საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი ГРУ-ს გენერლის შვილია
გაზიარება
გაზიარება
მაკა ასათიანის ოჯახი
საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის, გენერალ ვლადიმირ ალექსეევის შვილია – ამის შესახებ გამოცემა агентство წერს Проект-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსულმა ნავთობკომპანია “რუსნეფტმა” ამ თვეში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელს პირველი ტვირთი მიაწოდა. “რუსნეფტმა” Reuters-სთან კომენტარი არ გააკეთა.
სააგენტოს განმარტებით, რუსეთი ცდილობს ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც დასავლეთის მიერ უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანას ამჟამად ყოველწლიურად 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება უნდა შეეძლოს. იგეგმება ამ შესაძლებლობის 4 მილიონ ტონამდე გაზრდა. პროექტი “ბლექ სი პეტროლიუმს” ეკუთვნის. ქარხნის მშენებლობა დააფინანსა სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა – “საქართველოს განვითარების ფონდმა.” ასევე დამფინანსებლები იყვნენ ბანკი “ქართუ”, “ბაზისბანკი” და “ხალიკბანკი.”
სააგენტო აღნიშნავს, რომ ნავთობის ბიზნესით აქამდე დაკავებული იყო მაკა ასათიანის შვილი, კახი ჟორდანია, რომელსაც 2016-2023 წლებში ეკუთვნოდა რუსული ნავთობით მოვაჭრე კომპაია, Oil Energy Group-ი, რომლის წლიური შემოსავალი 17.5 მილიარდ რუბლს უტოლდებოდა.
2018 წლიდან ჟორდანიას საკუთრებაშია რუსული კომპანია СДО-Логистик–ის 25%. ეს კომპანია ნავთობპროდუქტების ავტომობილებით გადაზიდვითაა დაკავებული. 2024 წელს კომპანიის მოგება 838 მილიონი რუბლი იყო, ზარალი 55 მილიონი. მისი პარტნიორი და СДО-Логистик-ის მთავარი მეწილე (51%) არის სერგეი ალექსეევი. Проект-ის გამოძიების მიხედვით, სერგეი არის ГРУ-ს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ ალექსეევის შვილი.
სერგეი ალექსეევი, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვამდე, კომპანია “რუსნტეფტში” მუშაობდა. სწორედ ამ კომპანიამ მიაწოდა ნედლი ნავთობი საქართველოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელს. 2024 წლის თებერვალში ალექსეევის შვილის ბიზნესინტერესები პირდაპირ გადაიკვეთა მამამისის საქმიანობასთან, რომელიც სირიაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ნაწილებს ხელმძღვანელობდა.
ვლადიმირ ალექსეევის ფიგურა ფართო წრეებისთვის ცნობილი ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული მარშის დროს გახდა. აჯანყებიდან რამდენიმე საათში ალექსეევმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც “ვაგნერის”მებრძოლებს ეუბნებოდა, რომ მათი მოქმედებები ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დანის ჩაცემის ტოლფასია.
უკვე დილის საათებში ალექსეევის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, იუნუს-ბეკ ევკუროვთან ერთად “ვაგნერის” მიერ როსტოვში დაკავებული სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის შენობის ეზოში გამოჩნდა. ცნობილ ვიდეოში ალექსეევი და ევკუროვი შტაბის ეზოში მდებარე ფანჩატურში ევგენი პრიგოჟინს ეკამათებიან.
агентство-ს მიხედვით,2024 წლის თებერვალში ვლადიმირ ალექსეევის შვილმა, სერგეი ალექსეევმა სირიის მოქალაქე მოჰამად ჯაბერთან ერთად დააფუძნა მცირე კომპანია См-Агро, რომელიც როსტოვის ოლქში მეხილეობით არის დაკავებული. სირიაში ჯაბერი ცნობილია როგორც კონტრაბანდისტი და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ჯგუფის, “უდაბნოს შევარდნების” ლიდერი.
ეს ჯგუფი იცავდა ნავთობობიექტებს და შეიარაღებას, ხოლო სამხედრო ტექნიკას რუსეთისგან იღებდა. თავად ჯაბერი ადამიანის მოკვეთილი თავითაც პოზირებდა, რისი ამსახველი ფოტოც არსებობს. მან 2014 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.