"მტრული დოკუმენტი" - პარლამენტმა MEGOBARI აქტის საპასუხო განცხადება გაავრცელა
MEGOBARI აქტის საპასუხო განცხადება
საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი აშშ-ს კონგრესში MEGOBARI აქტის მიღებას საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აცხადებს, რომ MEGOBARI აქტი, “თავისი არსით” საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია.
“ქართული ოცნება” განცხადებაში უარყოფს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ფაქტს, ისევე, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას, ასევე რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირებს და აღნიშნულს რეჟიმი “ცრუ ბრალდებებს” უწოდებს.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია კონსპირაციაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრას დიფ სთეითი და მისი ინსტიტუტები ცდილობენ – ერთპარტიული პარლამენტი ირწმუნება, რომ დიფ სთეითი “ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა”.
რა წერია საპასუხო დოკუმენტში
“საქართველოში “მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის” შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა
[საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას “დიპ სტეიტი“ და მისი ინსტიტუტები ცდილობდნენ – აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი უკავშირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომლებიც USAID-ის, NED-ისა და სხვა, მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა.ამასთანავე, 2020 წლიდან დღემდე “დიპ სტეიტი” ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რისი ვიდეომტკიცებულებებიც საჯარო წყაროებში მრავლად მოიპოვება
ე.წ. “მეგობარი აქტი” საქართველოსადმი “დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ “დიპ სტეიტისგან” დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს
საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − “დიპ სტეიტმა” საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა “დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა “მეორე ფრონტის გახსნის” თაობაზე.
საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია “დიპ სტეიტს” წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული.
საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყონ”. – წერია განცხადებაში.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები MEGOBARI Act-ის მიღების შემდეგ პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და ოცნების პროპაგანდისტები მოხვდნენ.
დოკუმენტში მითითებულია, რომ “ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაში”.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით 13 მაისს მიმართა, სადაც ამბობს, რომ დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ “გაუგებარია”, რატომ რჩება ძალაში სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ “დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა” და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს.
კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები “დიფ სთეითის” დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.