აფხაზეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. აფხაზი ჟურნალისტი და გაზეთ “ჩეგემკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი, ინალ ხაშიგი, თავის სვეტში განმარტავს, თუ რატომ არ უნდა აღვიქვათ მისი ეს ვიზიტი რაღაც რუტინულ ფორმალობად.
ინალ ხაშიგი:
2024 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში მწვავე შიდა პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, რამაც პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ვადამდელი გადადგომა გამოიწვია, სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გადატვირთვის პროცესშია.
კრემლმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა და აფხაზეთის მიმართულების კურატორი შეცვალა. ამ ახალმა კურატორმა, სერგეი კირიენკომ, ფაქტობრივად აღიარა აფხაზური ოპოზიციის სიმართლე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების მიღებას. ახლა თავად კრემლი აღარ მოითხოვს მის მიღებას და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ყველა შემდგომი ქმედება უნდა ითვალისწინებდეს აფხაზური ბიზნესისა და აფხაზი მოქალაქეების ინტერესებს.
თუმცა, სანამ აფხაზეთში ახალი პრეზიდენტი ირჩეოდა და კრემლი საქმეების ყოფილი პრეზიდენტიდან მოქმედი კურატორისთვის გადაცემის პროცესში იყო, მივიღეთ “თანმხლები ზიანი“: ორმა აფხაზმა პოლიტიკოსმა დაკარგა რუსეთის მოქალაქეობა, სამი ჟურნალისტი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა და კიდევ რამდენიმე აფხაზ მოქალაქეს რუსეთში შესვლა აეკრძალა.
გარდა ამისა, ბევრ ქალს, რომლებსაც ორმაგი, რუსეთ-აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ, რუსეთის ხელისუფლება სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენა, რომ ისინი უკანონოდ იღებდნენ ბავშვთა შემწეობას რუსეთში მუდმივად ცხოვრების გარეშე.
ორი მოკავშირედ მიჩნეული ქვეყნისთვის ასეთი სანქციები აბსურდულად გამოიყურება. ისინი არა მხოლოდ ცუდ ფონს ქმნიან რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში, არამედ ძალიან უარყოფით გავლენას ახდენენ აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე.
და ამ მხრივ, აფხაზეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს თემები რაზეც უნდა იმუშაოს და რა უნდა განიხილოს თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან.
თუ ოლეგ ბარციცის ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ნათქვამი სიტყვებით ვიმსჯელებთ, იგი სანქციების საკითხსაც შეეხო:
“ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფართო სპექტრი, რომელიც დღეს განხილვას მოითხოვდა; საკითხები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის – სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, უწყებათაშორისი ურთიერთქმედება. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ საკითხებს, რიგ საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის.“