მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. ყველაფერი, რაც ამ საქმეზე უნდა იცოდეთ
მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი
გამოცემების „ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვებიც თქვეს და ბოლო რეპლიკებიც გაცვალეს.
4 აგვისტოს სასამართლოს წინაშე თავის ბოლო სიტყვებს თავად პატიმარი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი იტყვის. პროცესის გადადება მან ითხოვა. მოსამართლე სახელაშვილს მან უთხრა, რომ ითხოვდა და სურდა საბოლოო სიტყვის თქმა, უბრალოდ დღეს, 9-საათიანი პროცესის შემდეგ, უბრალოდ აღარ შეეძლო მოეკრიბა ძალღონე და ხმამაღლა ეთქვა ის, რისი თქმაც სურს.
9 საათი – ზუსტად ამდენი ხანი გაგრძელდა მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი პროცესი 2025 წლის 1-ელ აგვისტოს, ჟურნალისტის უკანონო პატიმრობის 202-ე დღეს.
მთელი ეს დრო მზია ამაღლობელი მინის კაბინაში ფეხზე იდგა. ადვოკატებთან დაჯდომის უფლება მოსამართლე სახელაშვილს მისთვის არც ამ პროცესზე მიუცია..
“ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, როგორ არის ის წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში, როგორ აღიქვამს მას საზოგადოება“, – უთხრა მოსამართლე სახელაშვილს ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
მთელი პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელი დუმდა, ყურადღებით უსმენდა ადვოკატს, დროდადრო ფურცელზე ჩანაწერებს აკეთებდა, ხელებს იფშვნეტდა, ხანდახან დარბაზისკენ იხედებოდა და მშვიდი ღიმილით მეგობრებისა და ოჯახის წევრების გამხნევებას ცდილობდა.
მზიას შემოყვანას სასამართლო სხდომის დარბაზში, ამჯერადაც ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ტაშით აცილებდნენ და ხვდებოდნენ მერეც, გრძელი სასამართლო პროცესის ყველა შესვენებაზე.
მანდატურები ამაოდ ცდილობდნენ დარბაზის გაჩუმებას.
მზია ამაღლობელი, დამოუკიდებელი გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტი ქალია.
მაშინ, როცა მეგობარ ეთერ თურაძესთან ერთად, გაზეთი „ბათუმელები“ დააარსა, 23 წლის იყო. მაშინ აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმი იყო და რეგიონში დამოუკიდებელი მედია, ფაქტობრივად, არ არსებობდა. „ჩვენ შევძელით ზურგი გვექცია მაამებლური, პროპაგანდისტული, საბჭოთა ჟურნალისტიკისთვის“, – თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლოში.
გამოცემები – “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” გამორჩეულია კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკითა და მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკით. ამ გამოცემებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, პრესის ევროპული ჯილდო.
ვითარება სასამართლოს დარბაზსა და ეზოში
როგორც ყველა წინა პროცესზე, ამჯერადაც სასამართლო დარბაზში შესვლის მსურველები სასამართლოს ფოიეში დილიდან ჩადგნენ რიგში. ხალხი იმაზე გაცილებით ბევრი იყო, ვიდრე ადგილები ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში.
მსურველების დიდი ნაწილი დარბაზში ვერ შევიდა. სასამართლო პროცესზე დამსწრეებს შორის იყვნენ რამდენიმე დასავლური ქვეყნის ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
პროცესს ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
პროცესი სასამართლოს ეზოდან მოძახილების ფონზე დაიწყო – “თავისუფლება მზიას”, “ცეცხლი ოლიგარქიას” ისმოდა დარბაზში. იმის შიშით, მოსამართლეს ისევ არ გადაეტნა პროცესი შენობის მოშორებით, პატარა დარბაზში, დამსწრეებმა აქციის მონაწილეებს შეუთვალეს, ცოტა ხანს რუპორი გვერდზე გადაედოთ.
სავსე იყო სასამართლოს ეზოც. მზიას მხარდასაჭერად ამ დღეს ბათუმში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩავიდნენ მისი კოლეგები, პატარა, ორ-სამ კაციანი რედაქციებიდან, რომელთა დიდი ნაწილი ახლა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.
ბათუმში სპეციალურად ჩავიდნენ სინდისის პატიმრების დედები და აქტივისტები თბილისიდან. „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, “ცეცხლი ოლიგარქიას”, – სკანდირებდნენ ისინი სასამართლოს ეზოში.
პატიმრების დედები, დიდი ბრძოლის შემდეგ, სასამართლოს დარბაზშიც შევიდნენ. მათთვის ადგილები რომ დაეთმოთ, დარბაზი მზიას რამდენიმე ოჯახის წევრმა დატოვა.




პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში სიტყვით გამოსვლებიც იყო:
“ეს არის სასამართლო არა მზია ამაღლობელის, არამედ “ქართული ოცნების”. ისინი საკუთარ თავს ისამართლებენ,” – თქვა ჟურნალისტმა, ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონულმა კოორდინატორმა ზვიად ქორიძემ.
“მზიას ციხეში რა უნდა? მზია არ უნდა იყოს ციხეში. და ეს არის რამდენიმე ადამიანის ახირება, რომ მზია დაისაჯოს, რომ შეგვაშინონ ჩვენ, ჟურნალისტები”, – განაცხადა “ბათუმელების” რედაქტორმა ეთერ თურაძემ.
“მზია, გამაგრდი! შენ ხარ ძლიერი ქალი და მაგალითს ჩვენ ვიღებთ შენგან,” – ამ სიტყვებით მიმართა მზიას სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედამ.
“ეს განაჩენი იქნება განაჩენი ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ უსამართლო საქმეში: მოსამართლის, დგებუაძის, თუ რაც დაერქმევა მერე ისტორიაში – წითელლოყის და ყველა პოლიტიკური ლიდერის, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვა
1-ელ აგვისტოს სასამართლომ დაცვის მხარის საბოლოო სიტყვა მოისმინა.
ადოვკატი მაია მწარიაშვილი, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, მრავალტომიანი საქმის მასალებზე დაყრდნობით, მტკიცედ და თავდაჯერებულად უკვე მერამდენედ ასაბუთებდა, რატომ არის აბსურდული მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე.
საუბრის დასაწყისში მოსამართლეს ტრიბუნასთან გასვლის ნებართვა სთხოვა. მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელის პირისპირ აღმოჩნდა. აღნიშნა კიდეც, ამდენი თვეა მხოლოდ ზურგს უკან ვხედავდი ამ ადამიანსო.
“დღეს მე მინდა მზია ამაღლობელზე გესაუბროთ” , – ასე დაიწყო დასკვნითი სიტყვის შესავალი ადვოკატმა. თქვა, რომ მზია ამას არ გააკეთებდა, ამიტომ, მან ეს საკუთარ თავზე აიღო.
მაია მწარიაშვილი ერთ საათზე მეტხანს ჰყვებოდა მზია ამაღლობელის დაარსებულ გამოცემებზე, მის მიერ განხორცილებულ არაჟურნალისტურ პროექტებზე, საქველმოქმედო საქმიანობაზე, უკრაინელი ჟურნალისტების მხარდაჭერის კამპანიაზე, “მოგზაურ ბიბლიოთეკაზე” აჭარის სოფლებისთვის.
“აი ასეთია მზია, ჩუმი ადამიანი ხმამაღალი საქმეებით”, – ასე დაასრულა ეს ნაწილი ადვოკატმა.
შესავალი სიტყვის შემდეგი ეტაპი იმ განცხადებების ციტირება იყო, რაც მთელი ამ თვეების განმავლობაში ისმოდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების წევრების მხრიდან. არაერთხელ დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია, ბრალდებები, რომ ეს იყო “უმძიმესი დანაშაული”, “დანაშაული შეკვეთით” და ა.შ.
გაიხსენა მოწოდებები – მზია ამაღლობელმა აღიაროს, მოინანიოს დანაშაული.
” შეგიძლიათ თქვენ, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე გამოუტანეს განაჩენი მზია მაღლობელს, გაუძლოთ ამ ზეწოლას? შეგიძლიათ თქვენ თქვენი გადაწყვეტილებით ადგილი მიუჩინოთ მათ, ვისაც არაფერი ესაქმება ამ საქმეში? მაპატიეთ მაგრამ, არ მჯერა, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ, არ მჯერა რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში დღეს ეს ვინმეს შეუძლია და სამწუხაროდ ამის გათვალისწინებით მიწევს ჩემი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა”, – მიმართა მან მოსამართლეს.
ამის შემდეგ კი რამდენიმე საათი დეტალურად განიხილავდა სისხლის სამართლის საქმის აბსურდულობას, მოჰყავდა ცრუ მოწმეთა ჩვენებები, საქმის ურთიერთგამომრიცხავი დეტალები, მოჰყავდა მაგალითები პოლიციელზე თავდასხმის სხვა საქმეებიდან როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო მართლმსაჯულებიდან.
პროკურორებს არნოლდ ჩიქობავას განმარტებითი ლექსიკონიდან სიტყვა სილის განმარტებაც წაუკითხა:
“ჩიქობავას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ამბობს: გაშლილი ხელის სახეში გარტყმა არის ალიყური, სილა, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, მტყლაშანი. აი, ბატონო პრკურორებო, განმარტება სილის გაწვნასთან დაკავშირებით და არა ის, რომ ეს პრინციპული საკითხი იყო – ხელი გაარტყა სახეში. სილა გაულაწუნა, ეს არის სილა და რაც არ უნდა იძახოთ, ხელი გაარტყა, ვერ შეცვლით ქმედების სიმძიმეს, ქმედების აღქმას ვერ შეცვლით საზოგადოების თვალში, სულ ტერორისტული აქტი რომ დაარქვათ ამ მოქმედებას“.
მან თქვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს ძალაუფლებას ბოროტად ხელისუფლება: “ჩაიხედავ და დაინახავ, როგორც ცდილობს ბრალდება მსხვერპლი მოძალადედ წარმოაჩინოს, ხოლო მოძალადე მსხვერპლად“.
“არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს, ხვალ კი სხვაგვარად გამოჩნდება. რა დროც არ უნდა გავიდეს, მთელი საქარათველო მოისმენს თქვენს განაჩენს, თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე მრავალი წლის განმავლობაში.
მზია ამაღლობელის გაწნული სილა არც იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაული, ერთსაც გატყუებთ ბრალდება და მეორესაც და არ მინდა თქვენ ეს გაიმეოროთ”, – ასე დაასრულა ისტორიული სიტყვა ადვოკატმა.
დარბაზმა ადვოკატი მქუხარე ტაშით დააჯილდოვა.
მოსამართლე სახელაშვილი მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა ჩუმად ყოფილიყო. მაია მწარიაშვილის საუბრის პარალელურად, გამუდმებით ახარისხებდა და ათვალიერებდა დოკუმენტებს, ცდილობდა საქმიანი სახე მიეღო და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ადვოკატს ფურცელ-ფურცელ მიჰყვებოდა. დროდადრო თავს უქნევდა კიდეც. ხანდახან თვალს მზიასკენ აპარებდა, რომელიც მშვიდად და ჯიუტად იდგა ფეხზე.
მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ პროცესზე არავინ გაუძევებია და არც ვინმესთვის შეუწყვეტინებია სიტყვა მკაცრი სახით. მაგრამ, დღის ბოლოს მოჩვენებითმა სიმშვიდემ მაინც უმტყუნა და კიდევ ერთ ადვოკატს, ჯუბა ქათამაძეს, რომელიც საქმის სამართლებრივ მხარეზე აპირებდა საუბარს, სიტყვა შეაწყვეტონა, მხოლოდ სამ წუთში ჩაეტიეთო.
დაკავება
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე ააძრეს.
დაკავებიდან რამდენიმე საათში ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
მზია ამაღლობელის მეორედ დაკავებას წინ უძღოდა შეხლა-შემოხლა პოლიციის სამმართველოს შენობასთან. როგორც “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე აღწერს, პირველი დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ, მზია ამაღლობელი ნათესავებთან და მხარდამჭერებთან ერთად პოლიციის სამმართველოს ჭიშკრისგან მოშორებით იდგა. სიტუაცია მშვიდი იყო და შეკრება უკვე დაშლას აპირებდა, როდესაც ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ დაიწყო შეკრებილ ადამიანებთან დაპირისპირება.
ამ დროს, პოლიციამ მზია ამაღლობელის თვალწინ დააკავა მისი ნათესავი ძმები. ვიდეოკადრებში, რომელიც იმ საღამოს არის გადაღებული, ჩანს, ნათესავების დაკავების შემდეგ დაწყებული ჭყლეტის დროს როგორ ეცემა ამაღლობელი. სწორედ ამის შემდეგ ხდება სილის გაწვნის ფაქტი.
იმ დღეს, როცა დააკავეს, ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქციების 43-ე დღე იყო. მზია ამ დღეს პირველად გავიდა აქციაზე. ზოგადად, ის აქციებზე არ დადიოდა და არც საჯაროობა უყვარდა. აქციაზე გასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა პოლიციამ სტიკერის გაკვრისთვის მისი მეგობარი, აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავა და სხვა დემონსტრანტების მიმართაც აგრესია დაიწყო
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სასამართლოს წინაშე მან დეტალურად გაიხსენა, როგორ აფურთხა სახეში პოლიციელმა დგებუაძემ, როგორ იწევდა მასზე დასარტყმელად, როგორ არ მისცა უფლება მიეწოდებინათ მისთვის ჭიქა წყალი და გაეყვანათ საპირფარეშოში:
“დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს ამ სიჩუმეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე”, – თქვა მან პროცესზე.
პირველ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელი დარბაზში ფილიპინელი ჟურნალისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას წიგნით მივიდა. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ეს წიგნი ამ საქმის და მედიის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ბევრი აქტივისტი დღემდე ამ წიგნით დადის საპროტესტო აქციებზე, ამ წიგნით მიდიან მის სასამართლო პროცესებზეც.
დაკავებისთანავე მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის 38 დღე შიმშილობდა . წერილებში, რომელსაც კოლეგებს უგზავნიდა, ხაზს უსვამდა, რომ ეს იყო მისი პროტესტი უსამართლობის მიმართ და ამას არ აკეთებდა შეღავათების მისაღებად.
„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ – შემოუთვალა მან კოლეგებს ციხიდან და შვიდი თვე თავად აძლევდა სხვებს ამ ბრძოლის მაგალითს – მისი სიმშვიდით, სიჯიუტით და „გადაჭარბებული კეთილშობილებით“ – როგორც ჩაწერა მის ფსიქოლოგიურ დასკვნაში ციხის ფსიქოლოგმა.
მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს და ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს აღარ შეუცვლია. ყველა პროცესზე ის ეთანხმებოდა პროკურატურის შუამდგომლობას, რომ “მზია საშიშია და ის მოწმეებზე (ყველა მოწმე პოლიციელია) ზემოქმედებას მოახდენს”.
საპატიმროში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელმა თითქმის სრულად დაკარგა მხედველობა. ბოლო სამედიცინო დასკვნებით, რომელიც თებერვალშია გაკეთებული, ერთი თვალიდან საერთოდ ვერ ხედავს, მეორე თვალში კი მხოლოდ 10% აქვს მხედველობა.
