ლორა თორნტონი: რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელიც ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს "სიკვდილი ამერიკას“?
ლორა თორნტონის ინტერვიუ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტისას საქართველოს გამოტოვება უბრალო დიპლომატიური დეტალი არ არის – ეს გზავნილია, რომ ვაშინგტონში “ქართული ოცნების“ ხელისუფლება იზოლირებულ და პოლიტიკურად არარელევანტურ პარტნიორად აღიქმება. ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის ლიდერებს არ აქვთ საფუძველი შეხვდნენ მთავრობას, რომელმაც დასავლელი დიპლომატები შეურაცხყო, მათ “მეორე ფრონტის“ გახსნაში დასდო ბრალი და დაახლოებულია ძალებთან, რომლებიც სკანდირებენ “სიკვდილი ამერიკას“.
თორნტონის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაცია ლოგიკური შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც “ქართული ოცნება“ წლებია ატარებს. მისი თქმით, უცნაური იქნებოდა მმართველ გუნდს ეს გაკვირვებოდა, რადგან ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა გარდა აშშ-ისა და ტრადიციული მოკავშირეების დისკრედიტაციისა, პარალელურად კი დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგეებთან დაახლოებისა.
ამასთან, თორნტონი ხაზგასმით ამბობს, რომ იზოლაცია არ ეხება ქართველ ხალხს. მისი განმარტებით, დასავლეთში ბევრი აგრძელებს ბრძოლას ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლება პარტნიორად აღარ აღიქმება.

ექსპერტის შეფასებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების “გადატვირთვა“ არსებული მმართველობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. თორნტონი ამბობს, რომ ეს მხოლოდ რადიკალური რეფორმების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი: ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით; პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დემოკრატიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისგება და ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება.
ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ისთვის არც კრიტიკული სავაჭრო პარტნიორია და არც აუცილებელი რესურსების წყარო. მართალია, ვაშინგტონი ურთიერთობს ავტორიტარულ რეჟიმებთან სტრატეგიული ან უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ თორნტონის თქმით, გაუგებარია, რა მსგავსი მოტივაცია შეიძლება არსებობდეს საქართველოს შემთხვევაში.
კონგრესში განხილული „MEGOBARI აქტის“ შესახებ საუბრისას თორნტონი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ლობირება ძირითადად ფინანსური ინტერესებით არის განპირობებული. მისი თქმით, ორპარტიული კონსენსუსი იმაზე, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიული და სანდო მოკავშირე, არ შეცვლილა, თუმცა ზოგჯერ რამდენიმე კონგრესმენიც საკმარისია კანონპროექტის შესაფერხებლად.
თორნტონის შეფასებით, არც “MEGOBARI აქტის“ მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ “ქართული ოცნება“ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მოდელია. მისი თქმით, კონგრესის განახლების პროცესთან ერთად რჩება შანსი, რომ სანქციების მექანიზმებით რეჟიმზე ზეწოლა გაძლიერდეს, რადგან უმრავლესობა მხარს უჭერს ქართველ დემოკრატიას და არა მოქმედ ხელისუფლებას.
ჰელსინკის კომისიაზე დაგეგმილი გამოსვლისას თორნტონი გეგმავს ისაუბროს იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ დემოკრატიული პროექტი თავიდანვე შეიცავდა ფუნდამენტურ წინააღმდეგობას. მისი თქმით, პარტიის ლიდერი და მთავარი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომელსაც არ გააჩნია ერთგულება არც ლიბერალური დემოკრატიის და არც დასავლური ღირებულებების მიმართ.
თორნტონი განმარტავს, რომ ლიბერალური დემოკრატიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება მზად უნდა იყოს არჩევნებში მარცხისთვის, რაც ივანიშვილისთვის და მისი პოლიტიკური გარემოცვისთვის მიუღებელია. სწორედ აქედან იწყება სისტემური უკუსვლა: არალიბერალური პოლიტიკა, გაუმჭვირვალობა, უსაფრთხოების სამსახურების გავლენა, სასამართლო რეფორმის ჩავარდნა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ შეტევა.
მისი თქმით, ეს პროცესი მოიცავდა “გავრილოვის ღამეს“, “უცხოური აგენტების კანონს“, დეზინფორმაციულ კამპანიებს, დაშინებას, პრობლემურ არჩევნებს, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკას, მათ შორის სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას.
თორნტონი ასევე მიუთითებს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე. მისი თქმით, დღეს “ქართული ოცნების“ უახლოეს პარტნიორებად აღიქმებიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოები “ჰამასთან“ კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს გეოპოლიტიკურ დაშორებას დასავლეთისგან.
საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას თორნტონი ამბობს, რომ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დადუმება ხშირად ავტორიტარული რეჟიმის საბოლოო ფაზაა. მისი შეფასებით, ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი დემოკრატიის ბოლო ბასტიონებია – და მათ სწორედ მათი გაქრობა სჭირდებათ.
“ბოლო ბასტიონების დახურვა და განსხვავებული აზრისთვის სივრცის მოშლა ხშირად უკანასკნელი ლურსმანია ავტოკრატიის კუბოზე“, – ამბობს ის და ამატებს, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ წლების განმავლობაში მოიპოვა.
თორნტონის თქმით, მისი პოზიცია გამონაკლისი არ არის. იგი საკუთარ თავს ხედავს იმ ექსპერტთა ჯგუფის ნაწილად, რომელიც ამბობს, რომ პრორუსული კურსის პირობებში საქართველო ავტორიტარიზმში გადადის.
ლორა თორნტონის შეფასებით, როდესაც ხელისუფლება ვერ იცავს საკუთარ პოლიტიკას ფაქტებითა და ლოგიკით, იგი თავს ესხმის კრიტიკოსებს და ცდილობს მათი დისკრედიტაციას – იქნება ეს ევროკავშირი, ეუთო, ამერიკელი დიპლომატები თუ ევროპელი პარლამენტარები. თუმცა, თორნტონის თქმით, შეურაცხყოფა ვერ შეცვლის რეალობას და ვერ გადაფარავს იმ პროცესებს, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.