ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფორმულას მიერ დასმულ შეკითხვას მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.
“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.
ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას”, – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების დღეს, მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა – სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, – პოლიციელიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სანქცირებულ მოსამართლე ნინო სახელაშვილს განაჩენის გამოსაცხადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა.