მე-19 საუკუნის აფხაზეთის მმართველის საფლავს არქეოლოგები და სამხედროები ეძებენ
ქელეშბეი ჩაჩბა, აფხაზეთის მმართველის საფლავის ძებნა
აფხაზეთში, აფხაზეთის სუვერენული მთავრის, ქელეშბეი ჩაჩბას სამარხის ძებნა განახლდა. სამარხის ძებნაში არქეოლოგებს სამხედროები ეხმარებიან.
ქელეშბეი ჩაჩბას ნეშტი 1808 წელს სოხუმის ციხის ტერიტორიაზეა დაკრძალული და აფხაზი არქეოლოგები მას წელიწადზე მეტია ეძებენ. საბჭოთა პერიოდში, 1930-იან წლებში, საფლავი ააფეთქეს. ქელეშბეის ზუსტი სამარხის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

ქელეშბეი ჩაჩბა თითქმის 30 წელი მართავდა აფხაზეთს. ის ოსტატურად ლავირებდა ორი კონკურენტი იმპერიის – ოსმალეთისა და რუსეთის ინტერესებს შორის. მისი იდუმალი სიკვდილი დღემდე კამათის საგანია ისტორიის მკვლევარებში.
ამ დროს აფხაზეთი ოსმალეთის პროტექტორატის ქვეშ იყო. ქელეშბეი ჩაჩბა ბავშვობაში მძევლად-გარანტად სტამბულში გაგზავნეს, სადაც ისლამი მიიღო 1770-იან წლებში ის უკვე სრულწლოვანი დაბრუნდა აფხაზეთში და გახდა სრულფასოვანი თავადი მას შემდეგ, რაც თურქეთის არმიის მხარდაჭერით ბიძა, ზურაბ შერვაშიძე ტახტიდან ჩამოაგდო.
წლების შემდეგ ჩაჩბამ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალა და ახალ მოკავშირედ რუსეთი აირჩია. 1806 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, რის შემდეგაც ქელეშბეი ჩაჩბამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა სტამბოლისგან და დაიკავა რუსეთის მხარე.
იმ შთამბეჭდავმა არმიამ, რომელიც მან შეკრიბა – ისტორიკოსების აზრით, არანაკლებ 20 ათასი ჯარისკაცი – მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ომში რუსეთის საბოლოო გამარჯვებაში.
მაგრამ 1808 წლის 2 მაისს პრინცი ქელეშბეი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოწამლეს.
ვინ და რატომ გააკეთა ეს, დღემდე საიდუმლო რჩება. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ჩაჩბას მკვლელად ითვლებოდა მისი უფროსი ვაჟი ასლანბეი, რომელიც ორიენტირებული იყო თურქეთზე.
თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა მივიდა დასკვნამდე, რომ სინამდვილეში ქელეშბეის სიკვდილის უკან მისი უმცროსი ვაჟი, საფარბეი იდგა.

ყოველ ზაფხულს აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი ალიკ გაბელია და მისი სტუდენტები ციხესიმაგრის გათხრებით არიან დაკავებულნი. არქეოლოგებს ძალიან სურთ საფლავის პოვნა ამ ზაფხულს, რადგან წელს ქელეშბეის 275 წლისთავი აღინიშნება.
თუმცა, სტუდენტების ძალისხმევა აშკარად არ არის საკმარისი. კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ დახმარებისთვის თავდაცვის მინისტრს, ვლადიმერ ანუას მიმართა.
გათხრებში ახლა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სოხუმის უმაღლესი შეიარაღებული სამეთაურო სკოლის იუნკერები მონაწილეობენ.
ქელეშბეის საფლავი ჯერ არ არის ნაპოვნი. მაგრამ გათხრების დროს აღმოაჩინეს დიდი კალიბრის ქვემეხი, რომელიც დაახლოებით ორასი წლისაა.

ციხის ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია 100-ზე მეტი წვრილკალიბრიანი ქვემეხის ბურთულ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო