მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარულ არჩევნებს ყველგან მოიგებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა “ერთპიროვნულად გაიმარჯვებს” და უმრავლესობას აიღებს.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საკუთარ გეგმებზე ექსპრეზიდენტმა “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ნაციონალური მოძრაობა ემზადება უმრავლესობის ასაღებად”
კითხვაზე, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა 76 ხმას აიღებს, ექსპრეზიდენტი პასუხობს: “რატომ არა? დარწმუნებული ვარ. იმ პირობებში, როდესაც მე ჩავუდგები სათავეში სხვებთან ერთად ამ კამპანიას, იმ პირობებში, როცა იქნება აქტიური, ძალიან შეტევითი და ძალიან თანმიმდევრული, მომავალზე ორიენტირებული ნამდვილი კამპანია… რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ემზადება უმრავლესობის ასაღებად.”
სააკაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებში მიღებული ხმები დაიცვას – ყველა საარჩევნო უბანზე იქნება რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დამკვირვებელი, სახის ამოცნობის სისტემა და ჩატარდება ეგზიტპოლი.
• მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში
• ბრიყვული და სამარცხვინო – ასე აფასებენ ექსპერტები თბილისის რეაქციას სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში
სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარულ არჩევნებს ყველგან მოიგებს.
“ახლა ნაციონალური მოძრაობა მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში, ამაში ვარ დარწმუნებული. ისეთი სერიოზული ხალხი მოდის ჩვენთან მაჟორიტარებად, ადრე გამოხედვაც რომ არ უნდოდათ ჩვენკენ. რა თქმა უნდა, ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდის ძალიან საინტერესო ფიგურები, დიდი სიმბოლური მნიშვნელობის, და ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ნაციონალურ მოძრაობასთან.”
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ის პრემიერ-მინისტრი იყოს, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ “საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი” და ის, ისევე, როგორც ყველა სხვა, ქართველი ხალხის ნებას დაემორჩილება.
“ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი ვაშაძის მხრიდან გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია” დატოვებასაც გამოეხმაურა.
“ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს,” – ამბობს სააკაშვილი.
პრიორიტეტი – ტყემალი, რომელიც 200-300 მილიონი დოლარის მოგებას მოიტანს
წამყვანის კითხვაზე, დაასახელეთ ერთი რამ, რაც ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის დროს პრიორიტეტებში არ შეიტანეთა და ახლა ფიქრობთ, რომ პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:
“როცა ვფიქრობ სოფლის მეურნეობაზე საქართველოში, საქართველო არის კულინარიული ზესახელმწიფო. ტყემალი რომ აწარმოო მარტო, როგორც არის კეტჩუპი და როგორც არის ტობასკო, მაგალითად, მარტო ტყემალს შეუძლია შემოიტანოს ყოველწლიურად, თუ კარგად ჩადებ ამაში ფულს, მინიმუმ 200-300 მილიონი დოლარი სუფთა მოგება, ასეთი პროდუქტი საქართველოს აქვს რამდენიმე.”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 მაისს დანიშნა.
უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციისთვის თბილისში გამოიძახეს.
მიხეილ სააკასვილმა 11 ივნისს, ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოს განადგურებას მშვიდად ვერ უყურებს და ის ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება. ექსპრეზიდენტის ამ განცხადებაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაა და საქართველოში უკრაინის ელჩი განმარტებისთვის სამინისტროში დაიბარა.
საქართველოში რომ “დიდი გეგმები აქვს” და შემოდგომაზე “გადამწყვეტი გარღვევისათვის” ემზადება, ამის თაობაზე სააკაშვილმა ორი კვირის წინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყენებულ პოსტშიც დაწერა.
მისი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ სააკასვილის “ყოველი განცხადება იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იწვევენ და გამოხატავენ უკმაყოფილებას.”