The Hill: რესპუბლიკელი სენატორი, მარკუეინ მალინი "MEGOBARI აქტის“ მიღებას აფერხებს
MEGOBARI აქტი
რესპუბლიკელი სენატორი, მარკუეინ მალინი “MEGOBARI აქტის“ მიღებას აფერხებს, – ამის შესახებ სტატიას The Hill-ი აქვეყნებს და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული თვის ბოლოს, სენატორმა მარკუეინ მალინმა მოახერხა და სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ თუნი დაარწმუნა, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პაკეტიდან “MEGOBARI აქტი“ ამოეღო. ასევე, მალინმა კანონპროექტის მიღების დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა წლის დასაწყისშიც დაბლოკა.
ინფორმაცია, რომ სენატორი მალინი წინააღმდეგობას უწევდა “MEGOBARI აქტის“ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩართვას, აგვისტოს ბოლოს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ვაშინგტონში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ.
NDAA-ში “MEGOBARI აქტის“ გათვალისწინებული დებულებების ჩართვა იქნებოდა მოკლე გზა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის გარკვეული დაბრკოლებების შესაქმნელად.
მცირე ხნით ადრე მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა, თუმცა ეს არ ნიშნავს კანონპროექტის ჩავარდნას – საუბარია განხილვის გარეშე მიღებაზე.
მარკვეინ მალინის შეცვლილი პოზიცია
გამოცემის თანახმად, ოკლაჰომელი სენატორის, მარკვეინ მალინის პოზიცია “უცნაურია“, რამდენადაც რადიკალურად განსხვავდება ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობაზე მის მიერ დაკავებული პოზიციებისგან.
როგორც The Hill წერს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი სენატორი რანდ პოლი ასევე ეწინააღმდეგება კანონპროექტს, მალინის წინააღმდეგობა გამორჩეულია.
“ამ კანონმდებლობას მხარს უჭერს ბევრი ადამიანი. ის გასულ წელს NDAA-ში თითქმის შეტანილი იყო. ის ფაქტი, რომ ერთ სენატორს შეეძლო ამის ჩაშლა, დიდ იმედგაცრუებას იწვევს“, – განაცხადა გამოცემის ანონიმურმა წყარომ.
2020 წელს მალინი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებდა “ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებთან და მტრებთან“ დაახლოების გამო და ამტკიცებდა, ეს ამერიკული კომპანიებისთვის ქვეყანაში საქმიანობას ართულებს და საშიშს ხდის.
The Hill-თან მოკლე ინტერვიუში მალინმა “MEGOBARI აქტის“ წინააღმდეგობის ერთ-ერთ მიზეზად პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან “უკეთესი ურთიერთობა“ დაასახელა.
“მესმის, რის მიღწევას ცდილობენ ისინი [“ქართული ოცნება“]. ასევე მესმის პირდაპირი გავლენა, რაც რუსეთს აქვს და რომელიც, ვფიქრობ, მთავრობის შიგნით ვითარებას ურევს.
ამიტომ, მსურს, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს, სანამ სანქციებს დავაწესებთ. მსურს, მათთან ვიმუშაო, რათა ვნახო, როგორ შეუძლიათ მათ ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვება და რუსეთის ზედმეტად ძლიერი გავლენისგან თავის დაღწევა.“ – განაცხადა სენატორმა.
ამავე გამოცემაში, 2020 წლის 1 ივლისს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში მარკვეინ მალინი “ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ასე აღწერდა:
“საქართველოს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის სკოლა გამოვლილი ოლიგარქი, რომელმაც მილიარდები იშოვა საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ მიტოვებული რუსული ინდუსტრიების კორუფციულ ციებ-ცხელებაში.
ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, რომელიც მიზანმიმართულად მუშაობს, რათა გააძევოს საქართველოში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესი, როგორიცაა, მაგალითად – “ფრონტერა.”
საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა თავად “ფრონტერაც“, თუმცა ბოლო წლებში ეს კრიტიკა აღარ ისმის.
რა შუაშია “ფრონტერა”?
“ფრონტერა რისორსიზ“, 1997 წლიდან, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან ფლობდა კახეთში XII სალიცენზიო ბლოკს, სადაც ნავთობის ძებნა-ძიების სამუშაოებს აწარმოებდა.
ფირმამ 2012-16 წლებში რამდენჯერმე გააკეთა ხმამაღალი განცხადებები კახეთში დიდი რაოდენობით არსებულ ნავთობრესურსებზე, რასაც მთავრობა ეჭვის თვალით უყურებდა.
კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება დღის შუქზე 2017 წლიდან გამოვიდა – როდესაც ნავთობისა და გაზის კორპორაციამ “ფრონტერას“ არბიტრაჟში უჩივლა.
არბიტრაჟის დეტალები და შედეგი გასაიდუმლოებულია. თუმცა 2020 წელს მთავრობა აცხადებდა, რომ არბიტრაჟმა დაადგინა კომპანიის მიერ ხელშეკრულების არსებითი დარღვევა – რაც მთავრობას აძლევდა უფლებას, კონტრაქტი შეეწყვიტა. თუმცა, გამოცხადებული ინტერესის მიუხედავად, რომ კონტრაქტი შეწყვეტილიყო, მთავრობამ კონტრაქტი არ გაწყვიტა.
ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გადაწყვეტილება “სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით“ ახსნა.
“რადიო თავისუფლებამ” გაარკვია, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისათვის გადასახდელი აქვს 15.4 მილიონი ლარი – ამ თანხას სახელმწიფო კორპორაცია “ამოუღებლად“ მიიჩნევს.
როგორც Hill-ი წერს, სენატორმა თქვა, რომ “ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან გავლენა არ მოუხდენია “MEGOBARI აქტის“ წინააღმდეგ მის პოზიციაზე.
“არ აქვს მნიშვნელობა, რა კომპანია იქნება. თუკი იქ [საქართველოში] ინვესტიციები გვექნება, მათ [ხელისუფლებამ] უნდა იზრუნონ, რომ.. ამერიკული ინვესტიციები დაცულია და ისე განახორციელებენ პროექტს, რომ არავინ დაემუქროს და ქონება არავინ ჩამოართვას. მგონი, ეს მიღწეულია. მაგრამ გარკვეული შიდასამთავრობო პოლიტიკა სარისკოა. ესე იგი, რთული არეალია“, – განაცხადა მალინმა.
The Hill-ის ცნობით, “ფრონტერას” დამფუძნებელმა, სტივ ნიკანდროსმა, 2020 წლიდან დღემდე, მალინის საარჩევნო კამპანიებს 6000 დოლარამდე შესწირა.
ოკლაჰომელი სენატორი ამჟამად ამბობს, რომ ბოლოს ქვეყანას 2021 წელს ეწვია და კვლავ გეგმავს ვიზიტს გეგმავს. კითხვაზე, შეეძლო თუ არა ეთქვა როდის, მან უპასუხა: “არა, ეს თქვენი საქმე არ არის“.
გამოცემა ასევე წერს, რომ მიმართა “ფრონტერას“, თუმცა კომპანიას ჯერ საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია. სენატის საჯარო დოკუმენტების მიხედვით, ‘ფრონტერამ“ 2025 წლის 30 ივნისს ოფიციალურად შეატყობინა სენატს, რომ ლობიზმს წყვეტდა – შესაბამისად, რეგისტრაციაც გააუქმა.
რას ამბობენ სენატში
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიმართ მალინის ოპტიმიზმი კონგრესის წარმომადგენლებს შორის გაუგებრობას იწვევს.
“ის, რომ სენატორი საქართველოში პრო-ჩინური მთავრობის დასაცავად აქამდე მიდის, ნამდვილად გაუგებარია. ეს არის რეჟიმი, რომელიც ჩინეთსა და ირანს მუდმივად იცავს და დღეს პრეზიდენტს ტრამპსაც კი მიაყენა შეურაცხყოფა“, – განაცხადა The Hill-თან ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის თანაშემწემ.
სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) გამოცემა The Hill-ს განუცხადა, რომ “MEGOBARI აქტი“, NDAA-ის შესაძლოა შესწორების სახით დაემატოს.
ასევე, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) აღნიშნა, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და სენატში მის მისაღებად რესპუბლიკელებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.
“კვლავ არსებობს ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა “MEGOBARI აქტისადმი“ საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური სიტუაციის საპასუხოდ და შეთანხმება, რომ ისინი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიის, ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ჩვენი მრავალწლიანი ორმხრივი ურთიერთობის ხელყოფაზე, პასუხი უნდა აგონ.“ – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
წინაისტორია
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები MEGOBARI Act-ის მიღების შემდეგ პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და ოცნების პროპაგანდისტები მოხვდნენ.
დოკუმენტში მითითებულია, რომ “ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაში.”