რა ტიპის მედიას შეეხება ცვლილებები მედიის კანონში - ორი საპირისპირო განმარტება
მედიის კანონში ცვლილებები
17 მარტს “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ცვლილებები “მედიის კანონში”, ე.წ. ბრიტანული მოდელი, ონლაინმედიაზეც გავრცელდებოდა. მან თქვა, რომ კანონს დაემატებოდა ჩანაწერი ონლაინ მედიის რეგულირებისთვის.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იმავე დღეს, დღის ბოლოს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „მედიის კანონი“ ე.წ. ბრიტანული მოდელი, რომლითაც „ოცნება” მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას გეგმავს, ასევე გავრცელდება მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე, მაგრამ, ის არ შეეხება ონლაინმედიას.
რა თქვა გორდულაძემ
არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ ონლაინმედიებში არ იგულისხმება ფიზიკური პირი, არამედ ის ორგანიზაციები რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურირებული ფორმა.
“მაუწყებლებს იმავდროულად აქვთ საიტი, აქვთ სოციალური ქსელი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, თუ მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად ავრცელებს, პირს რეაგირება და უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ინფორმაცია ტელეეთერის საშუალებით არის გავრცელებული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია სოციალური ქსელით და თუნდაც ვებგვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლებელი იქნება.
ამიტომ, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება.
აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურირებული ფორმა.
[…] ინტერნეტმედიამომსახურების მიმწოდებლის“ პასუხისმგებლობა იქნება პირველ შემთხვევაში გაფრთხილება, გაფრთხილების მიუხედავად დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კომუნიკაციების კომისიამ გამოიყენოს ჯარიმები, ბრუნვის 0.5%, 1%, 3%-ის ოდენობით. ამავდროულად, შესაძლებელია, შესაბამისი ინტერნეტდომეინის ან ინტერნეტჰოსტინგის ფუნქციონირების შეწყვეტაც”, – განმარტა გორდულაძემ.რა დააზუსტა მდინარაძემ
გორდულაძის ბუნდოვანი ნათქვამი დღის ბოლოს მამუკა მდინარაძემ დააზუსტა.
მან თქვა, რომ საკითხები თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის. ანუ, თუ აქამდე კონკრეტულ მედიასაშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება და საშუალება, ახლა ეს ფუნქცია გადაეცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განსხვავება მხოლოდ ეს არის.
მან ასევე ახსნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება: გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებულ იყო თავად ჟურნალისტების მიერ და ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა აწერდა ხელს, ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზეც.
დღეს აქტუალური იყო მედიაში საკითხი – გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად – არა ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
24 თებერვალს საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაინიცირდა.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღების (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) აკრძალვა იგეგმება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ 24 თებერვალს დაინიცირებული მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ სამი კანონპროექტი საგანგაშოა და მიმართულია მედიის წინააღმდეგ.
ორგანიზაციის შეფასებით, პირველი და მეორე კანონპროექტები მიმართულია მედიის, გაერთიანების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ, მესამე კანონპროექტი კი – თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების წინააღმდეგ.
SJC-ში ამბობენ, რომ მაუწყებელთა სანქცირება გამოყენებული იქნება ქვეყანაში მოქმედი კრიტიკული მედია საშუალებების ხმის ჩახშობისა და რეპრესიის მიზნით.