ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვეს
საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
● საქართველო აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების უკანონო დათმობას იძიებს. გახმაურებული საქმის დეტალები
•უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს
მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებები.
მოკლედ საქმის არსი შემდეგშია: გამოძიების თანახმად, სააკაშვილის დროს მომუშავე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიამ გადამალა მნიშვნელოვანი რუკა, რის შედეგადაც ტერიტორიების გარკვეული ნაწილი (3 500-მდე ჰა ფართობის მიწა), რომლებიც წესით საქართველოს კუთვნილებაა, აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.
პროკურატურამ ამ საქმის ძიება 17 აგვისტოს დაიწყო. საქმეში ერთადერთი მტკიცებულებაა – 1938 წელს გამოცემული რუკა. ამ რუკაზე (სხვა რუკებისგან განსხვავებით) მიწების გარკვეული ნაწილი საქართველოს მხარესაა. საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სადავო ტერიტორიაზე – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე.
პროკურატურის ინფორმაციით, კომისიის წევრი ბრალდებული ექსპერტები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებით, “რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.
რუკის ასლი, რომელზეც მთელი საქმეა აგებული, ქართულმა მხარემ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენისგან მიიღო. ხოლო, რუკის დედანი, როგორც გამოძიება ამბობს, ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკისას იპოვეს.
მელაშვილი და ილიჩოვა არ აღიარებენ დანაშაულს და აბსურდულს უწოდებენ მას. ისინი ამ საქმეს პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირებენ. მათი თქმით, რუკა, რომელზეც არის საუბარი, ხარვეზიანი იყო და მისი არსებობა არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენდა.
პოლიტიზებულს უწოდებენ საქმეს ოპოზიცია, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არჩევნებამდე 24 დღით ადრე, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს მოქმედი კომისიის საქმიანობის ბუნდოვანი გამოძიების მიზანი სააკაშვილის და მისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციაა, ფიქრობენ დამკვირვებლები.
ბრალდების მხარემ მელაშვილის და ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
პროკურორი მიხეილ სადრაძე ამ მოთხოვნას ასე ასაბუთებდა – ბრალდებულებმა შეიძლება ჩაიდინონ ახალი დანაშაული, მიიმალონ ან მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ.
სადრაძის თქმითვე, რაკი საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რითაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე წარმოიქმნა, ამიტომ ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო.
● უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს
● აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში
ივერი მელაშვილმა თავის სიტყვაში სასამართლოს მიმართ თქვა, რომ არა აქვს მნიშვნელობა სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი ამ ბრალდებით ვერ იცხოვრებს.
“ერთი კი რაღაც მინდა გითხრათ, არსად გაქცევას არ ვაპირებ, არც მიმალვას, ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია”,— განაცხადა მელაშვილმა.