ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ადამიანს კამერის წინ საკუთარი თავის წამება აიძულა
რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის, ჩეჩნეთის მოსახლეობა აღაშფოთა ვიდეომ, რომელშიც შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი თავს იწამებს – ბოთლზე ჯდება – ეს არის სასჯელი იმ ტელერგამ-არხთან თანამშრომლობის გამო, რომელიც ჩეჩნეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. აღნიშნული არხის, 1ADAT-ის ავტორებმა განაცხადეს, რომ ეს მამაკაცი გაიტაცეს და საჯაროდ დაამცირეს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა.
როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება, ერთ წუთზე ცოტა მეტი ხანგრძლივობის ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სრულიად შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახელსა და გვარს ასახელებს. ის ამბობს, რომ ტელეგრამ-არხის, 1ADAT-ის ადმინისტრატორია, რომელსაც ის „ბინძურ ჯგუფსა“ და „ქარაფშუტას“ უწოდებს. ამის შემდეგ, მამაკაცი საკუთარ თავსა და ოჯახს ლანძღავს, რის შემდეგაც ბოთლზე ჯდება.
ვიდეოზე გადაღებული მამაკაცი არხის ადმინისტრატორი არ იყო, ის მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში ახდენდა ჩატის მოდერირებას, – ამბობენ 1ADAT-ის წარმომადგენლები.
„5 სექტემბერს მან ადმინისტრატორებთან კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა, 7 სექტემბრის საღამოს კი ამ საერთო ჩატში ეს ვიდეო ჩააგდეს. ჩვენ არ ვიცით, ის ამჟამად სად იმყოფება“, – ციტირებს არხის წარმომადგენლის სიტყვებს რუსული გამოცემა „МБХ медиа“.
• ვინ კლავს ევროპაში ჩეჩნებს, რომლებიც რამზან კადიროვს აკრიტიკებენ?
• კადიროვი: გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს
არხზე გამოქვეყნებულ დამოუკიდებელი მედიის მიმართვაში ამტკიცებენ, რომ მოდერატორი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა „გამოავლინეს“ და მან მოახერხა ინფორმირება, რომ მასთან სამართალდამცავი ორგანოების ორი შავებში ჩაცმული წარმომადგენელი მივიდა.
1ADAT-ის საზოგადოება აქვეყნებს ინფორმაციას გატაცებული და დაკავებული ჩეჩნეთის მცხოვრებლების, ასევე, ჩინოვნიკების მდიდრული ცხოვრების შესახებ. ტელეგრამ-საზოგადოებას, დაახლოებით, 8 200 გამომწერი ჰყავს, ინსტაგრამს – 22 ათასი, იუთუბს – 1 290 ათასი.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია მოგვმართოს. ჩვენ ანონიმურად გამოვაქვეყნებთ ყველაფერს, თუკი განმცხადებელს დახმარება სურს, მას უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებთან დაკავშირებით დავეხმარებით“, – ნათქვამია არხის მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. არხის შესახებ საინფორმაციო ბლოკში ავტორები 1ADAT-ს „დიქტატურის წინააღმდეგ სახალხო მოძრაობას“ უწოდებენ.
ჩეჩნეთში, ადამიანის უფლებათა აპარატში განაცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ იციან, მაგრამ არც დაზარალებულს და არც მის ნათესავებს მათთვის არ მიუმართავთ.
„თავის მხრივ, აპარატის თანამშრომლები მზად არიან შეისწავლონ ვიდეოში ასახული ინციდენტის დაუშვებლობის საკითხი“, – ჩეჩნეთის ომბუდსმენის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს „Кавказ.Реалии“-ს.
აღშფოთება ჩეჩნეთში
გამოქვეყნებულმა ვიდეომ სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია – ბევრს მიაჩნია, რომ ის ჩეჩნებს არცხვენს.
„არ არის ამის ჩვენება აუცილებელი! ყელში ამოვიდა ასეთი ფილები, რომელიც ადამიანების წინაშე გვარცხვენს“.
„აი, ასე აჩვენებენ ჩვენს ხალხს მთელ მსოფლიოს“.
“ზიზღისა და სიძულვილის გარდა, ისინი, ვინც ეს ჩაიდინა, არაფერს იწვევენ და ვერც გამოიწვევენ. ეს რეალურად მთელი ხალხის დამცირებაა“, – წერენ მომხმარებლები.
„არავის არ აქვს უფლება ასე მოექცეს ადამიანს, რაც არ უნდა გააკეთოს ან თქვას მან. ეს ხომ სამუდამო სირცხვილია არა მხოლოდ ამ ბიჭისთვის, მისი დედისა და მამისთვის, არამედ ყველა ნათესავისა და ახლობლისთვის, მთელი მოდგმისთვის. ასეთ რაღაცებს ჩვენთან არ პატიობდნენ და არ პატიობენ და ადრე თუ გვიან, ამაზე პასუხისგება მოუწევთ“, – განუცხადა „კავკაზსკი უზელს“ ჩეჩნეთის მცხოვრებმა, სახიბმა.
სახალხო ბოდიშის მოხდა და მონანიება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც როგორღაც კონფლიქტში შევიდნენ ჩეჩნეთის ხელისუფლებასა და პირადად პრეზიდენტ რამზან კადიროვთან – რესპუბლიკაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ბოლო პერიოდში, ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები აქტიურად ცდილობენ მოძებნონ და დასაჯონ ანონიმური ოპოზიციური არხებისა და სოციალური ქსელების ანგარიშების ავტორები და გამომწერები.