საქართველოს პარლამენტში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების დაფინანსების აკრძალვის საკითხი განიხილეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ინიციატივა, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს.
პროექტის მიხედვით, სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია აკრძალოს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც უცხო ქვეყნის სახელმწიფოდან, უცხოური სამეწარმეო, ან არასამეწარმეო ორგანიზაციიდან, ან უცხოელი მოქალაქისგან ფინანსდება და ახორციელებს გრანტის გამცემის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
საკანონმდებლო წინადადება “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის ინიცირებულია, რომელმაც ინიციატივა პარლამენტში ჯერ კიდევ 23 მარტს შეიტანა.
ზვიად ტომარაძე ცნობილია მისი ანტილიბერალური განწყობებით. ის მხარს უჭერს კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომლითაც განისაზღვრება ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და მამაკაცის ქორწინება. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ფესტივალ “კაზანტიპის” ჩატარებას, რადგან მიიჩნევდა, რომ ფესტივალი გარყვნილებას ნერგავს. ის, ასევე მხარს უჭერს აბორტის აკრძალვას.
ტომარაძე მიიჩევს, რომ საქართველოში არსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მან მაგალითად რამდენიმე ორგანიზაციის საქმიანობა დაასახელა:
“თელავში დემოკრატიული ჩართულობის ოფისში პირდაპირ არის გაკრული შემდეგი წარწერა: არ გათხოვდე, ქმარი მოძალადეა. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე, ეს არის თუ არა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? მე მიმაჩნია, რომ არის,” – ამბობს ტომარაძე.
მან “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ 2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტისთვის მოგებულ დავაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მოგებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა. კიდევ ერთ ფაქტად ტომარაძემ 2016 წლის აგვისტოში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა” და “დემოკრატ მესხთა კავშირის” ერთობლივი სარჩელი დაასახელა საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს შესაძლებლობას, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიიღონ და ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიით, ხოლო საქართველოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები ვერ სარგებლობენ ამ შეღავათებით.
“არსებობს კიდევ სხვა ფაქტები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტის გამო ბრალს დებენ ქართველ ერს არატოლერანტობაში, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებს ჩაგვრაში, ხოლო სახელმწიფოს მათი უფლებების არასათანადოდ დაცვაში. სრული უფლება გვაქვს, მათ ვუწოდოთ უცხო ქვეყნის და მსხვილი ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი, ოფიციალური ჯაშუშები“, – აღნიშნა ზვიად ტომარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
დეპუტატთა პოზიცია არაერთგვაროვანი იყო. მათი ნაწილი მხარს უჭერდა წინადადებას, ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს არგუმენტი, იმის გამო, რომ ვიღაც არ მოგწონს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდო დონორებთან ურთიერთობაში.
საკითხის განხილვა არ დასრულებულა და სამომავლოდ გადაიდო. 11 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა განმარტა, რომ ტომარაძის ინიციატივა გაუმართავია, ბუნდოვან ფრაზებს შეიცავს და მისი შინაარსის დადგენა შეუძლებელია. ამასთან, აპარატის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში უკვე არსებობას ჩანაწერი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვინმეს უფლება ირღვევა, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.
სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ასევე შეუძლია აკრძალოს ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს აღნიშნულ საქმიანობას.