NATO-ს წარმომადგენელი კავკასიაში საქართველოს შესაძლო წევრობაზე
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში მე-5 მუხლის სპეციალური დათქმით გაწევრიანება შესაძლებელი არ არის. ამის შესახებ კოლომინამ “სტრატეგიისა და განვითარების ქართული ცენტრის” ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.
2019 წელს NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რათა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გაუვრცელებლად გაწევრიანება.
„გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში”, – ამბობდა რასმუსენი 2019 წელს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსმა 2008 წელს შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, იგივე „მაპი“ არ მიანიჭა.
ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ცნობილია როგორც ”ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” და ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენს.მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას.
მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის ”სამხედრო ძალების” გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
“ჩემი პასუხი NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის შეთავაზებაზე არის ცალსახად არა. არ მგონია, რომ ეს შესაძლებელია. სიმართლე ვთქვა, არც კი ვფიქრობ, რომ ეს ამჟამინდელ გარემოებებში სასარგებლო იყოს. NATO მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ მეტოქეების მიმართაც”, – თქვა კოლომინამ.
მისივე განმარტებით, ალიანსი ისურვებდა ენახა პროგრესი ამ გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის კონტექსტში. კოლომინას თქმით, საქართველო ნამდვილად NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და საქართველოსთვის ამჟამინდელი ურთიერთობა კარგია.
● ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 77% ემხრობა, ნატო-ში – 74%
● მედვედევი: საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება
● ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „გერმანული მოდელი“ უნდა განიხილებოდეს