სინამდვილეში, ადამიანების ორი კატეგორიისთვის – სკოლის მოსწავლეების მშობლებისა და ყვავილების გამყიდველებისთვის – სასწავლო წელი ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო
ყვავილები
გუშინ საღამოს მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან სუპერმარკეტ “ფავორიტამდე” ფეხით რომ გაგესეირნათ, სულ ცოტა, ათ ქალს მაინც შეხვდებოდით ხელში ვარდის თაიგულით. ისინი გამეხებული სახეებით გამოდიოდნენ მაღაზია “ათ ჩიჩაიიმიდან” (“თეთრი ყვავილი”), სადაც ცოტა ხნის წინ საშინელ რიგში იყვნენ ნადგომები თავ-თავიანთი ნადავლის მოსაპოვებლად.
მაღაზიის შიგნით კი ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. თაიგულებით ხელდამშვენებული ფლორისტები “კულისებიდან” ხტებოდნენ და მორიგ კლიენტებს იგერიებდნენ. შეკითხვაზე, თუ როდის იხსნება მაღაზია, სირბილით მოძრავმა გამყიდველმა დაიყვირა: “მთელ დღე-ღამეს ვმუშაობთ!” და ჰაერში სასოწარკვეთით დაატრიალა ხელი.
მომდევნო დღის დილის საათებში იგივე მაღაზია ცარიელი იყო (თუმცა, არევის კვალი ემჩნეოდა). პერსონალი სრული შემადგენლობით ფხიზლობდა და მოსწავლეების მშობლების კიდევ ერთი შემოსევისთვის ემზადებოდა. იმ ღამეს არც ერთ მათგანს არ უძინია, რადგან 15 სექტემბერი ის დღეა, როდესაც ყვავილების მაღაზია იმდენივეს ვაჭრობს, რასაც ორ კვირაში “ჩვეულებრივ რეჟიმში” მუშაობისას.
ტრანსპორტი
ახლა სწავლა ყველა სკოლაში ერთდროულად არ იწყება და ამიტომ, დილით როგორღაც მაინც შეიძლება ქალაქის ცენტრში მოხვედრა. მაგრამ, 15 სექტემბერს ბაქოს ტრანსპორტს მაინც უპირისპირდება მისი ყველაზე საშიში მტერი – ასპროცენტიანი დასწრება. დღეს პირველი სასწავლო დღეა – არავინაა ავად, არავის ჩაძინებია და არც “შატალოზეა” ვინმე.
ავტობუსი ნომერი 77 სკოლამდე ერთი კვარტლის დაშორებით იჭედება. განსაკუთრებული სიმჭიდროვე არ იგრძნობა, მაგრამ მოსწავლეების მშობლები მაინც ტანჯვით ოხრავენ, ფეხზე დგებიან და კართან მიდიან, სადაც, რა თქმა უნდა, ხუთი წუთს კიდევ დგანან.
ერთ-ერთი მათგანი ხმამაღლა ამბობს: “ექვსი ნომრით უნდა წამოვსულიყავით”.
სინამდვილეში ექვს ნომერში ნერვიული ადამიანების ადგილი არ არის, რადგან Baku Bus-ის ავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე ჩერდება და არა იქ, სადაც სთხოვენ. გაჩერებამდე ოციოდე მეტრი იყო დარჩენილი. 77-ის ცბიერ მძღოლს ჯერ კიდევ არ ჰყავდა გაჩერებული ავტობუსი, როდესაც მგზავრების გამოშვება დაიწყო.
რიცხვები და მონაცემები
15 სექტემბერი აზერბაიჯანში ოფიციალურად გამოცხადდა ცოდნის დღედ;
2016 წლიდან საზაფხულო არდადეგები 15 ივლისს იწყება. ადრე სწავლა 29 მაისს სრულდებოდა;
წელს აზერბაიჯანში დაახლოებით 157 ათასი პირველკლასელი წავიდა სკოლაში;
ბაქოში 350-ზე მეტი საშუალო სკოლაა, მათ შორის – კოლეჯები და ლიცეუმებიც (რომლებიც, ჩვეულებრივი საჯარო სკოლების მსგავსად, სახელმწიფო დაწესებულებებად მიიჩნევა, მაგრამ უშუალოდ განათლების სამინისტროს ექვემდებარება, და არა მის რაიონულ განყოფილებებს.