მძიმე ღამე ბათუმში. რა მოხდა? მოკლედ
ბათუმის ქუჩებში 11 მარტს საღამოს დაწყებული ვანდალური საპროტესტო აქციის დაშლა სამართალდამცავებმა მხოლოდ დილის 6 საათისთვის შეძლეს.
ასე გამოიყურებოდა ბათუმი დილის 7 საათისთვის:
გამთენიისას სამართალდამცავები ეტაპობრივად იკავებდნენ იმ ტერიტორიას, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები აკონტროლებდნენ.
8 საათზე მეტ ხანს ბათუმის ქუჩებში უმართავი სიტუაცია იყო.
ნახეთ ჯემნიუსის ფოტორეპორტაჟი:
ხელისუფლების განცხადებით, არეულობის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
დაშლის ოპერაციის დროს დაკავებულია 40 დემონსტრანტი.
“ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა და ორგანიზება გაუკეთა ამ ვანდალიზმს, კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი,” – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მოვლენების ეპიცენტრი ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობა და მიმდებარე ქუჩები იყო.
ახლა იქ უკვე მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და ქუჩებს ასუფთავებენ.
მსგავსი ვანდალური აქცია, საქართველოს ისტორია არ ახსოვს – წერდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.
მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს ყველა ცენტრალური ტელევიზია უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. მოქალაქეები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, როგორ ისროდნენ აქციის მონაწილეები ქვებს, აყირავებდნენ და წვავდნენ ავტომობილებს.
აქციის მონაწილეთა შორის, ბევრი ახალგაზრდა იყო. ზოგ მათგანს სახეზე სახელდახელოდ გაკეთებული ნიღბები ეკეთა. ბევრი უნიღბოდ მოქმედებდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საავადმყოფოებში 33 ადამიანი მოხვდა. 15 მათგანი პოლიციელია. მძიმედ დაშავებულები არ არიან. როგორც აჭარის ტელევიზია აცხადებს, დაშავებულთა შორის არიან მათი ჟურნატისტებიც. ძირითადად, ტრავმების მიზეზი ქვებით და ცრემლსადენი გაზით მიყენებული დაზიანებაა. ქვებს, მიტინგის მონაწილეები სამართალდამცავებს ესროდნენ, რომელთაც ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?
პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ ბათუმში აქცია მიმდინარეობს, საღამოს 6 საათისთვის გაჩნდა.
არეულობა მოჰყვა ინციდენტს, რომელიც მოქალაქესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შორის ბათუმის ცენტრში მოხდა – პოლიციელმა არასწორი პარკირებისთვის მოქალაქეს ჯარიმა გამოუწერა. როგორც მოქალაქე ჯიმი ვარშანიძემ განაცხადა, ის ძმის სასაფლაოდან მოდიოდა, მანქანაში მამა ეჯდა, რომელიც შეუძლოდ გახდა და მისთვის აფთიაქში სასწრაფოდ წამალი უნდა შეეძინა. “ეს ყველაფერი პატრულს ავუხსენი, მაგრამ არ მაინტერესებს, მაინც უნდა გამოგიწერო ჯარიმაო,” – ჰყვება ვარშანიძე.
ვარშანიძემ პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაცია შეხლა-შემოხლაში და პოლიციის მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინციდენტში იქვე მყოფი გამვლელები და თვითმხილველებიც ჩაერთნენ, რომლებმაც მამა-შვილის პოლიციისგან დაცვა სცადეს. პოლიციამ ინციდენტის ადგილას 6 ადამიანი დააკავა, მათ შორის ჯიმი ვარშანიძეც.
ამის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით და მოულოდნელად განვითარდა – შემთხევევის ადგილას სწრაფად მოგროვდა ხალხი. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ასევე ითხოვდნენ აჭარის პოლიციის ახლად დანიშნული უფროსის გადადგომას. მათი თქმით, ბოლო პერიოდში პოლიცია უსაფუძვლოდ და განსაკუთრებული სიმკაცრით აჯარიმებს მოქალაქეებს, რაც ახალი უფროსის დავალებით ხდება.
დაკავებულები იმავე ღამეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა ამან ვითარება ვერ განმუხტა – ბათუმის ქუჩები უკვე უმართავმა ადამიანებმა მოიცვა.
არეულობა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა – აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, იქნევდნენ რკინის “დუბინკებს” – დაშლილი ჯებირების ნაწილებს. მათ ამოაყირავეს და დაწვეს პოლიციის მანქანა. იმ ღამეს ბათუმში კიდევ, სავარაუდოდ, 5 ავტომობილი დაწვეს. აქციის მონაწილეებმა მოშალეს შუქნიშანი, აყარეს ქვაფენილი და ტროტუარები, რომ ამ ქვებით წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. დაწვეს რამდენიმე ხე.