მდიდრების ფეხბურთი
როგორც ჩანს, ახალი საფეხბურთო სეზონი ევროპაში სენსაციების გარეშე ჩაივლის. საფეხბურთო გრანდებმა, რომლებმაც თავიანთი ფსონებით საფეხბურთო ბაზარი გაახურეს, ნებისმიერი მოულოდნელობისთვის დაიჭირეს თადარიგი. ზღაპარი, პირობითი სახელით “ლესტერი” – ტოპ ჩემპიონატში სენსაციურად გამარჯვებული გუნდები – უახლოეს პერსპექტივაში ალბათ აღარ განმეორდება. იმარჯვებს ის, ვისაც ფული აქვს – თანამედროვე ფეხბურთის ეს ტენდენცია კორექტირებსაც კი არ ექვემდებარება.
სწორედ ამიტომ გაიზარდა ფასები ასე მკვეთრად. “შალკეში” მოთამაშე ლეროი ზანე 50 მილიონ ევროს ფასად გადავიდა “მანჩესტერ სიტიში”. “ევერტონელი” ჯონ სტოუნსი კი იმავე “მანჩესტერ სიტის” რიგებს 55,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. გონსალო იგუაინის “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” გადასვლა ტურინულ კლუბს 90 მილიონი დაუჯდა. იმავე “იუვენტუსიდან” “მანჩესტერში” კი პოლ პოგბა გადავიდა, რომელშიც ინგლისურმა კლუბმა 105 მილიონი გადაიხადა.
“ბაიერნის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა გასული ზაფხულის სატრანსფერო კამპანია მიმოიხილა და დაასკვნა, რომ “ფეხბურთი გაგიჟებულია და მან სული დაკარგა”. ჰაინკესი ნამდვილად არ არის შორს სიმართლისგან. თუ შეუზღუდავი ფინანსური რესურსები გაქვს, ფეხბურთელების გამოზრდა და გუნდის აგურ-აგურ აწყობა აღარ გჭირდება. მხოლოდ ფულის დახარჯვაა საჭირო, რომ ოცნების გუნდი შექმნა – თერთმეტი საუკეთესო ფეხბურთელი გამოიყვანო მოედანზე და რამდენიმე ვარსკვლავი დასვა რეზერვში; მეტიც – შეგიძლია თან, სხვებსაც არ მისცე განვითარების საშუალება – და მესამე გუნდიც ასეთივე, პირველი კლასის ფეხბურთელებით დააკომპლექტო.
როგორც ჩანს, საფეხბურთო სამყარო საბოლოოდ დაიყო მდიდრებად და ღარიბებად. ისეთ კლუბები, როგორიცაა, მაგალითად, ამსტერდამის “აიაქსი”, განწირულები არიან იმისთვის, რომ მხოლოდ “ფეხბურთის სანაშენედ” დარჩნენ. გადარჩენისთვის, ამ კლუბებს თავიანთი საბავშვო საფეხბურთო სკოლების განვითარება და ახალგაზრდა ფეხბურთელების გასაყიდად მომზადება უწევთ. სხვა კლუბებს, მაგალითად, პორტუგალიურ “პორტუსა” და “ბენფიკას” მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ “აიაქსის” მსგავსი კლუბებიდან იაფად იყიდონ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდები და საკუთარ შემადგენლობებში ათამაშონ იმ მომენტამდე, ვიდრე ამ ფეხბურთელების ფასი მაქსიმუმს მიუახლოვდება. მესამე ტიპის გუნდები (“მანჩესტერ იუნაიტიდი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი” “პარი სენ-ჟერმენი”, “ბაიერნი”) კი ფასზე ვაჭრობას არ დაიწყებენ და იყიდიან ყველას, ვისაც ბურთის კარგად კენწვლა შეუძლია. ისინი ფეხბურთელებს ან უშუალოდ ამსტერდამული “ფეხბურთელსაშენიდან“ ყიდულობენ, ან პორტუგალიელი შუამავლების საშუალებით იძენენ. დიდი განსხვავება არ არის, რომელ გზას აირჩევენ – მთავარია, იყიდონ.
თამაშის ეს წესები იურიდიულად გაფორმების ფინალურ სტადიაზეა. მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ტურნირი განსხვავებული ფორმატით წარიმართება. ახალი წესების მიხედვით, უეფას სარეიტინგო ცხრილის პირველი ოთხი ჩემპიონატიდან ოთხ-ოთხი კლუბი სატურნირო ბადეში, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე, პირდაპირი წესით მოხვდება; ანუ – ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა ზუსტად ნახევარი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ, ზემოაღნიშნულის გარდა, ჯგუფურ ეტაპზე ეუეფას რეიტინგში მეხუთე-მეექვსე ადგილებზე მყოფი ჩემპიონატების ორ-ორი კლუბიც ავტომატურად გადის, გამოდის, რომ ყველაზე პრესტიჟულ და ფინანსურად მოგებიან ტურნირზე მოსახვედრად მთელ დანარჩენ ევროპას მხოლოდ 12 ვაკანსია რჩება. ამასთან, იმ გუნდებს, რომლებიც ამ 12 ადგილს დაიკავებენ, თავიდანვე ჩვეულებრივი სტატისტების როლი ერგებათ. უაღრესად დაძაბული და რთულად გადასალახი შესარჩევი ეტაპის წარმატებით დასრულება და უმაღლესი მიზნის მიღწევა – ჩემპიონთა ლიგის მოგება იმთავითვე აუსრულებელ ოცნებად რჩება არამხოლოდ რუმინული და სერბული კლუბებისთვის, არამედ ნიდერლანდების მსგავსი მდიდარი ქვეყნის საფეხბურთო გუნდებისთვისაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გამოჩნდება მავანი არაბი შეიხი, რომელიც, პირობითად, ბუქარესტის “სტიაუას” შეიძენს, და გადაწყვეტს, რომ არ იძუნწოს და მიზნად გუნდის მიერ 30 წლის წინათ მიღწეული წარმატების (მაშინ “სტიაუამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო) გამეორება დაისახოს, მაინც არაფერი გამოვა, რადგან ამ სივრცეს, უკვე რამდენიმე წელია, რაც ჯერ კიდევ მიშელ პლატინის პრეზიდენტობის დროს მიღებული “ფეირპლეის” პრინციპი ზღუდავს. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, კლუბებს ნაშოვნ ფულზე მეტის ხარჯვა არ შეუძლიათ. მაყურებელთა და რეკლამის დამკვეთთა განსაკუთრებული ინტერესის არმქონე, არაპრესტიჟულ ჩემპიონატში ასპარეზობით კი უბრალოდ შეუძლებელია დიდი ფულის შოვნა, რადგან რეკლამის სიმცირე ჩემპიონატის ტელეტრანსლაციის ფასსაც ამცირებს. საფეხბურთო რეპორტაჟები კი თანამედროვე ფეხბურთის შემოსავლების ძირითადი წყაროა.
იმის გასააზრებლად, თუ რამხელა სხვაობაა ტელეტრანსლაციის უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავლებს შორის და, შესაბამისად, რა შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ ჩემპიონატის კლუბებს, საკმარისი იქნება იმის თქმა, რომ ინგლისურ პრემიერლიგას ამ მხრივ 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტი აქვს, ჰოლანდიის ჩემპიონატი კი ამ გზით მხოლოდ 100 მილიონს იღებს. რუსეთისა და რუმინეთის ჩემპიონატების შემთხვევაში, ამ გზით მიღებული შემოსავლები ერთმანეთის ტოლია და თითოეული ეს მაჩვენებელი 27 მილიონს შეადგენს. ბულგარეთის ეროვნული ჩემპიონატი ტელეტრანსლაცის უფლების გაყიდვით მხოლოდ 4,5 მილიონს იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ღია ტექსტით ეს არავის უთქვამს, მაინც ცხადია, რომ “არაგრანდებს”, ისევე როგორც დიდი და სახელოვანი ისტორიის მქონე, მაგრამ მეორეხარისხოვან ჩემპიონატებში მოასპარეზე კლუბებს, მთავარი ევროპული ტურნირის მოგება აღარ გამოუვათ.
ისე კი, წესების მიუხედავად, ადრინდელივით ბურთი ახლაც მრგვალია. ამიტომ, ნებისმიერმა “ლესტერმა”თუ “როსტოვმა”, შესაძლოა, დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწიოს, მაგრამ იმას მაინც შეძლებს, რომ გრანდებს ზოგჯერ მაინც გაუმწაროს ცხოვრება.
“ერთი შეხედეთ ამ გადახურებულ სატრანსფერო ბაზარს. ფეხბურთი გაგიჟდა და სული დაკარგა. ამჟამად ჩვენ საქმე გვაქვს ბიზნესთან, რომელიც ყველაფრის სწრაფად, სწრაფად, სწრაფად გაკეთებას მოითხოვს. დღეს აღარავის აქვს მოთმინება.
მეორე მხრივ კი, ყოფით ცხოვრებაშიც ისეა ყველაფერი მოწყობილი, როგორც ფეხბურთში. თუკი ამა თუ იმ მიზეზით გაცემულს უკან ვერ იღებენ, საპასუხო რეაქცია არ აყოვნებს, და ეს საშიშია,” – განაცხადა ჰაინკესმა.
გამოქვეყნებულია: 6.08.2016