"ბრიუსელის კრიტიკა შინაარსს მოკლებულია“ - როგორ ხედავს მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დაძაბულ ურთიერთობებს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობებზე
“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის კრიტიკა “შინაარსისგან დაცლილად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია თავად აზიანებს ურთიერთობებს თბილისთან. მისივე თქმით, საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთისთვის სტრატეგიულად აუცილებელია, თუმცა დღეს თანამშრომლობა პოლიტიკურ უნდობლობასა და განსხვავებულ ხედვებშია “გაჭედილი”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილმა პროპაგანდისტულ TV იმედზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კიდევ ერთი სიგნალია, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაში შევიდა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირიდან მომდინარე შეფასებები რეალურ შინაარსს მოკლებულია და პოლიტიკური მიკერძოებითაა დატვირთული.
“ოცნების” მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკვე მიჩვეულია კრიტიკას, რომელიც, მისი აზრით, კონსტრუქციულ დიალოგს არ ემსახურება.
“უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიდგომები საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში არაერთხელ იყო უსამართლო და სწორედ ამან შექმნა დღევანდელი დაძაბული ფონი.
მისი შეფასებით, წევრი სახელმწიფოების ნაწილს ეს უკვე გააზრებული აქვს, თუმცა ბრიუსელში არსებული ბიუროკრატიული სისტემა ხელს უშლის ურთიერთობების ნორმალიზებას.
მინისტრის თქმით, ევროკავშირში არსებობენ სტრუქტურები და პირები, რომელთა ამოცანა რეგიონთან თანამშრომლობაა, მაგრამ ისინი, მისი შეფასებით, განცხადებებითა და ქმედებებით პირიქით- აზიანებენ ამ ურთიერთობებს.
ურთიერთსაჭიროება თუ პოლიტიკური დისტანცია
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირს სჭირდება ისევე, როგორც ევროკავშირს სჭირდება საქართველო.
მისი არგუმენტით, საუბარია არა მხოლოდ ღირებულებებზე, არამედ უსაფრთხოებასა და ინტერესებზე, სადაც საქართველოს როლი რეგიონულ სტაბილურობაში მნიშვნელოვანია.
მინისტრი ამტკიცებს, რომ ურთიერთობა უნდა დაეფუძნოს პრაგმატულ თანამშრომლობას და არა მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებს.
“განვითარება შიგნიდან“ – მთავრობის მესიჯი
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ამოცანაა საკუთარ განვითარებაზე კონცენტრირება – ეკონომიკურ ზრდაზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე ქვეყნის შიგნით.
მინისტრის თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ის პირობები საქართველოში, რასაც ისინი ევროპაში ხედავენ, რათა ქვეყანა გახდეს უფრო მიმზიდველი პარტნიორი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
ტრანზიტი და გეოპოლიტიკა: საქართველოს არგუმენტი
“ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე.
მისი თქმით, როდესაც ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, საქართველოს უგულებელყოფა “არასერიოზულია“, რადგან შავი ზღვის რეგიონში ქვეყანა სტრატეგიულ რგოლს წარმოადგენს.
ბოჭორიშვილის შეფასებით, რუკაზე დანახვაც საკმარისია იმის გასაგებად, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო ევროკავშირისთვის – ენერგეტიკული მარშრუტების, ლოგისტიკისა და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით.
“ჩვენი მოლოდინია, ამ გლობალური ცვლილებების თუ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პირობებში, ევროკავშირისთვის და ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთან ურთიერთობები, ჩვენს რეგიონთან ურთიერთობები და ბევრად უფრო პრაგმატული მიდგომით მოუწევს ევროკავშირს, რომ შეხედოს ამ ურთიერთობებს და გადახედოს ერთგვარად.” – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კონტექსტი
ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი და საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე დარჩა.
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, მარტა კოსის განცხადებით, გაერთიანების წევრობის კანდიდატების ისტორიაში საქართველოს ყველაზე ცუდი ანგარიშის დასკვნა ჰქონდა.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მთავრობა შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ზეწოლას და ასევე შეწყვეტს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებას.