კვლევის შედეგები: რუსეთზე დამოკიდებულება სომხეთისთვის საფრთხედ იქცა
სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულება უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს
რუსეთზე მრავალმხრივი დამოკიდებულება უკვე საფრთხედ იქცა და სომხეთის თავისუფლებას ზღუდავს — მას შესაძლოა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტადაც იყენებდნენ. ასეთია უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ექსპერტების, არეგ კოჩინიანისა და რობერტ გევონდიანის დასკვნა.
მათი შეფასებით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მუდმივი კომპონენტი ცალმხრივი დამოკიდებულება იყო, თუმცა ამ დამოკიდებულებას როგორც რისკს, ერევანში მხოლოდ ბოლო წლებში აღიქვამენ საფრთხედ. გადამწყვეტი აღმოჩნდა 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდგომი ვითარება — მათ შორის მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების იძულებითი გამოსვლა.
“რუსეთმა ფაქტობრივად უარი თქვა შეესრულებინა როგორც ორმხრივი შეთანხმებით ნაკისრი უსაფრთხოების ვალდებულებები, ისე სამშვიდობო მისია და ყარაბაღში უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, — ნათქვამია კვლევაში.
ავტორები ცალ-ცალკე განიხილავენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს სხვადასხვა მიმართულებით: ეკონომიკურ, საკვებით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ინფორმაციულ, ფიზიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ტერორისტულ და დემოგრაფიულ ჭრილში.
მათივე თქმით, ამ საფრთხეების გადალახვა შესაძლებელია. მაგალითად მოჰყავთ ის პროგრესი, რაც სომხეთმა ბოლო წლებში იარაღის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებით აჩვენა. ეს, ავტორების აზრით, ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულად შესაძლებელია საფრთხეების დაძლევა.
კვლევის ავტორების შეფასებით, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გამოწვევას რუსეთის მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი საფრთხე წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და რუსეთს საერთო საზღვარი არ აქვთ – რაც პირდაპირი შეტევის ალბათობას ამცირებს – ექსპერტები არ გამორიცხავენ ასეთ სცენარს.
“თუ მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ვითარება უკიდურესად არასასურველი ხდება, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა პირდაპირი ძალა გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ერევანში დროებით განთავსებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზა ამოქმედდეს“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ფიზიკური საფრთხეების ჩამონათვალში ასევე მოხვდა:
- სომხეთის საზღვრებზე პროვოკაციების შესაძლებლობა;
- აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შესაძლო ინტერვენცია;
- შიდა არასტაბილურობის წახალისება ე.წ. “მეხუთე კოლონის“ — პრორუსული ოპოზიციის მეშვეობით.
ექსპერტების აზრით, საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სასაზღვრო ძალების ყოფნაც — სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებზე.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ მარგარას გამშვებ პუნქტზეც, რომელიც ამჟამად მხოლოდ სომხეთის სპეციალური სამსახურების კონტროლის ქვეშ იმყოფება. თუმცა აღნიშნული მონაკვეთის გასწვრივ რუსული სასაზღვრო ძალებია განლაგებული. ეს, მათი აზრით, ქმნის იმის რისკს, რომ მომავალში — თუკი სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის პროცესი გაგრძელდება — რუსეთი შესაძლოა გარკვეული პროვოკაციებით შეეცადოს მას ხელი შეუშალოს.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ანკარასა და ერევანს შორის საზღვრის გახსნა არ შეესაბამება რუსეთის გეოპოლიტიკურ და რეგიონულ ინტერესებს — და ეს პოტენციურ საფრთხედ უნდა შეფასდეს.
მთავარი სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე სომხეთის შეიარაღებული ძალების რუსეთზე დამოკიდებულებაა
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევა კვლავ რუსეთზე დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით — შეიარაღებული ძალების დონეზე. ეს, პირველ რიგში, უკავშირდება რუსეთის წარმოების სამხედრო ტექნიკას, რომელსაც ერევანი წლების განმავლობაში აქტიურად ყიდულობდა.
“რუსეთის მხრიდან მიწოდების შეფერხებამ ნებისმიერ დროს შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს სომხეთის არმიის ოპერატიული მოქმედება“, — აღნიშნავენ უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსები.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სომხეთმა დაიწყო იარაღის შესყიდვა ალტერნატიული წყაროებიდან — მათ შორის ინდოეთიდან და საფრანგეთიდან — რუსული წარმოების ტექნიკა მაინც რჩება ძირითადი კომპონენტად. ავტორების თქმით, მოსკოვს კვლავ აქვს ბერკეტები სომხეთზე ზემოქმედებისთვის ტექნიკური მომსახურების, სათადარიგო ნაწილებისა და ლოჯისტიკის გზით.
კვლევაში საფრთხედ სახელდება სომხეთ-რუსეთის ერთობლივი სამხედრო დანაყოფებიც, განსაკუთრებით — ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. დოკუმენტში აღნიშნულია შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა ასეთმა ერთეულმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანება არ შეასრულა იმ მოტივით, რომ შესაბამისი მითითება მოსკოვიდან არ მიუღიათ.
“ამგვარი ინციდენტები სერიოზულად აზიანებს არმიის ბრძოლისუნარიანობას, დაგეგმვისა და ოპერაციების წარმართვის ეფექტიანობას“, — წერენ ავტორები.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. “რბილ ძალას“ — რუსულ ენას და განათლების სისტემას, რომელიც სომხეთის სამხედრო უწყებებში დომინირებს. ანალიტიკოსების თქმით, სომხეთის ოფიცერთა კადრები, ძირითადად, რუსულენოვანია, მრავალი მათგანი რუსეთში გადამზადებულია და ტექნოლოგიური ინფორმაციის ათვისებასაც სწორედ რუსულენოვანი მასალებით ახერხებს.
არსებობს სომხეთის ხელმძღვანელობის ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე
ექსპერტები პირდაპირი თავდასხმის სცენარში განიხილავენ ასევე სომხეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის, შესაძლო მკვლელობას. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ ასეთი რისკის არსებობას, რაზეც მტკიცებულებას წარმოადგენს რუსეთში მომხდარი სხვადასხვა შემთხვევები, მათ შორის: ალექსეი ნავალნის, ევგენი პრიგოჟინის, სერგეი სკრიპალის, ბორის ნემცოვის და სხვა კრიტიკოსების მკვლელობები და მოწამვლები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ამგვარი საფრთხე ასევე იზრდება იმის გამო, რომ სომხეთში პერიოდულად აღმოაჩენენ ხოლმე შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც, როგორც წესი, რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდნენ ტრენინგებს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი რუსეთში, როსტოვში, სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმის ბაზაზე იყო გაწვრთნილი. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ბაზაზე ვარჯიშობდნენ 1998 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განახორციელებული თავდასხმის მონაწილეები.
ნაბიჯები რუსული გავლენის ნეიტრალიზაციისთვის
ანალიტიკოსები სომხეთს სთავაზობენ შემდეგ სტრატეგიებს:
დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სისტემების ეფექტურობის უზრუნველყოფა
ამ პროცესს უნდა დაემატოს უსაფრთხოების სისტემაში სომხეთის სახელმწიფო ხელმძღვანელობის მხარდაჭერის უნარების განვითარება. ასევე, აუცილებელია მიღწეული პროტოკოლების შექმნა “Night watch”–ის სახით.
სომხეთის შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის დაჩქარება
ახალი, თანამედროვე შეიარაღების შეძენის პარალელურად, აუცილებელია პერსონალის ტრენინგი, რომელიც ამ ტექნიკას შეამოწმებს. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გაფართოება.
მეორე ეტაპზე, სასწრაფოდ მოახდინონ მთელი სახელმწიფო საზღვრის კონტროლის გადაცემა სომხეთის საზღვრის დაცვის სამსახურსისთვის
რუსეთის სამხედრო ყოფნის პოტენციური შედეგების ნეიტრალიზაციისთვის აუცილებელია სომხეთის საზღვრის დაცვის სამსახურის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება. აქვე ექსპერტები აშშ-ის დახმარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ეს შეთანხმება გათვალისწინებულია სომხეთსა და აშშ-ს შორის 2025 წლის იანვარში გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
წინადადება: სწრაფად დაიწყოს სომხეთის არმიაში ინგლისური ენის სწავლება
ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა სამხედრო პერსონალს, უნდა შეიქმნას სისტემური ტესტირება ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებლად პოსტებზე დანიშვნისა და დაწინაურებისას.
შეიქმნას სამხედრო ნაწილები, რომლებიც მხოლოდ სომხეთის იურისდიქციით იმოქმედებენ
რუსეთის სამხედრო ფორმირებებთან დამოკიდებულების შემცირების მიზნით, საჭიროა ყველა პროფესიულ მიმართულებაზე ჩამოყალიბდეს ახალი ნაწილები, რომლებიც მთლიანად სომხეთის იურისდიქციაში იქნება.