"შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე" - მზია ამაღლობელის პროცესები დასასრულისკენ მიდის
მზია ამაღლობელის სასამართლო
„ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა.
14 ივლისს, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი იყო. ამ დღეს მზია ამაღლობელი დაკითხეს.
- OSCE/ODIHR ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
- The Times: ქართველების წინააღმდეგ უკანონო ქმედებები რუსული იმპერიალიზმის, ჩინეთისა და ირანის გამარჯვებასაც ნიშნავს
ადვოკატების თხოვნის მიუხედავად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს არ მისცა უფლება ბრალდებულისთვის განკუთვნილი შუშის კაბინიდან გამოსულიყო და ჩვენება ტრუბუნიდან მიეცა.
ჟურნალისტის ხმა დარბაზში ცუდად ისმოდა. მისი კოლეგები, რომლებიც ყოველთვის მრავლად არიან მზიას პროცესებზე, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მზია ღელავდა, როდესაც მისი დაპატიმრებისა და შეურაცხყოფის მძიმე ფაქტებს იხსენებდა, დროდადრო ხმა უწყდებოდა და ყელში ბურთი ებჯინებოდა. დარბაზი კი დუმდა და მძიმედ სუნთქავდა: “ახლა ეს მრისხანება იფეთქებს” – ასეთი განცდა ჰქონდა ჟურნალისტ ზურაბ ვარდიაშვილს.
დარბაზს არ უფეთქია, მაგრამ იყო ხმამაღალი თხოვნები, მოსამართლეს ან მზიას ხმა უკეთ გაეგოთ. განრისხებულმა მოსამართლემ, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დარბაზიდან გააძევა.
მზია ამაღლობელი, გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში.
იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს ბათუმში, ორჯერ. თავდაპირველად პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. მეორედ პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავების დღიდან ის წინასწარ პატიმრობაშია.
გაძევებულმა მთივლიშვილმა პროტესტის გამოხატვა სასამართლოს ეზოდან, მეგაფონით დაიწყო. ის მოსამართლე სახელაშვილს ეუბნებოდა, რომ ერის სირცხვილი და უსამართლობის სიმბოლოა. მისი ხმა შენობაში კარგად ისმოდა, ხანდახან ფარავდა კიდეც შიდა ხმებს.
შუა პროცესში, დაუგეგმავად, მოსამართლე სახელაშვილმა შესვენება გამოაცხადა და დარბაზი შეცვალა. პროცესი შენობის შიდა ფლიგელში მდებარე პატარა დარბაზში გაგრძელდა, პროტესტის ხმები გარედან ყრუდ, მაგრამ მაინც აღწევდა იქაც.
მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, რომ ამიერიდან მზია ამაღლობელის ყველა პროცესი ამ, პატარა, 20-კაციან დარბაზში გაიმართება.
მზიას დაკითხვა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა და ვერც კამერებზე იწერდნენ ჟურნალისტები. 30 ივნისიდან სასამართლოს დარბაზებში და ფოიეშიც კი, კამერებით მუშაობა აკრძალულია.
რა უთხრა სასამართლოს მზია ამაღლობელმა
მზია ამაღლობელი სასამართლოს უყვებოდა, როგორ დაიწყეს ბევრი წლის წინ, მან და მისმა მეგობარმა ეთერ თურაძემ აჭარაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კეთება. ჩვენ შევძელით ზურგი გვექცია მაამებლური, პროლაგანდისტული, საბჭოთა ჟურნალისტიკისთვისო, ამბობდა იგი.
ჰყვებოდა, რომ ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აჭარაში ჯერ კიდევ რუსული ბაზა იყო და აჭარას დანარჩენი საქართველოსგან ჩოლოქზე საზღვარი ჰყოფდა.
“კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ, მაგრამ ეს არაა იმდენად საშიში, როცა ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, როდესაც გამოხატვის თავისუფლებას კანონი იცავს, განსხვავებით ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისა“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
მან თქვა, რომ მის საქმეში ათამდე გამომძიებელი იყო ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია.
“ვინმე დგებუაძემ (ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. მისთვის სილის გაწვნის გამოა დაპატიმრებული მზია ამაღლობელი_JAMnews) დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, –ჰყვებოდა მზია ამაღლობელი შუშის კაბინის მიღმიდან.
გაიხსენა სტიკერის გაკვრის მომენტი. თქვა, რომ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ გავიდა, რაც მისი მეგობრის, აქტივისტ ციალა ქათამიძის დაკავების შესახებ გაიგო. ციალა ქათამიძე შენობაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. ადგილზე მისულმა მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ ახლობელი კიდევ ორი ადამიანი იყო დაკავებული. მან გაიხსენა, რომ იმ დროს აქციაზე სიმშვიდე იყო, მაგრამ აქციის მონაწილეები დათრგუნულები იყვნენ:
“სტიკერი რომ გავაკარი, ეს იყო სოლიდარობის ნიშანი, არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ დამაკავებდნენ. ვიღაცამ მომკიდა ხელი და დამაკავა. როგორც აღმოჩნდა, ბატონი ბესელია ყოფილა [აჭარის პოლიციის უფროსი_JAMnews]
შემდეგ ის ამბობდა, რომ არა, მე არ დამიკავებიაო. მახსოვს, ჭიშკარში ვიღაცამ შემიყვანა, მე ჩავთვალე, რომ დამაკავეს. ბესელია ამ დარბაზში ამბობდა, რომ თურმე ვიგინებოდი დაკავებისას. პოლიციელი გოჩა ვანაძე პირველად დავინახე ჩვენების მიცემის დროს. სასაცილოდ არ მყოფნიდა, რომ სტიკერის გამო დამაკავეს.
