„დერეფანში მივდიოდით, მე ვმღეროდი და ყველა საკნიდან ტაში ისმოდა, თავს ვუმეორებდი - არ იტირო ნეკა, არ იტირო“- 6 დღე იზოლატორში
ნეკა ნათელაშვილის პატიმრობა
2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ახალი, რეპრესიული კანონები მიიღო, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან 100-ზე მეტი დემონსტრანტი ციხეში გაუშვეს, ზოგი სამი, ზოგი 5, ზოგი კი 10 და მეტი დღით. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ ქალებიც, დაახლოებით, 50-ზე მეტნი.
- “ოცნებამ” პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ახალი ამკრძალავი კანონები დაამტკიცა
- „მოიხსენით ნიღაბი“. “ქართული ოცნების” ბრძოლა პირბადიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
- მოსაზრება: რუსთაველის გამზირი არის საზოგადოების არშეგუებისა და წინააღმდეგობის ყველაზე კარგად გამოხატული მოვლენა
ამ ახალი რეპრესიული ცვლილებების შემდეგ ციხეში მოხვდნენ ჟურნალისტები, პოეტები, წიგნის გამომცემლები, ექიმები, პენსიონერი ადამიანებიც კი. იყო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად, ერთ დღეს, ერთი ოჯახის ოთხი წევრი დააკავეს.
ამ ცვლილებების თანახმად, მოსამართლე პირდაპირ ორთვიან პატიმრობაში (60 დღე) გაუშვებს დემონსტრანტს, თუ მას აქციაზე აალებადი ნივთიერება, პიროტექნიკა ან ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდება. 15-დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს აქციაზე ნიღბის ტარება, ცრემლმდენი საშუალების ქონა და გზის გადაკეტვა. თუ ამ ყველაფერს აქციის მონაწილე განმეორებით ჩაიდენს, მას ერთი წლით ჩასვამენ ციხეში. ყოველი მომდევნო გამეორებისას, კი ორწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
დაკავებულებს ჯერ სასამართლო პროცესებს უმართავენ, შემდეგ კი თბილისის რომელიმე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ. ბოლო დღეებში დედაქალაქის საპატიმროები ისე გადაივსო, რომ იძულებული გახდნენ ზოგი დაკავებული სხვა ქალაქში გადაეყვანათ.
ასე მოხვდა ქალაქ ფოთის იზოლატორში 22 წლის ნეკა ნათელაშვილი. ნეკა, სხვა 30-მდე დემონსტრანტთან ერთად, რუსთაველის გამზირზე 22 ოქტომბერს დააკავეს. ეს ერთ-ერთი ყველზე ხმაურიანი საღამო იყო, ახალი ცვლილებების მიღების შემდეგ. ამ დღეს დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, აქტივისტები ისაკო დევიძე, ილო ღლონტი – ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელი, ეკონომისტი ნიკოლოზ შურღაია და სხვები. ზოგი ადამიანი პოლიციას პირდაპირ ტროტუარიდან აჰყავდა – იტაცებდნენ, როგორც აღწერდნენ ამას იმ საღამოს აქციაზე მყოფი ადამიანები.
ნეკას დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაწყვეტი გადაცემიდან “წიგნების თარო”, სადაც ნეკა რეკორდს ხსნის 1 წუთში გაცემული სწორი პასუხების რაოდენობით.
ნეკას დაკავებიდან მალევე, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა – ნეკა ფოთის იზოლატორში გადაყვანილ პატიმრებს შორის, ერთადერთი გოგო იყო. მალე სხვა პატიმრებმა ამბავი გამოიტანეს, ნეკა გაუჩერებლად მღერის იზოლატორში სიმღერას – “ჩემო კარგო ქვეყანავ”, ვერც (არც) ბადრაგი აჩერებს, არც თვითონ ჩერდებაო.
ამ ამბის გაგების შემდეგ, ფოთის იზოლატორთან ზუგდიდელი აქტივისტები ჩავიდნენ და ხმის გამაძლიერებლით ჩართეს იგივე სიმღერა, იზოლატორის ეზოში.
ნეკამ იზოლატორი უკვე დატოვა. JAMnews-ის თხოვნით ის იზოლატორში გატარებული დღეებს აღწერს.
__________________________________

ნეკა ნათელაშვილი, 22 წლის, ლიტერატურათმცოდნე, პოეტი
დაკავების თარიღი – 22 ოქტომბერი, 2025 წელი
განაჩენი – 6-დღიანი პატიმრობა
მოსამართლე – ნინო ენუქიძე
სასჯელის მოხდის ადგილი – ქალაქ ფოთის იზოლატორი, საკანი #5
ფოთში რომ ჩავაღწიეთ, უკვე 24 ნოემბერი თენდებოდა, დაღლილობისგან თვალები მტკიოდა, მაგრამ, ჯერ უამრავი პროცედურა იყო წინ – ნივთების აღწერა, ანაბეჭდების აღება, ფოტოს გადაღება – ზუსტად ისე, როგორც ფილმებში ხდება. თუმცა, ამ ყველაფერმა სიზმარივით გაირბინა და უცებ იზოლატორის ყველაზე ბოლო, საკან N5-ში ამოვყავი თავი.
როცა რკინის კარი დაიხურა, ოთახი მოვათვალიერე, სიგარეტს გავუკიდე და ბოლთის ცემა დავიწყე. ამასობაში სუფთა თეთრეული შემომაწოდეს. სანამ თეთრეულს ვაკრავდი, გათენდა კიდეც. მივწექი და გავითიშე.
დილის ცხრა საათზე გამაღვიძეს, ასეთი წესია, ამ დროს იცვლებიან ბადრაგები და გაჰყავხარ ხელ-პირის დასაბანად. ვიდრე დაბრინდები საკანს ამოწმებენ და დაბრუნებისას შენც გადაგატარებენ დეტექტორს, – იქნებ აბაზანაში რამე ლითონი აიღე.
ოთახში შევბრუნდი და ისევ წავუძინე. გაღვიძებულს მეგობრის ხმა შემომესმა, წამოვხტი და რას ვხედავ, ჩემს მოპირდაპირე საკანში ჩემი ბავშვობის მეგობარი დავით ჭკადუა არ შემოუსახლებიათ? გავიფიქრე, რომ “ახლა იწყებოდა თავდავიწყება”. ისიც გზის გადაკეტვაზე დაუჭერიათ. ჩემგან განსხვავებით ათი დღე ჰქონდა მისჯილი.
ნელ-ნელა ამანათების მიღება დავიწყე, მაგრამ არსად ჩანდა ჩემი წიგნები. ბადრაგს ვთხოვე რამე მოეტანა. ორი წიგნი მომიტანა – ილია ჭავჭავაძის ყდამოხეული მოთხრობების კრებული და ჰაინრიხ ბიოლის წიგნი, რომლის სათაურსაც ვერ ვიხსენებ.
ილია ვარჩიე, „კაცია ადამიანის?!“ კითხვას შევუდექი. სადღაც შუაში ვიყავი როცა ჩემი წიგნებიც შემოვიდა და ბადრაგმა ილიას დაბრუნება მომთხოვა. „მეორე სქესი“ და „პედრო პარამო“ – ეს წიგნები სასამართლოზე ვთხოვე ჩემს დას. სიმონა დე ბოვუარი საბაკალავროსთვის მჭირდებოდა, „პედრო პარამო“ კი ჩემი საყვარელი წიგნია და ვიფიქრე გულს გადავაყოლებდი.
საკანში შუქი არასდროს ქრება, შეუძლიათ ოდნავ დაუკლონ, მაგრამ იმ ადამიანისთვის, რომელიც ოდნავ განათებულ ოთახშიც კი ვერ იძინებს, ეს ნამდვილი ტანჯვაა.
თავზე საბან წაფარებული ვცდილობდი დაძინებას, თუმცა, ალბათ დილის ოთხ საათამდე ვერ ვიძინებდი.
თმის შეკვრის საშუალებაც არ გაქვს და ძილის დროს ესეც ხელს მიშლიდა, ჩემი გრძელი თმა ყელზე მეხვეოდა და ხრჩობის შეგრძნებით მეღვიძებოდა. როცა ჩაძინება მიჭირდა, ინსტიქტურად ბალიშის ქვეშ ვცდილობდი ხელის შეცურებას ტელეფონის ასაღებად, თუმცა იქ არც ბალიში იყო და არც ჩემი მობილური.
მერე რვეული და კალამი შემომიგზავნეს და წერა დავიწყე. ვწერდი და ვწერდი, ყველა დეტალს აღვწერდი, – რას ვაკეთებდი, რას გავაკეთებდი.
როცა თავს ვეღარაფრით ვირთობდი სიგარეტის ღერებს ვითვლიდი, რომელიც საკანცელარიო ფაილში ჩაყრილი შემოჰქონდათ.
ყველაზე მეტად ოთახში დაყენებულ სათვალთვალო კამერასთან შეგუება გამიჭირდა. ამის გამო ტანსაცმელს საწოლში ვიცვლიდი.
მეორე გაჭირვება ჩემი კრემებისა და შამპუნის არ ქონა იყო, ჩემმა კანმა მძიმედ გადაიტანა ეს ექვსი დღე. თმაზე აღარაფერს ვამბობ.
როცა დამიჭირეს, პოლიციელებიდან დაწყებული ბადრაგებით დასრულებული ყველა აღტაცებაში მოჰყავდა ჩემი თმის ბზინვარებას, იქიდან გამოსვლისას ცოცხი მქონდა თმის ნაცვლად. შხაპი კვირაში მხოლოდ ორჯერ შეიძლება და ისიც მხოლოდ საპნით. მაშინ გავიაზრე, რატომ იჭრიან ქალები თმას ციხეში.
იზოლატორში ყოფნის ბოლო დღეს მივხვდი რომ შარვალი მძვრებოდა, ვაჰ, არადა რა კარგად მქონდა იქამდე. ალბათ გავხდი?! სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ოთხი კილო დავიკელი. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, დიდი ხანია მინდოდა დაკლება, ზოგი ჭირი მარგებელი ყოფილა. არადა ყოველდღე უამრავი საკვები შემომდიოდა, ვცდილობდი შემეთვალა, რომ აღარ შემოეგზავნათ, მაგრამ არ ჩერდებოდნენ.
მე კი ლუკმის ჩადებისთანავე გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა და ამის გამო თითქმის არაფერს ვჭამდი. ბადრაგებიც მთავაზობდნენ ხორცის კონსერვსა და „ანაკომის“ სუპებს, თუმცა არცერთხელ მიჭამია მათი საკვები.
ყველაზე რთული ბოლო დღე აღმოჩნდა. წამებს ვითვლიდი სანამ გარეთ გავიდოდი. ბოლო 15 წუთი იყო დარჩენილი, როცა გვერდითა საკნიდან ბიჭებმა გამომძახეს – სანამ წახვალ კიდევ გვიმღერე ერთხელო. სიმღერა დავიწყე და დარჩენილი დრო არ გავჩერებულვარ.
როცა კარი გაიღო და ბადრაგმა მანიშნა წავსულიყავი, სიმღერის შუაში ვიყავი, ვერ გავჩუმდი. დერეფანში მივდიოდით, მე ვმღეროდი და ყველა საკნიდან ტაშის ხმა ისმოდა, თავს ვუმეორებდი – არ იტირო ნეკა, არ იტირო! ცრემლები შევიბრუნე და იზოლატორიდან გამოვედი.
გარეთ სუფთა ჰაერი და საყვარელი ადამიანები დამხვდნენ.
ნეკა ნათელაშვილის პატიმრობა