„მსოფლიო საზოგადოებისთვის ჩვენ ყველანი რუსები ვართ”, – აფხაზეთის ერთ-ერთი პროსამთავრობო პარტიის ხელმძღვანელის, ალხას ბარზანიას ამ ფრაზამ სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ოპოზიციამ კი ამას „მლიქვნელობის აფეთქება” უწოდა.
სკანდალური ფრაზა პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ალხას ბარზანიამ, ერთ-ერთ მრგვალ მაგიდაზე წარმოთქვა.
სიტყვა-სიტყვით ფრაზა ასე ჟღერდა:
„ჩვენი ბედი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტერიტორიაზე წყდება და ჩვენი ბიჭები, რომლებსად იქ ღირსეულად უჭირავთ ჩვენი დროშა – მსოფლიო საზოგადოებისთვის ჩვენ ყველანი რუსები ვართ. აი, ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიდეთ“.
დიდი ალბათობით, ბარზანიამ საკუთარი თავი ცუდად გამოხატა, რადგან პოლიტიკოსის რანგში საჯაროდ გამოსვლის გამოცდილება არ აქვს. ის სულ ცოტა ხნის წინ რუსეთში აფხაზეთის საელჩოს თანამშრომელი იყო, იქ არავინ იწერდა მის სიტყვებს და სიტყვების ფრთხილად შერჩევა საჭირო არ იყო.
თუმცა, 2025 წლის მაისში, იგი პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს, ვეტერანი აფხაზი პოლიტიკოსის, სერგეი შამბას შემცვლელად, რომელმაც ეს პოსტი დატოვა. სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ ბარზანია შამბას დისშვილია და, შესაბამისად, ეს თანამდებობა მან „მემკვიდრეობით“ მიიღო.
ოპოზიციური ტელეგრამ-არხი „Respublika“ განსაკუთრებით მძაფრად და სარკასტულად გამოეხმაურა ბარზანიას სიტყვებს.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ბელარუსები, ქართველები, სომხები, ყაზახები, აზერბაიჯანელები – ანუ სხვა პოსტსაბჭოთა ხალხებიც ასევე აღიქმებიან რუსებად, თუ ეს მხოლოდ აფხაზებს ეხებათ?“ – სვამს კითხვას არხი.
არხის ავტორები ალხას ბარზანიას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის და მისი სავარაუდო ბიძა სერგეი შამბა „არასდროს ყოფილან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, სადაც აფხაზი მოქალაქეები „მოკავშირე მოვალეობის შესრულებისას იღუპებიან“.
არხი განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა ეს აფხაზებს რუსებად არ აქცევს.
„ასეთი მლიქვნელობის აფეთქებები საზოგადოებაში აღფრთოვანებას კი არა, გაღიზიანებას იწვევს და საპირისპირო ეფექტს იწვევს – ამას ყველაზე უკეთ სოციალურ ქსელებში კომენტარები ადასტურებს. „ხალხი ხედავს სიცრუეს“, – წერს Respublika.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო