მშიერი ადამიანების უკანონო ქმედება
საპროტესტო გამოსვლები
12 და 13 იანვარს სტიქიურმა პროტესტმა აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონი ერთდროულად მოიცვა. ხელისულებამ ამ მოვლენების ინიციატორად მაშინვე ოპოზიცია გამოაცხადა და 50 ადამიანზე მეტი დააპატიმრა. ოპოზიცია ბრალს უარყოფს და არეულობების მიზეზად რეგიონების მოსახლეობის მდგომარეობას ასახელებს.
ბუნებრივია, აღნიშნული მოვლენა, „სავალუტი კატასტროფასთან“ ერთად, ქვეყნის მთავარ თემად იქცა. ხელისუფლების მომხრე მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ დემონსტრანტების მიტინგები უკანონო იყო, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვის გარეშე ტარდებოდა. ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა კი დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებების ამსახველი კადრები გამოაქვეყნეს.
ლენქორანის მცხოვრები
‘ლიმანის მახლობლად ვცხოვრობ და კარგად ვიცნობ იქ გამართული აქციის მონაწილეებს, _ ამბობს ლენქორანის მკვიდრი, სკოლის მასწავლებელი საბირი _ მართლაც, ძალიან რთული მდგომარეობაა. ბევრი ჩვენგანი სეზონური სამსახურებისთვის ბაქოში ჩადიოდა, ზოგიერთს კი აქვე ჰქონდა სამუშაო. თუმცა, ამჟამად არც ბაქოშია სამუშაო, და არც აქ. მე თვითონ ხელფასი თვეში 160 მანათი($102) მაქვს და ტრანსპორტში ფული რომ არ დამეხარჯოს, სკოლაში მისასვლელ გზას (სამ კილომეტრს) ფეხით გავდივარ. მაინც გაჭირვებით ვითქვამ სულს. ჩემსავით ბევრი ცხოვრობს და მდგომარეობა სულ უფრო უარესდება’.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენპროკურატურა
‘ უკანონო ქმედებების ორგანიზატორები პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტი“ და „მუსავათის“ აქტივისტები არიან, გარკვეულ რადიკალურ და რელიგიურ-ექსტრემისტურ ძალებთა ერთად“,_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენპროკურატურის ერთობლივ განცხადებაში.
მათი თქმით, აქციის მონაწილეები ხელისუფლების მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხელს უშლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობასა და სხვადასხვა დაწესებულების მუშაობას.
ოპოზიცია
‘მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შინაგანი ჯარის გამოყვანა უბრალოდ უკანონობაა’, _ ამბობს პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ ლიდერი ალი ქერიმლი.მისი თქმით, ქვეყანაში გამართული მასობრივი აქციები კორუფციისა და ხელისუფლების არაკომპეტენტურობის შედეგია. ‘ასეთი „შორსმჭვრეტელური“ პოლიტიკაა ჩვენს ქვეყანაში _ ორი თვის წინ 10 000-მდე ღირებულების საქონლის დაუბეგრავად შემოტანა დააკანონეს, შემდეგ კი ეს კანონი გააუქმეს. ჯერ ამოქმედდა კანონი, რომელიც სპირტიანი სასმელების ნაღდი ფულით გაყიდვას კრძალავდა, თუმცა 12 დღის შემდეგ ეს რეგულაციაც გაუქმდა’, _ განაცხადა ქერიმლიმ.
ეკონომისტი
‘ამ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ვაძლევდით რეკომენდაციებს — ვეყრდნობოდით მაკროეკონომიკურ მაჩვენებლს, სამეცნიერო მეთოდებს,საერთაშორისო ტრნდებს… მათმა შედეგებმა კი გვიჩვენა, რომ ეკონომიკის ელემენტარული „ანაბანაც“ კი არ ესმით , – ამბობს ცნობილი ეკონომისტი ნათიკ ჯაფარლი, – ხელისუფლებამ თავად შექმნა ეს სავალუტო აჟიოტაჟი და, პრობლემის გადაჭრის რეალური გზების მოძიების ნაცვლად, სპეკულანტებთან დაიწყო ბრძოლა. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ’.
ბლოგერი
‘გულწრფელად მჯერა, რომ ტრიგონომეტრია, ორგანული ქიმია და სხვა სპეციალური სასკოლო საგნები სწავლების პროფილურ სფეროში უნდა გადავიდეს. მათი ადგილი კი ქუჩაში მოძრაობის წესებმა, ეკონომიკური გათვიცნობიერებულობის საფუძვლებმა და სხვა, ბევრად უფრო პრაქტიკულმა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლებმა საგნებმა უნდა დაიკავოს’, _ ამბობს ბლოგერი რომან ორკოდაშვილი. ‘როგორ შეიძლება „ფასების მომატების წინააღმდეგ“ მიტინგის ჩატარება! ეს იგივეა, რომ ცივი ამინდი, ან კონტინენტური დრეიფი გავაპროტესტოთ. ამ სახალხო მოძრაობას სრულიად უაზრო გზავნილი აქვს და ამიტომ უკვალოდ გაქრება’.
