მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა სასამართლომ დაუშვებლად ცნო
მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. მედიამენეჯერი, რომელიც ერთ თვეზე მეტია შიმშილობს, პატიმრობაში რჩება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
“არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დასაბუთებული შუამდგომლობა, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, ადვოკატებმა სასამართლოში 13 თებერვალს შეიტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი ჰქონდა.
მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების საფუძვლად ადვოკატები რამდენიმე გარემოებას ასახელებენ.
ისინი ასაბუთებენ, რომ საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, არ არსებობს. პროკურატურა ამბობდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
პროკურატურა აცხადებდა, რომ უნდა გამოეკითხა აქციის მონაწილეები, რომლებზე ზემოქმედებაც მზიას შეეძლო. თუმცა, როგორც ადვოკატები ამბობენ, ამ დრომდე საქმეში დევს მხოლოდ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის (მასზე სილის გაწვნისთვის არის დაპატიმრებული მზია ამაღლობელი) და ექვსი პოლიციელის იდენტური ჩვენება, სხვა ნეიტრალური მოწმეები პროკურატურას არ გამოუკითხავს.
„გარდა იმისა, რომ დაკითხულია ყველა, ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეოფაილი და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია“, – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, პატიმრობის შეფარდებისთვის სამართალდარღვევა უნდა იყოს მძიმე, მიმართული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების წინააღმდეგ: “მზია ამაღლობელის ბრალდება კი არის მანიპულირებული და სილის გაწვნა არ კვალიფიცირდება თავდასხმად“.
ადვოკატი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეში არსებობს ინტერესთა კონფლიქტიც, რადგან დაზარალებული ირაკლი დგებუაძე, საქმის გამომძიებელი, მოწმე პოლიციელები და მზიას დამკავებელი გრიგოლ ბესელია ერთი საპოლიციო ვერტიკალის წევრები არიან.
მზია ამაღლობელი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერია. ის ერთი თვეა მეტია დაპატიმრებულია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. ამ ფაქტს წინ უძღოდა ჭყლეტა და პროვოკაცია, რომელიც პოლიციამ მოაწყო.
დაპატიმრების დღიდან მზია ამაღლობელი შიმშილობს. 14 თებერვალი მისი შიმშილობის 34-ე დღეა. ბოლო ერთი კვირაა ის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც მისი მკურნალი ექიმი ამბობს, “ყოველი მომდევნო დღე ორგანოების ფუნქციის მოშლის დიდი რისკია”.
მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება