საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
ნიკა მელია დააპატიმრეს
“ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პატიმრობაში გაუშვა. მანამდე მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა.
აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ “ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა თუ რატომ დააკავეს გუშინ უკანონოდ“.
“თქვენ ხართ თანამონაწილე. დაცვის ერთი რგოლი ხართ. უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ დანაშაულებრივი [ბანდის] ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები.
მეტიც, ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით. ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებებს“, – მიმართა მელიამ მოსამართლეს.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. პარალელურად, პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
მანამდე ნიკა მელიამ მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა:
“მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, პატრულის ფორმაში გამოწყობილმა, ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა და მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა. ცხადი იყო მისი გამომეტყველებით, რომ ყველაფერი აინტერესებდა, გარდა მართვის მოწმობისა. ამ დროს მის რაციაში კითხვა გაისმა, “ობიექტი თუ იჯდა მანქანაში”. გასაგები იყო უკვე, რა ხდებოდა.
დაახლოებით 11-მა პირმა გამიტაცა. არანაირი ნიშანი არ იყო, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. მოხდა გატაცება, ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენვა, ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა. ერთ-ერთი რამდენჯერმე ცდილობდა სახეზე ტელეფონის მოშვერას [ბლოკის მოსახსნელად], რაც ფურგონში ვერ მოხერხდა.”
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი გუშინ, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც მელიას ადვოკატი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა. იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.
მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელისც არ გადაიხადა.
საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა, პროცესი 12 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.
22 მაისს “ქართული ოცნების” პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
ამასთან, 14 მაისს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო პატიმრობა შეეფარდა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს (2004-2006), ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.
ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
5 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით – “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
კომისიის შექმნა “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.