მოსაზრება: სომხეთი ნათლად აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს TRIPP-ის პროექტში
სომხეთი არ განიხილავს რუსეთის მონაწილეობას TRIPP-ში
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა პროექტზე, რომელიც ბოლო თვეებში სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ თემად იქცა. საუბარია TRIPP-ის (“ტრამპის გზა – საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) ინიციატივაზე, რომლის გარშემოც ერევანი და ვაშინგტონი, ფაშინიანის თქმით, “ძალიან კონსტრუქციულ ორმხრივ მოლაპარაკებებს“ აწარმოებენ.
პროექტის არსი ერთი შეხედვით ტექნიკურია: გზა, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს მის ანკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს. თუმცა, პრაქტიკაში ეს საკითხი წლების განმავლობაში პოლიტიკურ ჩიხში იყო მოქცეული. ბაქო მოითხოვდა “ზანგეზურის დერეფანს“, რაც სომხეთში აღიქმებოდა, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობა. ერევანი, თავის მხრივ, მზად იყო კომუნიკაციების გახსნისთვის, მაგრამ არა “დერეფნის“ ლოგიკით.
გარღვევა მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში მოხდა, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ვაშინგტონში შეთანხმებას მიაღწიეს: გზა დარჩება სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ, ხოლო შეერთებული შტატები პროცესში ჩაერთვება, როგორც ბიზნესპარტნიორი. სწორედ ამ კონტექსტში დაერქვა პროექტს “ტრამპის მარშრუტი.“
ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრის დასაწყისში მინიშნებით თქვა, რომ ეს “მნიშვნელოვანი და შინაარსიანი ცვლილებებია რეგიონში“ და რომ საკითხს “ბევრი ნიუანსი“ აქვს სომხეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებით. თუმცა დეტალებზე მან საჯაროდ არ ისაუბრა.
მოსკოვმა მინიშნება მალევე გააკეთა. გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სომხეთთან კონსულტაციებისთვის, მათ შორის TRIPP-ში შესაძლო მონაწილეობის განსახილველად. ერევნის პასუხი მყისიერი და მკაცრი იყო: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩართვა ამ პროექტში საერთოდ არ განიხილება.
პოლიტოლოგ რობერტ გევონდიანის შეფასებით, ფაშინიანის მიერ ნახსენები “ნიუანსები“ უშუალოდ “ტრამპის მარშრუტს“ კი არ ეხება, არამედ მის შესაძლო გაგრძელებას – კერძოდ, რკინიგზის ხაზებს იერასხიდან ნახიჩევანის საზღვრამდე და გიუმრიდან თურქეთის საზღვრამდე.
“სომხეთის ხელისუფლება ცდილობს რუსეთს აჩვენოს, რომ ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღებაც მას შეუძლია“, – ამბობს გევონდიანი.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სომხეთის რკინიგზის სტატუსი. 2008 წლიდან ის რუსული სახელმწიფო კომპანიის, “რუსეთის რკინიგზის“ 100%-იანი შვილობილი სტრუქტურის, “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კონცესიური მართვის ქვეშ იმყოფება. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსული მხარის მონაწილეობას ახალ პროექტებში, როგორიცაა TRIPP. დოკუმენტი მხოლოდ არსებულ ინფრასტრუქტურასა და თავად კომპანიის მიერ აშენებულ მონაკვეთებს ეხება.
“გულუბრყვილო იქნებოდა იმის ფიქრი, რომ სომხეთი და აშშ ერთობლივად ააშენებენ რკინიგზას და შემდეგ მის მართვას რუსეთს გადასცემენ“, – ამბობს გევონდიანი.
ფაშინიანისა და პუტინის ბოლო განცხადებები ცხადყოფს, რომ საუბარი უფრო ფართო სურათზე მიდის: ძველი მარშრუტების აღდგენასა და ახალი კომუნიკაციების გახსნაზე, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან, ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პროცესი მოსამზადებელ ფაზაშია.
გევონდიანის აზრით, სომხეთი უკვე ემზადება TRIPP-ის “ლოგიკური გაგრძელებისთვის“, რაც მოითხოვს სერიოზულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. არსებული რკინიგზა დაბალი გამტარუნარიანობით მუშაობს, მაშინ როდესაც რეგიონში – განსაკუთრებით თურქეთსა და აზერბაიჯანში – ახალი ხაზები 100–120 კმ/სთ სიჩქარეზეა გათვლილი.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა სცადოს პროცესის დაბლოკვა. მისი თქმით, მოსკოვისთვის გეოპოლიტიკურად არასასურველია სომხეთში მაღალი ხარისხის, დასავლეთთან ინტეგრირებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობა.
“რუსეთს შეუძლია ინვესტირება და სარგებლის მიღება. მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი ქცევის გათვალისწინებით, უფრო სავარაუდოა, რომ მეტს მოითხოვს, და საბოლოოდ, ყველაფერს დაკარგავს“, – ამბობს გევონდიანი.
მისი შეფასებით, თუ ამოქმედდება, მაგალითად, იჯევან–ყაზახის რკინიგზის ხაზი, ეს შეიძლება გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ისტორიაში უმოკლესი სახმელეთო მარშრუტი, რაც სომხეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის ახალი ფანჯრის გახსნას ნიშნავს.