ოცნების პარლამენტში მედიის შემზღუდველი ცვლილებები დაინიციირდა, რომლითაც მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება ეკრძალება
გაზიარება
გაზიარება
მედიის შემზღუდველი ცვლილებები
“ქართული ოცნების” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შემზღუდველი ცვლილებები დაინიციირდა, რომლებიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის და რომლითაც მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება ეკრძალება.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღების (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) აკრძალვა იგეგმება.
ასევე, “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 65-ე მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
ცვლილების თანახმად, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა განიმარტება როგორც:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“.
შესაბამისი ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში “ქართული ოცნებისა“ და ფსევდოოპოზიციური “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.