NATO-ს ახალ დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები
NATO-ს დეკლარაცია
NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მიერ გამოქვეყნებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაციაში, საქართველოს შესახებ საუბარი მხოლოდ ერთ მონაკვეთშია და ქვეყანა ერთხელაა მოხსენიებული. ასევე, დეკლარაციაში საერთოდ აღარ არის ნახსენები საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ.
“არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, უკანანო ანექსიას. ასევე რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს მთელი თავისი უნებართვოდ მყოფი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან.” – წერია დეკლარაციაში.
შარშან ბრიუსელის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთვის გამოყოფილი იყო მთლიანი პუნქტი და გამოთქმული იყო სრული მხარდაჭერა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითისთვის, 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ორჯერ იყო ნახსენები.
ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ბალკანეთის რეგიონზე საუბრის დროს ნათქვამია, რომ NATO-სთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა შავი ზღვაც. ასევე, დეკლარაციაში წერია, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია.
“მაშინ, როცა უკრაინა აგრძელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოს, ჩვენ გავაგრძელებთ მისი სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის NATO-ს წევრობის შეუქცევადი გზის მხარდაჭერას.” – ვკითხულობთ დეკლარაციაში.
NATO-ს ქვეყნები აცხადებენ, რომ ალიანსი სრულად უჭერენ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
“უკრაინის მომავალი NATO-შია.” – წერია განცხადებაში.
ერთი კვირის წინ POLITICO-მ გაავრცელა ცნობა წყაროებზე დაყრდნობით, თითქოს ტრამპი მუშაობდა გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებსა და ტერიტორიის ნაწილის დათმობას აიძულებდა, NATO კი დადებდა პირობას, რომ უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით აღარ გაფართოვდებოდნენ.
ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას ეხმაურება და x-ზე წერს:
საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება NATO-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. ეს ყველაფერი იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა
● ევროკავშირმა შეაჩერა 30 მლნ ევროს დახმარება საქართველოსთვის. ჰერჩინსკის თქმით, იქნება სხვა ზომებიც
● აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო
● მარია ზახაროვა: რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას
მიმდინარე წლის 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი ვადით გადადო ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ტარდებოდა. წელს სამხედრო წვრთნა 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში იყო დაგეგმილი.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ”.
საქართველოს სამხედრო დახმარება გაუყინა ევროკავშირმაც.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც. ელჩის განცხადებით, ევროკავშირის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ, შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია. ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე, 27 ივნისს, გადაწყვიტეს