ბანკის თანამშრომელი
‘მესმის დემონსტრანტების და მათი პრობლემები ჩემთვის გასაგებია, თუმცა თავად მხოლოდ იმ შემთხვევაში გავალ ქუჩაში, თუკი ჩემი შვილისთვის პურის ფულს ვეღარ ვიშოვი. ამ მდგომარეობამდე კი ჯერ კიდევ დიდი დროა, _ამბობს რუფატი, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი.
გამყიდველი
‘პოლიცია ფულს მთხოვს, საგადასახადოსაც ფული უნდა… ყველა რაღაცას მთხოვს, მაგრამ ვაჭრობა რომ არ მიმდის, არავის აინტერესებს’, _ ამბობს რასიმი, რომელიც მაღაზიაში მეორად ტელეფონებს ყიდის _ ‘საკმარისია, გარშემო მიმოიხედოთ, მაშინვე დარწმუნდებით, რომ ბიზნესი იხურება, ვაჭრობა არ არის და ხალხი ღარიბდება’.
‘მაღაზია იხურება. ყველაფერი 20 მანათად’
‘ბიზნესი კოტრდება, “გვხურავენ“ სამსახური აღარსად დარჩა. მე თვითონ ჯაბრაილიდან ვარ და როგორ მოვიქცე? სახლში დავბრუნდე და მიტინგს შევუერთდე?’ _ კითხულობს მაღაზიის გამყიდველი.
უშუალოდ ჯაბრაილის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი
‘აქ რა დაგრჩენია, შე სულელო ნაბიჭვარო? „დაახვიე“ აქედან’, _ ურჩევს ჯიბრაილის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მახმუდ გულიევი უმუშევარს, რომელიც საპროტესტო აქციაზე მივიდა… შემდეგ ჩინოვნიკი პოლიციას უხმობს.
შოუბიზნესი
‘ჩვენ ძლიერი პრეზიდენტი გვყავს და დევალვაცია ვერაფერს დაგვაკლებს. რომც იყოს დევალვაცია, პრეზიდენტი მაინც არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენი ხალხი დაიტანჯოს’, _ ამბობს ცნობილი მომღერალი ილხამა გულიევა, _ ‘იგი ყოველთვის ახერხებდა სირთულეების დაძლევას. ჩემს ხალხს დევალვაციის არ ეშინია. ეს უბრალოდ მსოფლიო თამაშია, ჩვენი ხელმძღვანელი კი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტი, ალიევ ილხამ ჰეიდარ ოღლუა. ის არ დაუშვებს იმას, რომ მსოფლიო თამაშებს შევეწიროთ. არ არსებობს არავითარი დევალვაცია. ყველაფერი კარგადაა. ჩათვალეთ, რომ ამას ხალხის სახელით ვამბობ. ილხამ ალიევი არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენი ხალხი დაიტანჯოს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანის მოსახლეეობა მშვიდად იყოს’.
- 12 იანვარს აღჯაბედიში სამი მომიტინგე საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა და, ბანკების ვალებისა და უმუშევრობის გამო, ხელისუფლებას საკუთარი სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებული განცხადების მიხედვით, სიაზანიში დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს.
- პოლიციამ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე რეგიონში შინაგანი ჯარი შეიყვანეს. კონფლიქტის კერებამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.
- „მუსავათის“ ლიდერი არიფ გაჯინლი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში დაიბარეს და გამაფრთხილებელი შენიშვნა მისცეს.
- ლიანქარანის რაიონის დაბა ლიმანში (სადაც ერთ-ერთი აქცია გაიმართა), დააკავეს „მუსავათის“ ერთ-ერთი აქტივისტი, იმან ალიევი, რომელსაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ოცდაათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
- იმავე ბრალდებით ბაქოში „ეროვნული ფრონტის“ აქტივისტი, თურან იბრაჰიმი დააკავეს, რომელიც 7 დღით დააპატიმრეს. თურანი „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელის მრჩევლის, წარსულში დაპატიმრებული მამედ იბრაჰიმის შვილია.
- პრეზიდენტის განკარგულებით, მეწარმეობისა და ეკონომიკის სამინისტრომ პურზე დაწესებული დღგ გააუქმა, რის შედეგადაც ამ პროდუქტის ფასი შემცირდა.