრატიულ ალტერნატივას“ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში.
შეთანხმება, თავისი რიტორიკითა და სტრუქტურით, ცდილობს ერთდროულად ორი ამოცანის შესრულებას: შიდა ფრაგმენტაციის შეკავებას და ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებას.