მოსაზრება: ემოციების კრიზისი აფხაზეთში
პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში
აფხაზეთში პოლიტიკურმა კრიზისმა იფეთქა, რომლის მიზეზიც ძალოვნების მიერ დეპუტატის ცემა გახდა, რამაც მასობრივი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. JAMnews-ის აფხაზური რედაქციის რედაქტორი ინალ ხაშიგი აანალიზებს ამის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს.
აფხაზეთის პრეზიდენტი გზაჯვარედინზე იმყოფება. დროებითი სტაბილურობისთვის მას შინაგან საქმეთა მინისტრის მსხვერპლად შეწირვას სთავაზობენ. ძალიან პირობითი აფხაზური შიდაპოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაიწელა (ეს არის, როდესაც არ იმართება მიტინგები, რომელიც სამთავრობო შენობებზე შტურმში გადაიზრდება), ძალიან მოულოდნელად დასრულდა.
- აფხაზეთში სპეცსამსახურებმა ოპოზიციონერები „სასაუბროდ“ დაიბარეს
- მოსაზრება: როგორ ეხმარება ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა ვირუსს აფხაზეთში
- აფხაზი პოლიტოლოგი ასტამურ ტანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე
ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ელოდა საპროტესტო აქციებს, მით უმეტეს, რომ მათი ჩატარება ადრევე, ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსა ოპოზიციური მოძრაობა „არუაას“ ლიდერმა ტიმურ გულიამ. მაგრამ მას გვიან შემოდგომაზე ელოდნენ, როდესაც ენერგეტიკული კრიზისი – რომელმაც ელექტროენერგიის რეგულარული გათიშვებით მოსახლეობა დატანჯა – მოსალოდნელი იყო, რომ თავის სარეკორდო ფსკერს მიაღწევდა.
აქ კი კრიზისი სადღესასწაულო ზალპის დასრულების შემდეგ დადგა.
დეპუტატმა გარი კოკაიამ, რომელიც გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა მამასა და მის ომის მეგობრებთან ერთად სოხუმის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სუფრა პისტოლეტიდან ჰაერში სროლით დაასრულა. იმავდროულად, იმ ადგილიდან ას მეტრში, იმავე სანაპიროზე, სხვა რესტორანში დღესასწაულს აღნიშნავდა პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მასთან ერთად მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დმიტრი დბარმა ოპერატიული რეაგირება მოახდინა სროლაზე და პირადად წავიდა ვითარებაში გასარკვევად.
სრულიად შესაძლებელია, კოკაიას ადგილას სხვა დეპუტატი რომ ყოფილიყო, თუნდაც მოქმედი ხელისუფლებისადმი არც ისე ლოიალურად განწყობილი, სიტუაცია საკმაოდ მშვიდად განვითარებულიყო – მას, ვინც ისროდა და მას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონდამრღვევის დასამშვიდებლად წავიდა, შეიძლება აღარ გაეღრმავებინათ კონფლიქტი და მეგობრულად დაშლილიყვნენ, და ერთი ჭიქა შამპანურიც კი დაელიათ. დღესასწაული ხომ არავის გაუუქმებია.
თუმცა, გვიწევს კონსტატაცია მოვახდინოთ, რომ აფხაზური პოლიტიკური წრე ძალიან გაჯერებულია ემოციებით. ერთსა და იმავე ქმედებაზე რეაქცია, როგორც წესი, დიამეტრულად განსხვავებულია ხოლმე. შეფასება და დასკვნები პირდაპირ არის დამოკიდებული პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. მნიშვნელობა არ აქვს თავად მოქმედებას, მთავარია ვინ იმოქმედა.
ასე რომ, გარი კოკაიამ, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც პოლიტიკაში გამოჩნდა, უკვე მოიპოვა მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამაღიზიანებლის რეპუტაცია. თავის მხრივ, დმიტრი დბარი საკუთარი სიხისტის წყალობით, ზუსტად ასევე არ უყვართ ოპოზიციურ წრეში.
მოკლედ, ორი პოლიტიკური ანტიპოდის შეხვედრისას, თანაც ადამიანების, რომლებსაც საკუთარი ღირსების გამწვავებული გრძნობა აქვთ, კონფლიქტი აპრიორი გარდაუვალი იყო. და ის მოხდა კიდეც.
ამ ჩხუბში ძალები თავიდანვე არათანაბარი იყო – დეპუტატსა და მისი თანასოფლელებს სოფელ აძიუბჟიდან მილიციონერებმა მინისტრის ხელმძღვანელობით კარგად სცემეს. რის შემდეგაც მოვალეობის შესრულების გრძნობით აღსავსე გამარჯვებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა, წაგებულებს კი ნათესავები საავადმყოფოებში დაატარებდნენ.
მეორე დღეს კი დეპუტატის გაბრაზებული თანასოფლელები პარლამენტის შენობის კედლებთან შეიკრიბნენ და სატისფაქციას მოითხოვდნენ. პარლამენტი, რომელიც დასვენების დღეს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა, ნამდვილად შეძლებდა აძიუბჟელების დამშვიდებას, თუკი მიიღებდა რეზოლუციას პრეზიდენტისადმი რეკომენდაციით, რომ ასლან ბჟანიას დროებით შეეჩერებინა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ცემაში მონაწილე ყველა მილიციელის უფლებამოსილება. მაგრამ დადებითი შედეგის მისაღებად ორი ხმა დააკლდათ და ეს საკითხი ორშაბათისთვის გადაიდო.
ასეთმა გადადებამ კიდევ უფრო გააღვივა გრძნობები, თანაც აძიუბჟელებს სოლიდარობა გამოუცხადა ფაქტობრივად მთელმა ოპოზიციამ.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც დროულად მიხვდა, რომ თუკი სწრაფად არ მოახდენდა რეაგირებას, შესაძლოა სიტუაცია კონტროლიდან გასულიყო, მოსკოვში მივლინება შეწყვიტა, სამშობლოში დაბრუნდა და, როგორც ამბობენ, წინმსწრებად იმოქმედა.
არ დაელოდა პარლამენტის ახალ სხდომას, თუკი უფრო ზუსტები ვიქნებით, საპროტესტო მიტინგს და სამთავრობო კომპლექსის შენობებთან გადანაცვლებას, და ბჟანიამ სროლასა და ჩხუბთან დაკავშირებული გამოძიების დასრულებამდე, დაკავებული თანამდებობიდან დროებით გადააყენა დმიტრი დბარი.
ადამიანების მოედნიდან გაყვანა მოხერხდა ხელისუფლების განცხადებებით, რომ მომხდარის გამოძიება ერთი კვირის ვადაში დასრულდება.
მიუხედავად ამისა, აძიუბჟელები და ოპოზიციონერები ორშაბათს შეიკრიბნენ, რადგან დროებითი გადაყენება მათ სრულფასოვან სასჯელად კი არა, გარკვეულ პოლიტიკურ მანევრად მიიჩნიეს, რომლის მიზანიც საპროტესტო ტალღის დაგდება იყო.
ახლა პრეზიდენტი არჩევანის წინაშე დგას – გაწიროს თავის გარემოცვაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა თუ დროზე ადრე შევიდეს ოპოზიციასთან კონფრონტაციაში, რაკი ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც აფხაზეთია, სწორედ ის და არა საგამოძიებო ორგანოები სვამენ აქცენტებს გახმაურებულ საქმეებზე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო