აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად მკაცრდება წესები აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლებისთვის. ახალი წესების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, თავშესაფრის მოთხოვნის უფლებაზე უარს ეტყვიან და ისინი ქვეყნიდან დეპორტირდებიან. ასევე მათ ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალებათ შეერთებულ შტატებში ხელახლა შესვლა.
საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ბოლო წლებში მექსიკის გავლით ამერიკაში საქართველოს ათასობით მოქალაქე გადავიდა. საქართველოდან ისინი უმუშევრობას და სიღარიბეს გაურბიან. ემიგრაცია ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება – საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
ახალი ზომები დაუყოვნებლივ შევა ძალაში და არ შეეხება მხოლოდ ბავშვებს თანმხლები პირების გარეშე, ასევე არალეგალებს, რომლებსაც „ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე ემუქრებათ“, ასევე ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლებს.
გეგმის თანახმად, შეზღუდვები დროებითი იქნება: ისინი მაშინ გააქტიურდება, როდესაც კვირის განმავლობაში საზღვარზე დაკავებულ არალეგალ მიგრანტთა საშუალო რაოდენობა დღეში 2500-ს გადააჭარბებს და მოიხსნება, როცა ეს რიცხვი დღეში 1500-მდე შემცირდება.
როგორ მოხდება დეპორტაციის აღსრულება, ჯერჯერობით გაურკვეველია.
როგორც Reuters აღნიშნავს,ეს ზომები აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას მოგვაგონებს. ტრამპიც, ისევე როგორც ბაიდენი, წელს მეორედ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.
2021 წელს, გაპრეზიდენტებისთანავე, ბაიდენმა ტრამპის მიერ 2019 წელს, მექსიკის საზღვარზე შემოღებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ბაიდენმა ასევე უარი თქვა მექსიკის საზღვართან სასაზღვრო კედლის აშენებაზე.