თბილისში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს
ნიკა მელია დააკავეს
თბილისში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა.
როგორც მელიას ადვოკატი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა. იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ კოალიციის ლიდერი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული, რათა მელიას ხვალინდელ პროცესზე დასწრება აიძულონ, რომელზეც პოლიტიკოსს საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ დასწრებას არ აპირებდა.
“ხელისგულზე დევს ყველაფერი, პროკურატურამ დღეს ტექნიკურად მოიმიზეზა ტრენინგები, გადადეს პროცესი. გამართლდა ჩემი მოლოდინები, ვინაიდან დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა გადიოდა ღამის 12 საათზე, პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა, დღევანდელ პროცესზე მოეთხოვა დაპატიმრება, ეს იყო შეთანხმებული, როგორც ჩანს სასამართლოსთან.
არ გაითვალისწინეს დაცვის მხარის თხოვნა, რომ ხვალ არ ჩანიშნულიყო პროცესი და 14:00 საათზე ჩანიშნა, ხვალ დიდი ალბათობით პროკურატურა დააყენებს პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას და რომ არ დაეკარგათ დრო, სასამართლოსთან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული.” – თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, არც ერთი საფუძველი არ არსებობს მისი დაკავების. როგორც გვარამია განმარტავს, ფორმალურად ნიკა მელიას არც გირაოს გადახდის ვადა გასვლია და არც სასამართლოს გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც ნიკა მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადდა, მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს თავად მელიამ განაცხადა, რომ ხვალინდელ პროცესზე მისვლას არ აპირებს.
მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.
22 მაისს “ქართული ოცნების” პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
ამასთან, 14 მაისს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო პატიმრობა შეეფარდა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს (2004-2006), ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.
ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
5 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით – “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
კომისიის შექმნა “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.