მკვლელობის წლისთავი
მეჰდიაბადის სასაფლაო ქალაქიდან საკმაოდ შორს მდებარეობს; ამიტომ, ერთი წლის წინათ მოკლული ჟურნალისტის, რასიმ ალიევისთვის პატივის მიგების მსურველებს ავტობუსის დაქირავება მოუხდათ.
რასიმი სასაფლაოს კიდეზე, ოჯახის კუთვნილ შემოღობილ ნაკვეთზე დაასაფლავეს. გარშემო დაბალი ნაძვები და აფშერონის ყვითელი ქვიშაა. გაუსაძლისად ცხელა. მამაკაცები ცხვირსახოცებით იწმენდენ სახეებს.
“ჟურნალისტის მკვლელობა” შოკისმომგვრელად ჟღერს. თუ გავითვალისწინებთ იმ პატივს, რომლითაც აზერბაიანული პრესა სარგებლობს, ბუნებრივად წარმოგვიდგება სურათი – ჟურნალისტის მკვლელობის დაკვეთა, უსამართლო გამოძიება და დაუსჯელი მკვლელი. ერთი წლის წინათ ამ ამბავმა მედიის სფეროში მომუშავე ადამიანები და უფლებადამცველები აღაშფოთა. რასიმი ფეხბურთელ ჯავიდ ჰუსეინოვის მეგობრებმა და ნათესავებმა ცემით მოკლეს. ალიევი ფეხბურთელს სოციალურ ქსელებში კიცხავდა ხოლმე. ფაქტობრივად, იგი “ფეისბუქში” გამოქვეყნებული “პოსტის” გამო მოკლეს.
რასიმი სემაშკოს სახელობის საავადმყოფოში, ცემის შემთხვევიდან ერთ დღის შემდეგ გარდაიცვალა; ამიტომ, მისი ოჯახის წევრებიც და ბრალდებულების ახლობლებიც ექიმების პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. თუმცა, როგორც ალიევების ოჯახის ადვოკატმა, ფარიზ ნამაზლიმ აღნიშნა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ ელშან ისმაილოვი, ჯამალ მამედოვი და კიდევ სამი მოქალაქე ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 13-დან 9 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. თავად ჯავიდ ჰუსეინოვს კი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იმ პერიოდში, როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა, ჟურნალისტები ყურადღებით აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს. ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებდა პორტალი ANN.Az, სადაც თავის დროზე თავად რასიმ ალიევი მუშაობდა. იგი ANN TV-ს ვიდეოჯგუფს ხელმძღვანელობდა.
რა თქმა უნდა, 9 აგვისტოს რასიმის თანამშრომლები სასაფლაოზე იმყოფებოდენ. რასიმის საფლავთან სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლება, უფლებადამცველებმა და პოლიტიკოსებმაც მოიყარეს თავი. მაგალითად, იქ იმყოფებოდა პარტია “მუსავათის” ყოფილი ხელმძღვანელი ისა გამბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ “ფაქტობრივად, საქმე გვაქვს პოლიტიკურ მკვლელობასთან, რადგან თავისუფალი პრესა და სიტყვის თავისუფლება აზერბაიჯანში ხელისუფლების გამუდმებულ ზეწოლას განიცდის.”
“ისეთი ჟურნალისტისა და პროფესიონალის სიკვდილი, როგორიც იყო რასიმ ალიევი, დიდი დანაკლისია დამოუკიდებელი ეროვნული პრესისათვის, რომელიც ისედაც თითქმის გამქრალია,” – განაცხადა სააგენტო “თურანის” დირექტორმა, მეხმან ალიევმა. ალიევის თქმით, სახელმწიფომ თავად შექმნა ისეთი გარემო, სადაც სპორტსმენები ელიტად მიიჩნევიან, ჟურნალისტები კი პირიქით – მარგინალურ ჯგუფად.
სახელმწიფოსა და პრესას შორის ურთიერთობის საილუსტრაციოდ მეხმან ალიევმა ცერემონიაზე მმართველი პარტიისა და “პრესის საბჭოს” წარმომადგენლების არყოფნა დაასახელა.
“პრესის საბჭო” ჟურნალისტების უფლებების ერთადერთი ოფიციალური დამცველია აზერბაიჯანში. გასულ წელს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები რასიმის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მისულან.
ტატიანა კრიუჩკინა, ჟურნალისტი, რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თანამშრომელი: “გასულ წელს ჩვენი ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ჟურნალისტი რასიმ ალიევი მოკლეს. მისი მკვლელობის საქმე, ისევე როგორც სხვა მოკლული ჟურნალისტების საქმეები, ბოლომდე გამოძიებული არ არის. მცირე ხნის წინ, ინტერვიუს გამო, ტელეარხი ANS დახურეს. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზიები და არც მასმედიის რომელიმე სხვა საშუალება ფუნქციონირებს დამოუკიდებლად.”
რეპორტიორების თავისფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი – ორგანიზაცია, რომელსაც სხვადასხვა დროს ემინ ჰუსეინოვი (ამჟამად პოლიტემიგრანტი) და რასულ ჯაფაროვი (მცირე ხნის წინათ გათავისუფლებული პოლიტპატიმარი) ხელმძღვანელობდნენ, ჟურნალისტებისა და იმ უბრალო მოქალაქეების უფლებების დაცვით იყო დაკავებული, რომლებიც ამ ორგანიზაციას სთხოვდნენ დახმარებას. 2014 წლის ზაფხულში პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ოფისი დაიხურა. თავად რასიმ ალიევმა დახურვის დღიდან რამდენჯერმე დაწერა თავის “ფეისბუქგვერდზე”, რომ მას ემუქრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რასიმის მკვლელობა, თავისთავად, მისსავე საქმიანობასთან პირდაპირ კავშირში იყო, მრავალი კოლეგის აზრით, საკუთრივ პოლიტიკურმა ვითარებამ და დამოუკიდებელი სასამართლოების არარსებობამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც ჟურნალისტის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. ანუ ზოგიერთი არაოფიციალური “რეიტინგის” მიხედვით, ჟურნალისტები არ არიან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც სახელმწიფოსგან დაცვის იმედი უნდა ჰქონდეთ; სპორტსმენებისგან განსხვავებით. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული მოსაზრება.
მიუხედავად ამისა, ამ სამგლოვიარო თარიღთან დაკავშირებით ვებგვერდ ann.azz-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ საქმის გამოძიება ქვეყნის პრეზიდენტის პირად კონტროლზეა აყვანილი.
გამოქვეყნდა: 13.08.2016