მარნეულში კორონავირუსზე მოსახლეობის შემოწმება დაიწყო
ექიმებმა პირველ ეტაპზე ის ადამიანები გადაამოწმეს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალთან ჰქონდათ კონტაქტი.
მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა დაბალი სიცხე. ის თვითიზოლაციაშია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
გარდა ამისა, საკარანტინო უბნებზე დეზინფექცია ტარდება.
ორივე მუნიციპალიტეტში გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. გახსნილია 12 საკონტროლო გამშვები პუნქტი.
კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზებიც, სადაც მობილური საგუშაგოებია მოწყობილი.
ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. მათ კარანტინის ზონაში იმ პირობით უშვებენ, რომ იქედან 2 კვირის განმავლობაში ვეღარ გამოვლენ.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
სპეციალურ გამშვებ პუნქტებს პოლიციელებთან ერთად და სამხედროებიც აკონტროლებენ.
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების მიზეზი კორონავირუსის შიდა გავრცელება გახდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიებაზე, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
ცნობილია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალი ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. სავარაუდოდ, მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საავადმყოფოშია მისი დაც, რომელსაც ვირუსი არ აღმოაჩნდა.
24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.
67 ინფიცირებული ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.