სამი საქმე ჟურნალისტის წინააღმდეგ
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში სამი საქმე აღძრა. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გარდა, მას ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასაც ედავებოდნენ. ორივე ადმინისტრაციული საქმე სტიკერის გაკვრის ფაქტზე აღიძრა.
პირველ შემთხვევაში, ამაღლობელს “პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას” ედავებოდნენ. 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
სტიკერის გაკვრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაღლობელის წინააღმდეგ მეორე საქმე შენობის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დაიწყო. 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ფომაევამ მზია ამაღლობელი ამ ეპიზოდზეც დამნაშავედ ცნო და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
პოლიციელის წითელი ლოყა
სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამ პროცესების პარალელურად მიმდინარეობდა, მთლიანად აიგო იმაზე, რომ სილა, რომელიც ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს გააწნა, იყო ძალიან მტკივნეული და დგებუაძეს ლოყა გაუწითლდა.
შვიდი თვის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე იკვლევდნენ, რამდენად ეტკინა, როდის გაუწითლდა ლოყა, რომ მხოლოდ ლოყა კი არა, ყურიც გაუწითლდა; როდის იგრძნო ეს ტკივილი, როდის ჩაიხედა სარკეში და როდის შეამჩნია სიწითლე.
„[დგებუაძის სახეში] გარტყმის შემდეგ ისეთი ხმა იყო, მერე საერთოდ დაიშალა აქცია“, – თქვა სასამართლოში გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა.
დგებუაძის წითელი ლოყა სოციალურ ქსელებში მიმების მიზეზიც გახდა.
„ჩემს მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში“ , – თქვა სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავად ირაკლი დგებუაძემ და გაკვირვებულმა იკითხა, ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობს ადამიანი სახეში რომ ურტყამენო.
ადვოკატებმა შენიშნეს, რომ დგებუაძეს ყური წითელი ჰქონდა პროცესზეც, როდესაც სასამართლოს ჩვენებას აძლევდა. ადვოკატ მაია მწარიაშვილის შენიშვნაზე მან თავი იმართლა – დარბაზში ცხელა და ამიტომ მაქვს ყური წითელიო.
დარღვევები საქმეში
მზია ამაღლობელის საქმე სავსე იყო ცრუ მოწმეებით და გაყალბებული ოქმებით.
ბრალდების მხარის ყველა მოწმე პოლიციელი იყო. ყველა ირწმუნებოდა, რომ იმ მომენტში, როცა ამაღლობელი დააკავეს, სამხრე კამერები გათიშული ჰქონდათ. დარტყმის მომენტს ყველა იდენტურად აღწერდა, რომ მზიამ დგებუაძეს „ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე მოქაჩა ძლიერად თავისკენ“.
ერთ-ერთი პოლიციელი, გიორგი ბჟალავა, სასამართლო დარბაზში ამბობდა, რომ მზია მათ აგინებდათ, “ძაღლებს”, “ღორებს”, “რუსეთის მონებს” და “ბოზებს” ეძახდათ.
მზია ამაღლობელმა სთხოვა გაემეორებინა როგორ იგინებოდა:
„50 წლის ვარ. გინება უბრალოდ არ ვიცი. ვერც დახურულ ოთახში, ვერც საჯარო სივრცეში, ვერსად ვერ ნახავთ ჩემს გინებას. ამიტომ, გაიმეორეთ, რა სიტყვებით გაგინებდით. მინდა, ვიცოდე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს“, – ეუბნებოდა იგი პოლიციელს.
მზია ამაღლობელის საქმეში დევს გაყალბებული ოქმებიც. პირველი დაკავებისას, სტიკერის გაკვრისას, ვიდეოში ისმის, რომ ირაკლი დგებუაძე მისი დაკავების მიზეზად ადმინისტრაციულ სამართალდარღვავათა კოდექსის 150-ე მუხლს ასახელებს. შემდეგ არკვევენ, რომ ამ მუხლით, ანუ სტიკერის გაკვრის გამო, ადამიანის დაკავების უფლება არ აქვთ და ახალ ოქმს ადგენენ 173-ე მუხლით (პოლიციელისთვის წინააღმედგობის გაწევა).
მზია ამაღლობელის ქმედება, ადვოკატების განმარტებით, სინამდვილეში არა პოლიციელზე თავდასხმა, არამედ, შეურაცხყოფის მიყენებაა. ასეც წერია პატაკში, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება – შეურაცხყოფა. მაგრამ, შეურაცხყოფას კანონი დანაშაულად არ აკვალიფიცირებს, ამიტომ, მთელი შვიდი თვე ბრალდების მხარე ძალიან ცდულობდა, რომ პროცესებზე სიტყვა შეურაცხყოფა არავის ეთქვა.
ამ მიმართულებით მუშაობდა სახელისუფლებო პროპაგანდაც.
მზიას საქმეში მთელი სისტემა იყო ჩართული – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრით დაწყებული, შემოსავლების სამსახურით დამთავრებული. მაღალი რანგის საჯარო პირები ხშირად არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ირწმუნებოდნენ, რომ მან დანაშაული დაკვეთით ჩაიდინა, რომ ამაში ფული აიღო.
მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, დაეკითხათ ეს პირები სასამართლოში, იქნებ იცოდნენ რამე არსებითი, მოსამართლე სახელაშვილს მათი არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.
მოინანიოს, ბოდიში მოიხადოსო – ესეც არაერთხელ შეუთვალეს მზია ამაღლობელს. ერთ-ერთ ბოლო, 21 ივლისის პროცესზე პროკურატურამ საპროცესო გარიგებაც ახსენა. მაგრამ მზია ამაღლობელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამ შეთავაზებას არ სთანხმდება.
უპრეცენდენტო გამოხმაურება
მზია ამაღლობელი დაკავების პირველივე დღიდანვე მოექცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. მისი მხარდამჭერი ტექსტები ისმოდა უმაღლესი ტრიბუნებიდან, მის პროცესებს გამუდმებით ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
2025 წლის 19 ივნისს, 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების და კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. ამ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი „ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.“
მზია ამაღლობელის საქმეს აკვირდება არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. მათ შორის, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International. ასევე, „კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის“ TrialWatch. 2019 წლიდან დღემდე TrialWatch-მა 40-ზე მეტ ქვეყანაში გაუწია მონიტორინგი საქმეებს და ამჟამად 10 ქვეყანაში 60-მდე ჟურნალისტის საქმეს აკვირდება.
წინასწარ დასკვნებში TrialWatch რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, შეურაცხყოფაზე, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ მიაყენეს და წერს, რომ „ქართულმა ხელისუფლებამ მზიას წამების შესახებ წარდგენილი საჩივრები არ გამოიძია“.
უთითებს ბრალდების არაპროპორციულობაზე, მოსამართლის უარზე, აეცილებინა ეს საქმე, დაცვის მხარის მოწმეების საქმიდან ამოღებაზე. საქმის დასრულების შემდეგ კი ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ვრცელ შეფასებას გამოაქვეყნებს.
იქამდე კი უკვე არსებობს ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი შეფასება, სადაც ხაზგასმით წერია, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია.
„მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი”, – წერს პირველად ანგარიშში ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით კი, მზია ამაღლობელის საქმე ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს.
მზია ამაღლობელის საქმე უკვე გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივრით დასაბუთებულია, რომ მის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება , პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება.
საქმის განხილვა უკვე დაწყებულია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც იცავს ამაღლობელის უფლებებს, არ გამორიცხავს, რომ საქმემ მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე (Impact Case) საქმის სტატუსიც შეიძინოს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო