14 ადამიანი დაიღუპა თურქეთსა და საბერძნეთის კუნძულებზე მიწისძვრის შედეგად
14 ადამიანი დაიღუპა თურქეთსა და საბერძნეთში მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბრის საღამოს, ეგეოსის ზღვაში, 6.9-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე ქალაქში დაინგრა შენობები და ზღვისპირა რაიონები, კუნძულები კი დაიტბორა ზღვაში ძლიერი ტალღების გამო.
სერიოზულად დაზარალდა თურქეთის ქალაქი იზმირი, სადაც, სულ მცირე, 17 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.
სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთში, 12 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი დაიხრჩო, 419 ადამიანი კი დაშავდა.
იზმირის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ 70 ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.
იზმირში, ერთ-ერთ ბინაში, კამერამ მიწისძვრის მომენტი გადაიღო:
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე, ორი მოზარდის, ბიჭისა და გოგოს ცხედრები აღმოაჩინეს საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
წყალდიდობა
იზმირის პროვინციის ქალაქ სეფერიჰისარის მერმა, ისმაილ იეთიშქინმა Reuters-ს განუცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად, „ერთგვარი მცირე ცუნამი წარმოიშვა“.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს ნამსხვრევები, მათ შორის, მაცივრები, სკამები და მაგიდები, რომლებიც წყალდიდობის დროს, ქუჩაში მიცურავს. ტელეარხმა TRT Haber-მა აჩვენა კადრები, სადაც წყალმა ავტომობილი გაიტაცა.
თურქეთი და საბერძნეთი მზად არიან, ერთმანეთს დაეხმარონ
თურქეთი და საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩენილ გაზის ახალ საბადოზე უფლებების გამო მწვავედ დავობენ. თუმცა, ამ ტრაგედიამ მაშინვე დააახლოვა ისინი. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეფონით ისაუბრა და ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს საბერძნეთს, თუკი საჭირო იქნება.
თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებშიც მიწისძვრის რისკი არსებობს. 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა 1999 წლის აგვისტოში, როდესაც 7.6-ბალიანმა მიწისძვრამ სტამბოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი იზმითი დაანგრია.
2011 წელს, მიწისძვრის შედეგად, თურქეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ვანში, 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.