ნულს ქვემოთ - ნავთობის ფასი ისე დაეცა, რომ მომწოდებლები მზად არიან თვითონ გადაიხადონ
ძირითადი წყარო – The Economist
პირველად ისტორიაში, ამერიკული ნავთობის WTI-ის ფასი ნულს ქვემოთ დაეცა. მომწოდებლები მზად არიან, 2020 წლის მაისში, მყიდველებს აქეთ გადაუხადონ თითქმის 40 დოლარი.
20 აპრილს, როდესაც მაისის ვაჭრობა დაიხურა, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარს მაისისთვის ნავთობი აღარ სჭირდებოდა – საცავები უკვე გადავსებულია.
ივნისის ფიუჩერსები (მიწოდების ხელშეკრულება) ასევე სწრაფად იაფდება – ერთი ბარელის ფასი უკვე 20 დოლარია.
სამწუხარო პროგნოზით აგრძელებს ვარდნას Brent-ის მარკის ნავთობის ფასიც, რომელიც ეტალონად მიიჩნეოდა და ასევე, რუსული მარკის – Urals-ის.
2020 წლის იანვრის დასაწყისში, ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, დაახლოებით, 70 დოლარს შეადგენდა. 20 აპრილის მონაცემებით, ის 25 დოლარზე ცოტათი მეტი ღირს.
მიზეზი – კორონავირუსი
ნავთობის ბაზარზე კატასტროფის ძირითადი მიზეზი – კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ნავთობის მოხმარების ძლიერი შემცირება და თანმდევი ეკონომიკური კრიზისია.
ადამიანები სამსახურში აღარ დადიან. საწარმოების უდიდესი ნაწილი, უმსხვილესიდან დაწყებული პატარებით დასრულებული, მთელ მსოფლიოში გაჩერებულია. თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ.
ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ბოლოდროინდელი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 10 მილიონი ბარელით შემცირდა – რაც, დაახლოებით, მსოფლიო მიწოდების 10 პროცენტია – არ დაეხმარა ნედლეულის ფასების ზრდას.
მსოფლიოში, ნავთობის საცავებში ადგილი აღარ არის და უკვე გადავიდნენ მის ტანკერებსა და სარკინიგზო ცისტერნებში შენახვაზე.
რატომ არის ნავთობის ფასების ვარდნა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მცხოვრებისთვის დარტყმა
ნავთობის ფასები სერიოზულ გავლენას ახდენს ბიუჯეტის შევსებაზე და, შესაბამისად, სახელმწიფო ხარჯებზე – პენსიებზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების ხელფასებზე.
დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ყველა სოციალური პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს – სკოლები, ჯანდაცვის სისტემა, ქალაქებისა და სოფლების კეთილმოწყობა.
თუკი ნავთობის კრიზისი გაჭიანურდება – ეს განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იქნება ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, რადგან მათი ბიუჯეტი, ძირითადად, ნავთობის გაყიდვიდან შემოსულ თანხებზეა აგებული.
ასეთ ქვეყნებს შორის არის რუსეთი და აზერბაიჯანი.
„პრობლემა შეექმნება აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებს და ქვეყანაში უცხოური ვალუტის შესვლას. აპრილიდან ჩვენ ვნახავთ მშპ-ის შემცირებას“, – ამბობს ეკონომისტი, თოგრულ ველიევი.
- ნავთობი და კორონავირუსი – აზერბაიჯანის ეკონომიკის ორი უბედურება
- „აი, რატომ არიან რუსი დაქირავებულები სირიაში“. ნავთობი „პუტინის მზარეულს“ შეხვდა
- საქართველო და კორონავირუსი – წარმატება თუ გამართლება
გადარჩენის გზები – ტრამპი გამოდის ინიციატივით, რომ ნავთობისთვის ფული გადაიხადონ, მაგრამ არ მოიპოვონ ის
ექსპერტები ელიან, რომ 2020 წლის ივნისის ბოლოსთვის, ფასები გაიზრდება, მაგრამ მაინც ძალიან დაბალ დონეზე დარჩება – დაახლოებით, 22 დოლარი ეღირება ერთი ბარელი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინადადებით გამოვიდა, რომ ნავთობი რეალური ფულით იყიდონ – მაგრამ არ მოიპოვონ ის და ადგილზე დატოვონ იმ დრომდე, სანამ ნავთობი ისევ მოთხოვნადი არ გახდება.
თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კონგრესი მხარს არ დაუჭერს ამ წინადადებას.
ამას გარდა, ნავთობის მოპოვების შეჩერებამ, შესაძლოა, მწარმოებლებს უფრო დიდი ზარალი მიაყენოს, ვიდრე ფასების ვარდნამ. ოპერაციების განახლება, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაჯდეს ან შეუძლებელიც კი გახდეს, რადგან ზოგიერთი დახურული რეზერვუარი, შესაძლოა გამოუსწორებლად დაზიანდეს.