მოსაზრება აფხაზეთიდან: ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ უზარმაზარ არმიას. საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური მილიტარიზაცია
მოსაზრება აფხაზეთიდან
უკრაინული უპილოტო აპარატების მომრავლებულმა თავდასხმებმა რუსეთის რეგიონებზე, რომლებიც უშუალო სიახლოვეშია აფხაზეთთან, სოხუმში შეშფოთება გააძლიერა.
აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი და უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი, თენგიზ ჯოპუა, “Апсны хабар“-ის ტელეგრამ-არხზე მიმდინარე ვითარებას აფასებს, უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და საკუთარ ხედვას გვთავაზობს.
მისი შეფასება უფრო პესიმისტურია: აფხაზეთის უსაფრთხოება არაფრით არის გარანტირებული და მოქალაქეთა დაცვა, მისი თქმით, თავად მოქალაქეებზეა დამოკიდებული.

თენგიზ ჯოპუა:
“ვიზიარებ საზოგადოების შეშფოთებას უსაფრთხოების მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით უკრაინული დრონების ხშირი თავდასხმების ფონზე მეზობელ ტერიტორიებზე. უკვე ცნობილია, რომ მათი ფრენის მარშრუტი აფხაზეთზე გადის. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ღია სივრცეში გამოჩნდა ვიდეომასალა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების აეროგადაღებებიდან. ირკვევა, რომ უკრაინული უპილოტო თავისუფლად დაფრინავს ჩვენი ტერიტორიის თავზე, დაახლოებით ერთი კილომეტრის სიმაღლეზე, ისეთ ზონებში, სადაც განსაკუთრებული კონტროლი უნდა არსებობდეს,“ – წერს თენგიზ ჯოპუა.
მისივე თქმით, აფხაზეთში [რუსეთ–უკრაინის ომის კონტექსტში] სტრატეგიული სამიზნეები არ არის და სოხუმი საერთაშორისო ინტერესის საგანს ნაკლებად წარმოადგენს. თუმცა, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ხელისუფლებამ “საფრთხეები ადეკვატურად უნდა შეაფასოს, რათა ერთმა პრობლემამ კიდევ უფრო სერიოზულ კრიზისამდე არ მიიყვანოს“.
ჯოპუა სკეპტიკურად უყურებს თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს სრული მზადყოფნის შესახებ:
“საჰაერო თავდაცვის სისტემები ნამდვილად არსებობს, მაგრამ მათი რაოდენობა უკიდურესად მცირეა. ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ სრულფასოვნად დავიცვათ ჩვენი საჰაერო სივრცე.“
მისი თქმით, საფრთხეს მხოლოდ დრონის ჩამოგდება არ წარმოადგენს:
“აფეთქებული უპილოტოს ფრაგმენტები მიწაზე ეცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობების დაზიანება, ხანძრები ან მსხვერპლი. ამიტომ გადაწყვეტილება – ჩამოაგდო თუ არა დრონი – ყოველთვის რთულია. ისინი, ვინც ამბობენ, რომ ყველა უნდა ჩამოვაგდოთ, ასეთ ფაქტორებს არ ითვალისწინებენ.“
ჯოპუა ხელისუფლების ნაბიჯებსაც აკრიტიკებს: “რეალური მოქმედებები არ ჩანს. ვიცი, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა და გადაწყვეტილება მიიღეს სიგნალიზაციის სისტემის შექმნაზე… მაგრამ საბჭოთა კავშირის დროიდან მემკვიდრეობით მიღებული სამოქალაქო დაცვის ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი ობიექტი განადგურებულია ან კერძო საკუთრებაში გადავიდა, ბომბსაფარები აღარ არსებობს, მოსახლეობა კი არ არის სათანადოდ ინფორმირებული, როგორ მოიქცეს რთულ სიტუაციაში.“
ჯოპუა იხსენებს გამოცდილებას რუსეთში:
“ერთ-ერთი შეტევის დროს ადლერში ვიყავი და ვნახე, როგორ მუშაობს იქ გაფრთხილების სისტემა. მოსახლეობას ტელეფონზე შეტყობინებები მისდის, ირთვება განგაშის სიგნალი, ადგილობრივი ხელისუფლება კი აქტიურად თანამშრომლობს მოქალაქეებთან. ეს ამცირებს პანიკას და ქმნის განცდას, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჩვენთან, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი არსებობს. როდესაც საზოგადოება სიტუაციას განიხილავდა, ხელისუფლება დუმდა.“
როგორი უნდა იყოს აფხაზეთის უსაფრთხოების სისტემა?
აფხაზეთის შეიარაღებული ძალების განვითარება, თენგიზ ჯოპუას აზრით, უნდა იყოს მჭიდროდ დაკავშირებული სამოქალაქო თავდაცვასთან.
“დღევანდელი უსაფრთხოების სტრუქტურული მოდელი არ შეესაბამება არც აფხაზეთის მასშტაბებს და არც რესურსულ შესაძლებლობებს. რეგულარული არმიის შექმნა მძიმე ტექნიკით, ავიაციით, დიდი იარაღის საწყობებითა და გენერლების შტაბებით — ჩვენთვის მიუწვდომელია. თანაც, თანამედროვე ომებმა აჩვენა, რომ ასეთი ობიექტები სწრაფად იქცევა მოწინააღმდეგის სამიზნედ. საჭიროა სხვა გზა ვიპოვოთ,“ — აცხადებს ის.
მისივე თქმით, აფხაზეთს დიდი არმიის შენახვის რესურსი არ აქვს, ამიტომ მთავარი პოტენციალი მოქალაქეებშია:
“საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური მილიტარიზაცია. თითოეული მოქალაქე, მიუხედავად სქესისა, უნდა იქცეს თავდაცვის ერთეულად. თითოეული სახლი, ბორცვი, მღვიმე თუ ხეობა შეიძლება იქცეს საბრძოლო პოზიციად.“
ჯოპუა აღნიშნავს, რომ მსგავსი მოდელი გამოიყენება შვეიცარიასა და ისრაელში: “ყველანი უნდა ვიყოთ არმიის ნაწილი, ვიცხოვროთ სამოქალაქო ცხოვრებით, მაგრამ ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ ომისთვის.“
მისივე შეფასებით, აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების აღდგენა და მათი დაბრუნება სახელმწიფო საკუთრებაში.
რა მოლოდინები აქვს აფხაზეთს რუსეთისგან?
“ჩვენ რუსეთთან გვაქვს ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვაზე, ასევე — შეთანხმება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ. ამ დოკუმენტებში გათვალისწინებულია არაერთი ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვანია აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობისთვის და სრულფასოვანი შეიარაღებული ძალების შექმნისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი არ შესრულებულა,“ — ამბობს თენგიზ ჯოპუა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობის გადატანის პრაქტიკა აფხაზეთს საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებამდე მიიყვანს: “სახელმწიფო საზღვრის დაცვა ჩვენ თვითონ უნდა მოვაგვაროთ. შეიძლება რუსეთის მხარდაჭერით, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი ძალებით.“
ჯოპუა ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისას და სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების მუშაობაში აფხაზეთი მხოლოდ საკუთარ რესურსებსა და შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო