ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილიც იბრძოლებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
საბეიშვილის თქმით, მან ეს გამოწვევა მიიღო არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” გასაძლიერებლად.
“რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო, მებრძოლი ოპოზიცია პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, ენმ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს და მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა.” – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის ყოფილ კანდიდატს, გიორგი ჩალაძეს შესთავაზა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეიქმნას შტაბი, რომელსაც ჩალაძე უხელმძღვანელებს.
ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, “ნაციონალურ მოძრაობას” გამაერთიანებელი თავმჯდომარე სჭირდება და არა “გამყოფი და დამაპირისპირებელი”. მისივე სიტყვებით, პარტიას “გადახალისება” სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავმჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ენმ-ს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისი სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ, რომელიც 26 სექტემბერს, ნიკა მელიას მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებდა. თუმცა მოგვიანებით გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ ახლა “სრული კონცენტრირება” მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეა საჭირო.
ოპოზიციურ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქი უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის “ერთი ოლიგარქის მეორე ოლიგარქით შეცვლა” მიუღებელია.
პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე არჩევნებში მონაწილეობის მიღების არ აპირებენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.