საქართველოში ცხრა ოპოზიციური პარტია გაერთიანებაზე შეთანხმდა და ალიანსი შექმნა
ოპოზიციამ ალიანსი შექმნა
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ცხრა პროდასავლური ოპოზიციური პარტია გაერთიანებაზე შეთანხმდა და ოპოზიციური ალიანსი შექმნა სახელწოდებით – „ერთობა ერთად გამარჯვებისთვის“.
ალიანსის პირველი განცხადების თანახმად, ოპოზიციური ერთობის მიზანია „ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დასრულება“, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა“.
- “ოცნებამ საქართველოს ევროპული კურსი ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა” — EU-ს საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში
- მოსაზრება: ვეღარ ვისაუბრებთ საქართველოზე, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოზე – კრიმინალური ბანდით ხდება საქმეების წარმოება
ალიანსში შემავალი პარტიები ამბობენ, რომ საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმდნენ.
ალიანსში გაერთიანდნენ პარტიები:
- „ახალი“
- „გირჩი“
- „დროა“
- „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა“
- „ევროპული საქართველო“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „ფედერალისტები“
- „თავისუფლების მოედანი“
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.
რაზე შეთანხმდნენ პარტიები
ოპოზიციური პარტიები სამ პრინციპზე შეთანხმდნენ:
ერთობა ერთფეროვნების გარეშე – ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე:
„ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას“, – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
დემოკრატიული ალტერნატივა – ამ პრინციპის თანახმად, ალიანსში გადაწყვეტილებების მიღება თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას დაეფუძნება.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი – ამ პრინციპის განმარტებაში ნათქვამია, რომ ალიანსი მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას. საბოლოო მიზანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხება და დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებაა. ამ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს აუცილებელი რეფორმები.
შეთანხმების მონაწილე პარტიები შეთანხმდნენ ქცევის კოდექსზე, რომელიც ადგენს მასში შემავალ პარტიებს შორის ურთიერთობის წესებსა და ასევე, პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის.
„ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვინ არ შეუერთდა ალიანსს
კიდევ ორი ოპოზიციური პარტია, რომელის ასევე პროდასავლელად პოზიციონირებს, – „ლელო – ძლიერი საქართველო“ და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ალიანსს არ უერთდებიან.
ეს ის პარტიები არიან, რომლებმაც, დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, გასულ წელს მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პარტიამ “ლელო – ძლიერი საქართველო” ჯერ კიდევ 19 თებერვალს განაცხადა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელებს მუშაობას.
„ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს“, – ამბობენ ამ პარტიაში:
„თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი. პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, გიგა ფარულავამ დღეს განაცხადა, რომ: „ნაცებთან“, „ახლებთან“ თუ „ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არ განიხილავდნენ და არც მომავალში განიხილავენ“.
მან თქვა, რომ ეს პარტიები ამ ხან გაერთიანებით და ხან დაშლით, „ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს“.
ალიანსის წევრების პირველი განცხადებები
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ აქამდე გაერთიანებას შინაარსზე შეუთანხმებლობა უშლიდა ხელს. ის ფიქრობს, რომ ამ ალიანსით, „ქართულ ოცნებას“ ძირს გამოუთხრიან:
„ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა“.
„კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ამასობაში, ბევრნი ციხეში მოვხვდით, ვიღაცები გამოვედით, ვიღაცები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან, ვიღაცები კი – არა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები და სხვები“, – განაცხადა პარტია „ახალის“ თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ, რომელმაც ციხე სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სასჯელს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის იხდიდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც ასევე იხდიდა სასჯელს კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, დღევანდელ დღეს პირველ სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნევს:
„ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“.
„პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღების ძალიან სერიოზული წინაპირობაა. ბევრმა სხვა ოპოზიციამ ავტოკრატიულ ქვეყნებში ეს ვერ მოახერხა. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ ამ შეთანხმებით. თუმცა, ჯერ სიხარული ადრეა და საქმით უნდა ვანახოთ შედეგი“, – ამ განცხადებით ალიანსს პატიმრობაში მყოფი „დროას” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ციხიდან.
შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ცხრავე პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა.
რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“
„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ამ ალიანსს „კლოუნადა“ უწოდეს.
„პრინციპში, არც არასოდეს დაშლილან, მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ამ აგენტურის ადგილი სადაც არის, 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა და ეს ადგილი პოლიტიკური სანაგვეა“, – განაცხადა საპარლამენტო ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
კონტექსტი
პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანებაზე აქტიური საუბარი საქართველოში 2020 წლიდან დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული, პერიოდულად, განსაკუთრებით ყოველი არჩევნების წინ, დღის წესრიგში სულ ჩნდებოდა ეს საკითხი. ეს გაერთიანება ხან ჟღერდა როგორც მაგალითად, ერთიანი სიით მონაწილეოება რომელიმე, იმ კონკრეტულ არჩევნებში, ხან უბრალოდ – ოპოზიციური ერთობა, ერთიანი სტრატეგიით მოქმედება.
მაგალითად, ასე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიებმა კი შედეგები გააპროტესტეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ და შემდეგ – ოპოზიციის ნაწილისთვის გაერთიანება აუცილებელ სტრატეგიად მიიჩნეოდა, რათა მმართველ ძალას კონკურენცია გაეწია. 2023–2024 წლებში, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი „ერთიან სიაზე“, ან მინიმუმ კოორდინირებულ მოქმედებაზე.
ამას მოითხოვდა საზოგადოებაც. თუმცა, შიდა უთანხმოებების, ლიდერების კონკურენციის თუ სტრატეგიული განსხვავებების გამო, ფართომასშტაბიანი ერთობა ვერასდროს მოხერხდა.
ახლა, ეს ერთობა მიღწეულია იმ ფონზე, როდესაც, საქართველოში მიტაცებულია ხელისუფლება, “ქართულ ოცნებას” არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, გვყავს 150-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, ჟურნალისტი, მწერალი, მსახიობი, მუსიკოსი, ექიმი. ოპოზიციური ლიდერების უმეტესობამ უკვე მოიხადა სასჯელი, თუმცა, მათ წინააღმდეგ ისევ არის აღძრული ახალი სისხლის სამართლის საქმე, მრავალწლიანი სასჯელით. 400 დღეზე მეტია ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციაა.
პარალელურად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. მიღებულია ისეთი კანონები, რაც სამოქალაქო სექტორს სრულად უკრძალავს უცხოური დაფინანსების მიღებას, დაიხურა ბევრი ორგანიზაცია, რამდენიმე გავლენიანი მედია, ვინც ჯერ არ დახურულა, ის მძიმე ფინანსურ კრიზისშია.
ახალი კანონები ზღუდავს ოპოზიციასაც. მეტიც, “ქართული ოცნება” აპირებს, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას ოფიციალურად აუკრძალოს მუშაობა.
ოპოზიციამ ალიანსი შექმნა