ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად გაატაროს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები
მოსკოვის მექანიზმი
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად გაატაროს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის მთავარი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია – მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.”
12 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. ანგარიშში, რომელიც თითქმის 217-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.
საქართველოს ხელისუფლება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის სრულ სურათს არ ასახავს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ
ხელმომწერი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გააგრძელონ ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები განიხილონ, როგორც ბაზისი კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმისთვის.
განცხადებაში ვკითხულობთ:
“საქართველოს მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად გაატარონ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები.
დღეს, გვსურს, რომ ხაზი გავუსვათ კონკრეტულად შემდეგ ნაბიჯებს:
1. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად მოქმედებენ, ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებები წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, და პასუხში მისცენ პასუხისმგებელი პირები.
2. საქართველომ უნდა გაიწვიოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებსა და დაპირებებს, მათ შორის კანონები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე”, “უცხოური აგენტების რეგისტრაციაზე”, და დაკავშირებული შესწორებები გრანტებზე, მაუწყებლობაზე და პოლიტიკურ მონაწილეობაზე.
როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, შეუძლებელია ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე შესწორებებით. ამისთვის, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირთან და ვენეციის კომისიასთან, მთლიანად გაატარონ მათი რეკომენდაციები.
3. მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო განხილვის სხვა მონაწილეების უკანონო დაკავებებისგან და დევნისგან, გაიწვიოს უკანონოდ წამოყენებული ბრალდებები, და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი.
4. საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამასთან დაკავშირებული განხილვის ქვეშ მყოფი განაცხადები, და უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი სრულად არის დაცული.
5. ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის საჭიროებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესების გარანტიების უზრუნველყოფით, ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთოსა და ვენეციის კომისიის მრავალწლიან რეკომენდაციებთან შესაბამისად.”
ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და პოლონეთი.