“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი (2009-2012) მურთაზ ზოდელავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დააკავა. მათი დაპატიმრება ტელეკომპანია “ფორმულასთან“ მოხდა.
ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული, ხოლო მურთაზ ზოდელავა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
ლევან ხაბეიშვილის საქმე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს, კერძოდ: ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას.
გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას, საჯაროდ დაპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.
ლევან ხაბეიშვილმა, ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად.” – აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად, პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავეს.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.
“ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – განაცხადეს სუს-ში.