მახსოვს ხმაური დაიწყო, როდესაც მიმოვიხედე, მარცხენა მხარეს ვიყავი, ჭიშკართან ახლოს, პოლიციელებისა და ნიღბიანების გარემოცვაში, როგორ აღმოვჩნდი იქ, არ მახსოვს. ერთადერთი ხმა, რაც ისმოდა, იყო ჟურნალისტების, რომლებიც კომენტარებს იწერდნენ. ძალიან ცუდად ვიყავი, არ ვიცი იქ რა მოხდა, როგორც გითხარით, მართლა მარტო ვიყავი პოლიციელებთან და მესმოდა ფრაზა: „არ დააკავოთ“.
უცბად, პოლიციელების ძალიან სწრაფი გამოვარდნა დავინახე და პოლიციელების ალყაში აღმოვჩნდი. შავნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ეს იყო ძალის დემონსტრირება, ჭყლეტა შექმნეს, წინ და უკან ხალხს მასა აწვებოდა, მეც ტალღისებურად ვმოძრაობდი, ვცდილობდი ვინმეს ჩავჭიდებოდი, იქ შეუძლებელი იყო, მყარად მდგარიყავი.
ზურგიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, დარტყმის შედეგად დავვარდი, დროის გარკვეულ მონაკვეთში გონება დაკარგული მქონდა, გონს, რომ მოვედი ფეხები მტკიოდა, პოლიციის ტალღამ გადამიარა.
ორ მომენტში გონება დავკარგე, არ ვიცი, ვინ გამომიყვანა იქედან, ვინ წამომაყენა. ჩემი ძმისშვილი მოვიდა და მკითხა, თუ როგორ ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ ცალ ფეხზე ფეხსაცმელი არ მეცვა. არ ვიცი, კედები როდის დამეკარგა”, – თქვა მზია ამაღლობელმა.
ადვოკატებმა ჰკითხეს პოლიციელ დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ჟურნალისტმა თქვა, რომ ეს დაგეგმილი არ ჰქონია:
“გქონიათ მომენტი, როცა თქვენი საქციელით გაოცებულხართ? მაშინ ვერ აღვიქვი მკაფიოდ… არ იფიქროთ, რომ სინანულში ჩავვარდი. ეს ასე არაა. ეს რადგან მოხდა, გარდაუვალი იყო – სხვაგვარად არ შეიძლებოდა მოვქცეულიყავი. ეს იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, თავკერძა და ყეყეჩ კომუნიკაციაზე“.
შემდეგ გაიხსენა, როგორ აგინებდა დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე:
„მოიწევდა ჩემკენ… რა სიტყვებით მაგინებდა, მაგის აღწერა აქ არ მინდა, თუ გინდათ ციხიდან გამოვუგზავნი წერილს მოსამართლეს და იქ აღვწერ…
შემოვიდნენ, რომ გაეყვანათ. ჩემკენ მოიწევდა. როცა გაიყვანეს, მაშინ ვიკითხე, ვინ არის ეს-მეთქი და როგორ არ იცი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო.
სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, წიხლებით შემდგებოდა…
დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს ამ სიჩუმეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე.
როცა შემაფურთხა, ერთადერთი, რაც შევძელი ფეხზე წამოვარდნა იყო და ვთქვი – წყალი მომიტანეთ, საპირფარეშოში გამიყვანეთ-მეთქი.
ოთახში მყოფმა ქალმა პოლიციელმა აიღო ჭიქა წყალი რომ მოეტანა, ხმამ შეაჩერა, დგებუაძის ხმა იყო:
“არა, არანაირი წყალი” და მისივე ხმა – „ჩაიფსას!”
კიდევ რა ხდებოდა პროცესზე
14 ივლისის პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მოწმის სახით დაეკითხათ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და დეპუტატი ნინო წილოსანი.
ირაკლი კობახიძემ უკვე არაერთხელ დაარღვია საჯაროდ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ის ცდილობს “ოცნების” ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მზია ამაღლობელი დაკვეთით მოქმედებდა, რათა პოლიციის პრესტიჟი დაეკნინებინა.
იგივე განაცხადა ნინო წილოსანმაც. 26 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო წილოსანმა თქვა, რომ „კაცის და ქალის ანტისტანდარტია, როდესაც მეორე ადამიანს ურტყამ სახეში”, მითუმეტეს, თუ ეს “ხდება დაკვეთით, ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“.
მზია ამაღლობელის საქმის პროცესები უკვე დასასრულისკენ მიდის. საქმეზე ორი პროცესია დარჩენილი 21 და 28 ივლისს. 28 ივლისს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
რა ვიცით მოსამართლე სახელაშვილზე
მოსამართლე ნინო სახელაშვილი 35 წლისაა. სასამართლო სისტემაში ის 2011 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო სტაჟიორი, სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე. 2010 წელს მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წელს ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა, ორივე შემთხვევაში – სამართლის მიმართულებით;
ნინო სახელაშვილი მოსამართლედ 2022 წლიდან მუშაობს. 2022 წლის 10 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იგი გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით დანიშნეს. სახელაშვილი უვადო მოსამართლე მას შემდეგ გახდა, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
ნინო სახელაშვილს არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. გამოცემა „ბათუმელებს“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მისწერეს, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეები სამივე დარგში გადიან სწავლებას, როგორც სამოქალაქო-ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართალში.
ნინო სახელაშვილი სანქცირებული მოსამართლეა. მას აქვს სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები ესტონეთისა და ლიეტუვაში. სანქციები მას მზია ამაღლობელის საქმის გამო დაუწესეს.
მზია ამაღლობელის სასამართლო